წაუყრუა თუ არა ევროკავშირმა ინტერესთა კონფლიქტს თავის რიგებში

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის პრესმდივანი “გაზპრომის” ლობისტ ფირმაში მუშაობს. ვიღაცას შეიძლება ეს ინტერესთა კონფლიქტად მოეჩვენოს, მაგრამ ასე არ ხედავენ ბრიუსელში, ევროკავშირში. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ახლახან გამოიცვალა. პირველი ნოემბრიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა ფრედერიკა მოგერინი, იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თავის მთავარ წარმომადგენლად პრესასთან ურთიერთობის საკითხებში კეტრინ რეი დაასახელა. სწორედ რეის ქმარია ტომას ბაროს-ტასტეტსი. ქორწინება გაფორმდა ერთი წლის წინ, 2013 წლის 19 ოქტომბერს. ბაროს-ტასტეტსი ლობისტური ფირმის, „ჯი პლასის“, ბრიუსელში დაფუძნებული ევროპის ფილიალის პარტნიორია. ბიოგრაფიაში, რომელიც ინტერნეტშია გავრცელებული, ბაროს-ტასტეტსის საქმიანობის შესახებ წაიკითხავთ, რომ „ამ საერთაშორისო კონსორციუმს, რომელიც დიდ საერთაშორისო ენერგოკომპანიას კომუნიკაციასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში რჩევებს აძლევს, დახმარებას უწევს ევროპის ქვეყნებში კოორდინირებაში“. ამ ტექსტში არ არის დაზუსტებული, რომელ საერთაშორისო ენერგოკომპანიაზეა ლაპარაკი, მაგრამ ბაროს-ტასტეტსი მედიაში მოიხსენიებოდა როგორც „გაზპრომის“ ევროპულ საქმეთა კონსულტანტი. 2013 წლის აგვისტოში გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ, რომ ბაროს-ტასტეტსი ევროკავშირის კონკურენციის უწყებასთან ურთიერთობის საკითხებში გახდა „გაზპრომის“ მრჩეველი, როგორც ამავე კონსორციუმის, „ჯი პლასის“, პარტნიორი. ევროკავშირის გამჭვირვალობის უწყების რეგისტრში „ჯი პლასის“ ერთ-ერთ მთავარ კლიენტად მოხსენიებულია „გაზპრომის“ ექსპორტის „დივერსიფაიდ ენერჯი კომუნიკეიშენზი“. ამ ფირმის წლიური მიმოქცევა შეფასებულია 300-350 ათას ევროდ. ბაროს-ტასტეტსი ფირმაში გაფორმებულია როგორც თანამშრომელი, რომელსაც აქვს აკრედიტაცია ევროპარლამენტის შენობაში. 29 ოქტომბერს ბაროს-ტასტეტსი იხილეს ბრიუსელში, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკის წრეში. ნოვაკი ბრიუსელში ჩაფრინდა ევროკავშირისა და უკრაინის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. პრესასთან ურთიერთობაში ევროკომისიის წარმომადგენელმა მარგარიტის შინასმა, რომელიც მონაწილეობდა ამ თანამდებობაზე კეტრინ რეის დანიშვნაში, რადიო თავისუფლებას წერილობით გასცა პასუხი: კეტრინ რეიმ ევროკავშირს აცნობა თავისი ქმრის საქმიანობის და, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ის „გაზპრომისთვის“ მუშაობს. შინასის თანახმად, რეიმ ევროკომისიის ეთიკური მოთხოვნა შეასრულა, განმარტავს შინასი და დასძენს, რომ რეის შერჩევაში მოგერინი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მას არ დაუსახელებია ის. შინასი შენიშნავს, რომ რეი „პასუხისმგებელია აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასა და სპარსეთის ყურესთან ურთიერთობის საკითხებში“. ევროპის სფეროში, რუსეთის ჩათვლით, მოგერინის პრესმდივანი, შინასის განმარტებით, მაია კოსიანჩიჩია. ამიტომ მე არ ვთვლი, რომ კომისიაში ინტერესთა კონფლიქტია, წერს ჩვენი რადიოსთვის მოწერილ წერილში შინასი. თვითონ კეტრინ რეიმ რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ უპასუხა.

როცა მოგერინის ირჩევდნენ კეტრინ ეშტონის შემცვლელად, ანუ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერად, ყველა კმაყოფილი არ შეხვედრია მის კანდიდატურას. კრიტიკულად განწყობილები აცხადებდნენ, რომ მას არა აქვს საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება, რომ მას შეიძლება ზედმეტად სიამოვნებით გაეთვალისწინებინა რუსეთის ინტერესები.

„მე განსაკუთრებით მაშინებდა, რომ ის თვალს დახუჭავდა პუტინის მოქმედებებზე. ჩანს, რომ მოსწონს პუტინი, კარგად ესმის მისი და რომ რუსეთის მეზობელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვალსაწიერიდან არ უყურებს მსოფლიოს, რაც სასურველი იქნებოდა. ის მოვლენებს რუსეთის პერსპექტივიდან უყურებდა და განსაკუთრებით არ მომწონდა, თუ როგორი ჭკუისდამრიგებლური ტონით ლაპარაკობდა ხოლმე ეგრეთ წოდებულ ახალ წევრებზე“, - ამბობს ჟურნალ „ეკონომისტის“ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების მთავარი რედაქტორი ედვარდ ლუკასი. ის, სხვა ექსპერტების მსგავსად, თვლის, რომ ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო შუაევროპელი, მაგალითად, რადეკ შიკორსკი, პოლონეთის ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, როცა ევროკავშირის თანამდებობები ნაწილდებოდა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მოგერინი, რომელიც ახლა 41 წლისაა, გამოუცდელი პოლიტიკოსია. ის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ, რომელიც უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მის, ასე ვთქვათ, „გაქაჩვას“ შეეცადა ეშტონის შემცვლელად. რენცი ის პოლიტიკოსია, რომელიც, უკავია რა იტალიის პრემიერის თანამდებობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მთავრობის ერთადერთი მეთაური იყო, რომელიც უკრაინის კონფლიქტის გამო კრემლისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა. რენცი, ამასთან, მხარს უჭერს „სამხრეთის ნაკადის“ მილსადენის მშენებლობის „გაზპრომის“ პროექტს. ამ გაზსადენმა გაზი უნდა მიაწოდოს იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს და უნდა გაიაროს თურქეთის, ბულგარეთის, სერბიისა და რუმინეთის ტერიტორიებზე. 2013 წლის დეკემბერში ევროპის კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთთან დადებული სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებები გაზსადენების მშებლობის შესახებ ეწინააღმდეგება კერძო კონკურენციისა და მესამე ქვეყნებისთვის დისკრიმინაციის პირობების შექმნის აკრძალვის წესებს. ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას თავი დააღწიოს, რადგან თავის მიერ მოხმარებული გაზის მესამედს რუსეთისგან ყიდულობს.

დაბოლოს, კეტრინ რეის კარიერაზე მოკლედ: ის ევროკავშირის კომუნიკაციის სფეროში მუშაობს 2000 წლიდან, ორი წელი ნამუშევარი აქვს გაეროს განვითარების პროგრამაში. თავისი კარიერის განმავლობაში ის ევროკომისრების - პასკალ ლამის, იანეჟ პოტოჩნიკის და ანდრის პიბალგისის - პრესმდივანი იყო.