იმერეთში წელს 20 ათას ტონამდე ყურძნის მოსავლის მიღებას ვარაუდობენ. რეგიონის სოფლებში ყურძნის მოსავლის დაბინავება ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მევენახეების ნაწილმა ყურძენი უკვე დაკრიფა და დაწურა კიდეც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მხარის ზოგიერთ სოფელში ყურძნის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსავლის სიმწირეზე საუბრობენ. მევენახეების თქმით, მთავარი პრობლემა მცირემიწიანობაა, ამასთან, ფერმერები ამბობენ, რომ კუთვნილ 1 ჰექტრამდე ფართობის მიწაზე მიღებული მოსავლის რეალიზაციას თავად ახდენენ ან მუნიციპალურ ცენტრებში მოქმედ ღვინის მარნებს აბარებენ, თუმცა, საბაზრო ფასთან შედარებით, იაფად.
Your browser doesn’t support HTML5
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თამაზ ნემსაძის თქმით, ნახევარ ჰექტრამდე მიწაზე ციცქა და ცოლიკაურის ჯიშის ვაზი ხუთი წლის წინ გააშენა და წელს 3 ტონამდე მოსავალი უკვე აიღო. მოწეულ ყურძენს თავად წურავს და მისგან ღვინოს აყენებს, რომლის რეალიზაციასაც თავადვე ახდენს. თამაზ ნემსაძე იმასაც დასძენს, რომ სოფლებში ყურძნის იმდენი მოსავალი მოჰყავთ, რამდენის მოვლა– პატრონობაც თავად შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში, მოწეულ მოსავალს თავადვე უკეთებენ რეალიზაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მევენახეებიც, რადგან ამბობენ, რომ ჩამბარებელ პუნქტებსა და მარნებში ყურძნის ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით, დაბალია.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის მცხოვრები ამბაკო გიორგაძე საუბრობს, მცირემიწიანი ფერმერები, რომლებსაც კუთვნილ ნაკვეთებზე ვაზის ავთენტური ჯიშები აქვთ გაშენებული და წლების მანძილზე ტრადიციული მეთოდებით აწარმოებენ ღვინოს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებენ. ფერმერის თქმით, ციცქასა და ცოლიკაურის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო, გასული წლების მსგავსად, არც წელს ახდენს.
ყურძნის ის ჯიშები, რომლებიც იმერეთშია გავრცელებული, წინა წლების ანალოგიურად, მიმდინარე წელსაც ვერ მოხვდა სახელმწიფო სუბსიდირების ნუსხაში. იმერული ციცქას, ცოლიკაურის, ალადასტურის, კრახუნასა და ძველშავას ფასი ბაზარზე 1,5-დან 3 ლარამდე მერყეობს.