იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას აპრილის თვიდან აპირებენ

ქუთაისი

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიმდინარე წელს იმერეთში, 2014 წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვაა დაგეგმილი. გასულ წელს იმერეთში 35 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩატარდა. 2015 წელს მხარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტები გზების კეთილმოწყობას, წყლის სისტემის რეკონსტრუქციას, ბაგა-ბაღების, მუსიკალური სკოლების, კულტურის ცენტრების, სპორტული კომპლექსების შენობათა რეკონსტრუქციას და სხვა სამუშაოებს მოიცავს. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 15 მილიონი ლარი, ქუთაისში დაიხარჯება.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესასრულებლად ტენდერები დროულად ტარდება და აპრილის თვიდან უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დაიწყება. ერთადერთი პროექტი, რომლის შესასრულებლად ტენდერის გამოცხადება მაისის თვის ბოლოს იგეგმება, ბაგა-ბაღებზე დამხმარე სათავსოების მიშენებას გულისხმობს და სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე განხორციელდება.

2 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების 10-მდე პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, პროექტების უმრავლესობაზე ტენდერები უკვე დასრულებულია და საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენას ელოდებიან. კიცხი-ხიბრის გზის მოასფალტებისთვის 800 ათასი ლარია გამოყოფილი, ხარაგაული-ბაზალეთის გზის ასფალტის საფრით მოპირკეთებისთვის - 600 ათასი ლარი. 450 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს ღია ესტრადისა და კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქციაზე. დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად განხორციელდება პროექტი, მშენებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის 50 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ბორითი-ღორეშას გზის გრუნტით მოწყობას 200 ათასი ლარი უნდა მოხმარდეს, 100 ათასი ლარი კი ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქციისთვისაა განკუთვნილი. დაგეგმილია ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის მოწყობა სოფელ ზვარეში.

საჩხერის მუნიციპალიტეტში 2015 წელს 2 მილიონ 500 ათასი ლარის ღირებულების 6 პროექტის განხორციელება იგეგმება. მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ბაზაძის ინფორმაციით, მათი ნაწილის პროექტირება დასრულებულია, ნაწილის პროექტირების სამუშაოები კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საჩხერის გამგებლის განცხადებითვე, გზის საფრის მოსაწესრიგებლად ტენდერები უკვე ჩატარდა და გამარჯვებული გამოვლენილია, სახელოვნებო დაწესებულებათა და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქციისა და აკაკი წერეთლის სკვერის კეთილმოწყობისთვის კი პროექტირება მიმდინარეობს. მალხაზ ბაზაძის ინფორმაციით, სამუშაოების დასაწყებად ტენდერები ყოველდღიურად ცხადდება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს წყალტუბოში სამ-ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდება. 3-3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისთვის. საჩხერეში, ხარაგაულსა და სამტრედიაში კი დაახლოებით ორ-ნახევარი მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება. 2 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაა დაგეგმილი ხონის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.