ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს. ეტლით მოსარგებლეებისთვის ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, შეუძლებელია.
კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ვარძიაში ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობა იწყება. ამჟამად ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების პროექტის შემუშავება და განხორციელება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკობს.
Your browser doesn’t support HTML5
ინკლუზიური ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, ვარძიის რეაბილიტაცია გრძელდება. კომპლექსზე კლდის გამაგრებითი სამუშაოები მიდის, რომელიც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს გულისხმობს. ამ პროცესში მთამსვლელები ჩაერთვნენ. ბიძინა გუჯაბიძე ამბობს, რომ წინ ხანგრძლივი სამუშაო ელით.
კულტურის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ვარძიის კომპლექსის დათვალიერებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც შეძლებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაათვალიერა.
მიხეილ გიორგაძემ და ნიკოლოზ ანთიძემ სოფელი ჭაჭკარიც მოინახულეს, სადაც ამ დროისათვის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი აგროტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთობით სოფლის სამეურნეო ფუნქციის აღდგენას და რეგიონის ტურისტულ ქსელში მის ჩართვას ითვალისწინებს.