პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონალური ჰაბი შეიქმნა. სამწლიან პროექტს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო განახორციელებს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა, განხორციელდება სხვადასხვა სახის 110–ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 720 ათასი ევროს ღირებულების 80-მდე გრანტი.
Your browser doesn’t support HTML5
„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს ჰაბის ფუნქციები და სარგებელი, რომელსაც პროექტის შედეგად მიიღებს ადგილობრივი საზოგადოება. პროექტის კოორდინატორ ნინო ხუხუას განმარტებით, პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ფუნქციური და სტრუქტურული გაძლიერება და ფინანსური მდგრადობა:
მაგალითად, თუ მე არ ვიცი ინგლისური, სათარგმნი მაქვს დოკუმენტი და რომელიმე ადამიანს, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე, აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ის დაეთანხმება ჩემს მოთხოვნას და მომაწვდის მომსახურებას, სანაცვლოდ კი მე, ჩემი უნარებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადამიანს დავეხმარები...მაკა ცერცვაძე
„გარდა იმისა, რომ ტრენინგებს ჩავატარებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, შევქმნით საჭიროების დოკუმენტს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებებია მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის. პროექტის მიხედვით კი არის ჩარჩო შექმნილი, თუმცა კონკრეტული აქტივობები აუცილებლად მოერგება იმ საჭიროებებს, რომლებიც რეალურად იქნება დასახელებული“.
ნინო ხუხუასავე განცხადებით, პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონალური ჰაბის მეშვეობით შეიქმნება სხვადასხვა სტრუქტურიზებული პლატფორმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას გააძლიერებს. უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლისთვის, მოხალისეობის ფორმის დამკვიდრებისა და სოციალური კავშირების დასამყარებლად პროექტის ფარგლებში უკვე ამოქმედდა ინტერნეტპორტალი „დროის ბანკი“, სადაც დარეგისტრირებულ ადამიანებს ერთმანეთის დახმარება მოხალისეობრივ საწყისზე შეუძლიათ. როგორც იმერეთის რეგიონალური ჰაბის კოორდინატორი მაკა ცერცვაძე განმარტავს, ვებსაიტზე დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებლები ეცნობიან ერთმანეთის განაცხადებს იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ დახმარება ან რა მომსახურების გაწევა შეუძლიათ:
„მაგალითად, თუ მე არ ვიცი ინგლისური, სათარგმნი მაქვს დოკუმენტი და რომელიმე ადამიანს, რომელიც რეგისტრირებულია საიტზე, აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ის დაეთანხმება ჩემს მოთხოვნას და მომაწვდის მომსახურებას, სანაცვლოდ კი მე, ჩემი უნარებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადამიანს დავეხმარები. ეს მეთოდი დამყარებულია მთლიანად მოხალისეობრივ სისტემაზე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან პროექტის ყველა აქტივობაში ჩართულნი - ეს იქნება ტრენინგები, ფორუმების ორგანიზება თუ სხვადასხვა თემატური შეხვედრები, რომლებიც გაიმართება ამ წლების განმავლობაში...ნოდარ ჯიქია
გარკვეულ პრობლემებს ხედავს „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის – თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე. მან მაგალითად მოიყვანა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსი გაერთიანების მცდელობა, რომელიც არ დასრულდა სახარბიელო შედეგით. ამასთან, ნუგზარ კოხრეიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ფინანსური პრობლემების მოგვარებით მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებით:
„მე მენიშნა, რომ შეხვედრაზე მეტი შეკითხვა დაისვა საგრანტო კონკურსის შესახებ და არა იმ კომპონენტის მიმართ, სადაც სოციალურ პასუხისმგებლობებზე იყო საუბარი, როდესაც ორგანიზატორები საუბრობდნენ, რომ ჩართულობის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს არასამთავრობო სექტორშიც არსებობს პრობლემა, რომელიც უკავშირდება დასაქმებას და ფინანსური საშუალებების სიმწირეს“.
იმერეთის რეგიონალური ჰაბის შექმნას მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის პროგრამების დირექტორი, ნოდარ ჯიქია. მისი განცხადებით, კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, კონსორციუმის ფარგლებში, მსგავსი ჰაბი საქართველოს 9 რეგიონში იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას:
„არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან პროექტის ყველა აქტივობაში ჩართულნი - ეს იქნება ტრენინგები, ფორუმების ორგანიზება თუ სხვადასხვა თემატური შეხვედრები, რომლებიც გაიმართება ამ წლების განმავლობაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ სამი წლის შემდეგ, როდესაც პროექტი დასრულდება, არა მარტო იმერეთის რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც ჰაბების მეშვეობით ბევრი პროექტი იქნება განხორციელებული და უფრო ძლიერი არასამთავრობო სექტორი გვექნება, ვიდრე დღეს არის“.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, იოსებ ხახალეიშვილის, შეფასებით, რეგიონალური ჰაბი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების წარმომადგენლების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების ერთგვარი საშუალებაა:
„ჰაბი ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ რეალური და ზუსტი ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე გვექნება საშუალება, რომ სხვადასხვა ორგანიზაციისგან თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან მივიღოთ შემოთავაზება, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება და ერთობლივად მოხდეს იმ მიდგომების შემუშავება, რომლებიც კონსენსუსზე დაფუძნდება“.
თავის მხრივ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ავტორები აცხადებენ, რომ რეგიონალური ჰაბი გააუმჯობესებს სხვადასხვა სექტორს შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას