უცხოეთის პრესის ი მიმოხილვა

მიმდინარე კვირის განმავლობაში დასავლეთის მედიაში მსოფლიოსლიდერთა რამდენიმე პუბლიკაცია დაიბეჭდა. 8 იანვრის „ნიუ იორკ ტაიმსში“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყურადღებას იმ მძიმე შედეგებზე ამახვილებს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალ შეძენას ახლავს, ხოლო 6 იანვრის „პროჯექტ სინდიკატში“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის უპირატესობაზე მსჯელობს.

რაკი ეს უკანასკნელი გლობალური საფრთხეა, ამიტომ მიმოხილვასაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პუბლიკაციის მიმოხილვით დავიწყებთ.

ვალტერ შტაინმაიერის მთავარი პოსტულატი ორ მოსაზრებას ეფუძნება: საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უნდა დაუპირისპირდეს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეს, ოღონდ ამ ბრძოლას არ უნდა შეეწიროს დასავლური ცხოვრების წესი და უარი არ უნდა ეთქვას ღია საზოგადოების იდეას, რაც ტერორისტების წისქვილზე დაასხამს წყალს. „ჩვენი პასუხი, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს პოლიტიკური: მეტი სიფხიზლე გვმართებს შინ და უფრო მეტად ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელობასთან. ჩვენ დასავლეთში მტკიცე პოზიციით უნდა მოვერიოთ სოციალურ იზოლაციას, რაც გაუცხოებას ასაზრდოებს, ეს კი მუსლიმებისა თუ ყველა სხვა კატეგორიის იმიგრანტების ინტეგრაციისათვის ძალისხმევის გაფართოებას გულისხმობს. ამასთან, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოროტება იქ, სადაც ის ჩაისახა - ერაყსა და სირიაში“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და სწორედ ამ საერთო მტრის დამარცხების სურვილით ნაკარნახევ ნაბიჯად მიიჩნევს ბერლინის გადაწყვეტილებას შეერთებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დარაზმულ კოალიციას, მიეწოდებინა იარაღი ქურთების გასამხედროებული „პეშმერგას“ ძალებისათვის და მონაწილეობა მიეღო ვენის მოლაპარაკებებში, სადაც სირიაში მიმდინარე ხუთწლიანი სამოქალაქო ომის მანძილზე პირველად მოხერხდა ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერთა შეკრება და ისეთი საგზაო რუკის შექმნა, რომელმაც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას და გარდამავალი ხელისუფლების ფორმირებისათვის საჭირო პოლიტიკურ პროცესს უნდა ჩაუყაროს საფუძველი.

„მიუხედავად ჩვენს შორის არსებული ყველანაირი გაურკვევლობისა, საგარეო პოლიტიკის შემოქმედებს გვმართებს თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვიკისროთ პასუხისმგებლობა როგორც ჩვენს მოქმედებაზე, ისე უმოქმედობაზე მაშინაც კი, თუ არც ერთი საშუალება არ იძლევა წარმატების გარანტიას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის იმას, რომ ჩვენ გარკვეული გვქონდეს ამ ტვირთის სიმძიმე. ჩვენ ვერ შევძლებთ წინ აღვუდგეთ „ისლამურ სახელმწიფოს“ და ისლამისტი ტერორისტებისაგან მომდინარე საფრთხეს, თუ ჰაერში ვამყოფებთ ასაწევ ხიდს. ჩვენ გვესაჭიროება სიმტკიცე და ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც სიფრთხილით დააკავშირებს ერთმანეთთან სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ ვალდებულებებს“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „პროჯექტ სინდიკატში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

ამავე თემაზე საყურადღებო მოსაზრება გამოაქვეყნა 8 იანვრის „ვაშინგტონ პოსტში“ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ფარიდ ზაქარიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ „ აშშ არ უნდა იყოს მხარე სუნიტებისა და შიიტების ბრძოლაში“.

ავტორი იხსენებს, რომ აშშ ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთს უდგებოდა საკუთარი კონცეპტუალური ჩარჩოებიდან, რომელიც დიქტატურისა და დემოკრატიის, სეკულარიზმისა და რელიგიურობის, წესრიგისა და ქაოსის დაპირისპირებას ეყრდნობოდა. მაგრამ რეგიონის იერსახეს ამჯერად ამისგან განსხვავებული, კიდევ უფრო მძლავრი ტენდენცია - სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირება -განსაზღვრავს. ეს რელიგიური დაპირისპირება მთელი რეგიონალური პოლიტიკის ყველა ასპექტს გამსჭვალავს. იგი ანგრევს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და შემდგომშიც შეზღუდავს ვაშინგტონის თუ სხვა რომელიმე ზესახელმწიფოს შესაძლებლობას დაამყაროს სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში.

ამ კონტექსტში ფარიდ ზაქარიას ნიშანდობლივად ეჩვენება ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა საუდის არაბეთში, რამაც უკიდურესად გაამწვავა ირანისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური ურთიერთობები. ამ ნაბიჯით საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკა, როგორც არასდროს, ისეთი აგრესიული და ერთი რელიგიური იდეოლოგიის გამომხატველი გახდა. ეს სტრატეგია კი შეიცავს როგორც საგარეო, ისე საშინაო რისკებს. ცნობილი ამერიკელი მიმომხილველი შეახსენებს მკითხველებს, რომ საუდის არაბეთის მოსახლეობის 10-15 %-ს შეადგენენ შიიტი მუსლიმები, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში, სამეფოს ნავთობის საბადოებით მდიდარ მიწაზე, ცხოვრობენ. მეზობელი ბაჰრეინი და იემენი სავსეა მტრულად განწყობილი შიიტებით, რომლებიც საუდის არაბეთში რეპრესიულ რეჟიმს ხედავენ. ამ ვითარებაში დროთა განმავლობაში ირანი აუცილებლად გასცემს პასუხს საუდის არაბეთის ქმედებას.

„როგორც ყოველთვის, აშშ უნდა დაეხმაროს საუდის არაბეთს, რომელიც რეგიონში ირანის აგრესიას უპირისპირდება, მაგრამ ვაშინგტონი არ უნდა ჩაერიოს უფრო ფართო რელიგიურ დაპირისპირებაში. ეს სხვების სამოქალაქო ომია. ყველაფერთან ერთად, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომში ვაშინგტონის ძირითადი მოკავშირე შიიტური უმრავლესობით დაკომპლექტებული ერაყის ხელისუფლებაა. ამას გარდა, ცალკე აღებულ ყველაზე დიდ საფრთხედ, რომელიც აშშ-ისათვის ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, რადიკალური სუნიტური ჯიჰადისტები რჩებიან, რომელთა უმრავლესობა შთაგონებას, ფულსა და კონცეპტუალურ დახმარებას საუდის არაბეთიდან ღებულობს“, - წერს ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი ფარიდ ზაქარია 8 იანვრის „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დაბოლოს, მიმოვიხილავთ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პუბლიკაციას, რომელიც 8 იანვრის „ნიუ იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა და რომელშიც იმ მზარდ საფრთხეზეა საუბარი, რასაც ცეცხლსასროლი იარაღის უკონტროლო შეძენა და ტარება უქადის აშშ-ს. პრეზიდენტი ობამა სტატიის დასაწყისში მკითხველს დანაშაულის იმ შემზარავ სტატისტიკაზე აწვდის ინფორმაციას, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებას ახლავს თან. „ყოველწლიურად 30 ათასი ამერიკელი ამთავრებს სიცოცხლეს იარაღის გამოყენების, თვითმკვლელობების, შეიარაღებული ძარცვისა და ძალადობის შედეგად. ასობით ათასმა ამერიკელმა დაკარგა და და ძმა, მიწას მიაბარა საკუთარი შვილი. დედამიწის ზურგზე ჩვენ ერთადერთი განვითარებული სახელმწიფო ვართ, სადაც ძალადობა ასეთი სიხშირით ხდება“, - წერს ბარაკ ობამა და დარწმუნებულია, რომ ეროვნული მასშტაბის კრიზისს ეროვნული მასშტაბის პასუხი და ხანგრძლივი ბრძოლა სჭირდება, როგორც ეს ქალთა საარჩევნო, აფროამერიკელების, ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის შემთხვევაში მოხდა.

„ეს მომენტები საუკეთესოდ წარმოაჩენს ამერიკულ დემოკრატიას და ამერიკელ ხალხს. იარაღის ძალადობით გამოწვეული კრიზისის მოგვარებას ასეთივე განუხრელი, მრავალწლიანი და ყოველ დონეზე კონცენტრირებული მუშაობა ესაჭიროება. თუ ჩვენ ამ გამოწვევასაც ისევე მამაცურად დავხვდებით, მაშინ მივაღწევთ ცვლილებას, რასაც ვესწრაფვით, და ჩვენს შვილებს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ქვეყანას დავუტოვებთ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა8 იანვრის „ნიუ იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში.