„დანერგე მომავალი“: იმერეთში უკვე შეუძლიათ ახალი პროგრამით სარგებლობა

იმერეთში მცხოვრებ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის ხელშესაწყობად მრავალწლიან კულტურათა ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში უკვე შეუძლიათ. პროგრამა, რომლისთვისაც მთელი საქართველოს მასშტაბით 2 წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგანტოს ხელშეწყობით, მარტის თვიდან დაიწყო.

ქლიავი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ტყემალი, ვაშლი, თხილი და კაკალი - ამ მრავალწლიან კულტურათა ბაღების გაშენება შეუძლიათ ფერმერებს იმერეთში. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან საინფორმაციო შეხვედრისას განმარტა, პროექტის მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის ხელშეწყობაა.

მარიანა მორგოშიას განმარტებითვე, გრანტის მისაღებად საბაღე მიწა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს შემოღობილი, დამუშავებული და სარწყავ არხთან ახლომდებარე. ამასთან, პროგრამის მიხედვით, 5-დან 20 ჰექტარამდე მიწის მფლობელთა დაფინანსებაა გადაწყვეტილი. იმერეთის 11 მუნიციპალიტეტიდან 9-ში მცირეფართობიანი მიწებია, რისთვისაც გამონაკლისები დაიშვება. წყალტუბო და ჭიათურა მცირეფართობიანი მიწების მფლობელთა ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ, რასაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.

წყალტუბოს გამგებლის კონსტანტინე მამისეიშვილის განმატებით, მუნიციპალიტეტში ძირითადად მცირემიწიანი ფერმერები ცხოვრობენ და პროგრამით მოთხოვნილ 5 ჰექტარი მიწის ფართს არ ფლობენ.

სააგენტოს მიერ შეთავაზებული 5 ჰექტარი მიწის ფართის მფლობელთა ნაცვლად, მცირემიწიანი ფერმერებისთვის ხელის შეწყობას მიიჩნევს აუცილებლად ჭიათურის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით მოდებაძეც.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე აპირებს პროექტი „დანერგე მომავალი“ მოსახლეობას გააცნოს. მისი თქმით, პროექტის განხორციელება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

თავის მხრივ, მრავალწლიან კულტურათა ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობათა პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ, 2-წლიანი პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მიღებული პროდუქციით ისინი ადგილობრივ ბაზარზე იმპორტს ჩაანაცვლებენ და საექსპორტო პოტენციალს გაზრდიან.