ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმები თბილისში

თბილისი

მომავალ წელს ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტთა მოცულობების ზრდას პროგნოზირებს. სოციალური და სახელფასო საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის პარალელურად, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურული ხარჯების წილი საერთო ხარჯებში არცთუ განსაკუთრებულად დიდია: მაგალითად, წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 801 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან სულ 85,5 მლნ ლარია განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც, 2016 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე (78,7 მლნ) 6.8 მლნ ლარით მეტია, თუმცა მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში სულ 10 %-ის ფარგლებშია. ეს საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია.

Your browser doesn’t support HTML5

ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმები თბილისში

გუშინ მერიამ გამოაქვეყნა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, რომელთა დაფინანსებაც მომავალ წელს არის დაგეგმილი. მათ შორისაა, მაგალითად, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩასატარებელი გზის გაფართოების სამუშაოები. მერიაში ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.

2017 წელს ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულ გადაკვეთაზე ცალმხრივი მიმართულების ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა: ვაშლიჯვრის დასახლებიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ნაკადი ესტაკადის (გზაგამტარის) მეშვეობით გადაივლის გელოვანის ქუჩას და შეუერთდება დასავლეთის მიმართულებით გელოვანის ქუჩაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადს, ხოლო ვაშლიჯვრის დასახლებიდან თბილისისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადის ერთი ზოლი შეუერთდება დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ სატრანსპორტო ნაკადს გელოვანის ქუჩაზე. ამით მოიხსნება კვანძის შუქნიშნებით რეგულირების აუცილებლობა და გაიზრდება კვანძის გამტარუნარიანობა.

ამასთან, განხორციელდება ქალაქში არსებული გვირაბების რეაბილიტაცია, ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მათ შორის, მდინარე ვერეზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული ვანტური ხიდის რეკონსტრუქცია, მდინარე დიღმულაზე მტკვრის შესართავთან მდებარე ხიდის რეაბილიტაცია, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეკონსტრუქცია და ა.შ.

მომავალ წელს იგეგმება, ასევე, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქცია, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ასევე გათვალისწინებულია, ცხადია, ცალკეული გზების რეაბილიტაცია.

შესრულდება თუ არა ეს გეგმები იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც, თუ რა დონეზე შეჩერდება ლარის კურსი დოლართან მიმართებით, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულების დიდი ნაწილი სწორედ ლარის კურსთან არის მიბმული.