2014 წელს განხორციელებული და 2015 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები

11 თვის ოპერატიული მონაცემების თანახმად, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გახარჯული იყო წლიური გეგმის 86 პროცენტი - 337,2 მლნ ლარი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 11 თვის ანგარიშიდან ჩანს, თუ რაში დაიხარჯა ეს სახსრები და რა ღონისძიებებია დაგეგმილი 2015 წლისთვის.

საავტომობილო გზების მიმართულებით, 11 თვის მდგომარეობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 291 კმ. გზას, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 42 ხიდს და აშენდა 10 ახალი ხიდი. შემუშავდა, დამატებით, როშკა-არხოტის გზის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, რომლის მშენებლობაც 2015 წლიდან დაიწყება. გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში, სავარაუდოდ, 30-ზე მეტი ოჯახი აპირებს დაბრუნებას.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებაში სახელმწიფოს ევროპის საინვესტიციო ბანკი დაეხმარა. ბანკის პირველი სესხის - 40 მლნ ევროს - ფარგლებში დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 დასახლებულ პუნქტში. ევროკავშირთან ხელმოწერილი მეორე, 40 მლნევროიანი, სესხის ფარგლებში დაკონტრაქტდა, დამატებით, 24 პროექტი. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი გაუმჯობესდა: წყალტუბოში, სურამში, ზესტაფონში, სართიჭალაში, მარნეულში, კასპში, თერჯოლაში, ფოთსა და სენაკში.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით კი, დასრულდა 30 მლნ ლარამდე ღირებულების პირველი ფაზა სასმელი წყლის ქსელის მშენებლობისთვის ანაკლიასა და მესტიაში. 108 მლნ დოლარის ფარგლებში ხორციელდება ზუგდიდისა და ფოთის წყარლმომარაგების სისტემის მშენებლობა. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს აგრეთვე ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში - სულ, 60 მლნ ლარის ღირებულების. დამატებით დაკონტრაქტდა ურეკისა და მესტიის წყლის სისტემის მოწყობის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც 300 ათას აბონენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება: ანაკლიაში, მესტიაში, ურეკში, შეკვეთილში, ფოთში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2014 წელს დაიწყო და ნაწილობრივ დასრულდა 33 პროექტი, ჯამური ღირებულებით, 34,1 მლნ ლარი. დამატებით, 2015 წელს დაიწყება ასევე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული 75 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება.

2015 წლიდან იწყება თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობა. პროექტს საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ. სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, უკვე დაკონტრაქტებულია 30.8 მლნ ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები. პროექტის მთლიანი ღირებულებაა 40 მლნ ევრო. დასრულების შემდეგ კურორტი იქნება ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი - 9,5 კმ სიგრძის - და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე სათხილამურო ტრასა, რომელიც ერთდორულად 4 100 მოთხილამურეს მოემსახურება.

2015 წლის ბიუჯეტით, რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი მილიარდი ლარია, აქედან 400 მილიონი საბიუჯეტო, 30 მილიონი გრანტი, ხოლო 570 მილიონი კრედიტია.