იხსნის თუ არა ელიავას მზესუმზირა, ტირიფი და ვერხვი?

ელიავას ბაზრობის დამწვარი ნაწილი

ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ნიადაგი იმდენადაა დაბინძურებული, რომ მასზე მწვანე ნარგავი ვერ გაიხარებს - ამ ინფორმაციას ავრცელებენ საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც, თავის მხრივ, კვლევითი ლაბორატორიის „მულტიტესტის“ დასკვნას ეყრდნობიან. თავად ლაბორატორია კომენტარზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და მედიაში არ უნდა გავრცელებულიყო, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლება არკვევს, ეს ინფორმაცია მედიას მიაწოდა გამოკვლევის დამკვეთმა ორგანიზაციამ, ელიავას ბაზრობის მეგობარმა კომპანიამ - „არქიტექტურა და კომპანია“. გარემოსდამცველები ელიავას ბაზრობის ტერიტორიის გამწვანების აუცილებლობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ნიადაგის გაწმენდა სწორედ გამწვანებით იქნება შესაძლებელი.

Your browser doesn’t support HTML5

იხსნის თუ არა ელიავას მზესუმზირა, ტირიფი და ვერხვი

მას შემდეგ, რაც კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიურმა ლაბორატორიამ „მულტიტესტი“ ელიავას ბაზრობის ნიადაგის გამოკვლევა ჩაატარა, დაადგინა, რომ ის იმდენადაა დაბინძურებული და დაფარული სამშენებლო ნარჩენითა თუ ქვა-ღორღით, რომ იქ მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია. როგორც საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული დასკვნის ამონარიდში ვკითხულობთ, „სავაჭრო ცენტრ „დიდუბის“ ტერიტორიაზე აღებული გრუნტის ნიმუშების ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად მცენარისთვის შესათვისებელი საკვები ელემენტების დამაკმაყოფილებელი მონაცემებისა, გრუნტის შედგენილობა (ნიადაგი - 20 %, ქვა-ღორღი - 80 %) არადამაკმაყოფილებელია მწვანე ნარგავების გასაშენებლად“. ამავე ინფორმაციის თანახმად, ელიავას ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გასაშენებლად საჭირო იქნება ქვა-ღორღისა და სამშენებლო მასალის მოცილება, ტერიტორიიდან გატანა და ამის შემდეგ ახალი ნიადაგის დაყრა.

ლაბორატორია „მულტიტესტი“ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ აკეთებს კომენტარს, თუ კონკრეტულად რა სახისა და რა ტერიტორიის გამოკვლევა ჩაატარეს სპეციალისტებმა. ისინი არც იმას ამბობენ, ვინ დაუკვეთა კომპანიას გმოკვლევა. მეტიც, ამბობენ, რომ ამ გამოკვლევის შინაარსი კონფიდენციალური იყო და ის არ უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, ინფორმაცია ელიავას ბაზრობის ნიადაგის მდგომარეობის თაობაზე თავად გამოკვლევის დამკვეთი კომპანიის, „არქიტექტურისა და რეკლამის“ ნებართვით გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს წყარო, რომელსაც არ სურს ვინაობის გამჟღავნება. მისი თქმით, ინფორმაცია მედიასაშუალებებს პირადად მან მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება კომპანია „არქიტექტურა და რეკლამას“, ის, ე.წ. ელიავას ბაზრობის, ანუ სავაჭრო ცენტრ „დიდუბის“, მეგობარი კომპანიაა.

ელიავას ბაზრობა

ირაკლი მაჭარაშვილს, წარმომადგენელს გარემოსდაცვითი ორგანიზაციისა „მწვანე ალტერნატივა“, ნიადაგის მკვლევრებთან არაერთი კითხვა აქვს, პირველ რიგში, გამოკვლევის სარწმუნოობის შესახებ. მისი სიტყვებით, იმისათვის, რომ გამოკვლევის სისწორეში დავრწმუნდეთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა იქნა შემოწმებული, რა პარამეტრები და რა ტერიტორია. რაც შეეხება დასკვნას ნიადაგის დაბინძურებასა და მასზე მწვანე ნარგავების ვერგახარების თაობაზე, ის როგორც გამოკვლევის დამკვეთს, ისე მკვლევარებს შეახსენებს იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც ნიადაგის გასუფთავებას სწორედ ნარგავების საშუალებით გულისხმობს - ე.წ. ბიორემედიაციასა და ფიტორემედიაციას. მზესუმზირა, ტირიფი, ვერხვი, გვიმრა - ეს ის მცენარეებია, რომლებიც, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, სწორედ დაბინძურებული ტერიტორიების გასასუფთავებლად გამოიყენება:

„დღევანდელი მეცნიერება და გარემოს დაცვის მეთოდები ამბობს, რომ მცენარეების დარგვა არის ერთ-ერთი მეთოდი სახიფათო ნარჩენების დეტოქსიკაციის. აი, თუნდაც, მაგალითად, მზესუმზირა გამოიყენება იმისათვის, რომ შეიწოვოს სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლები და სხვა მრავალი ქიმიური ნივთიერება. გარდა ამისა, სხვადასხვა სახეობის ტირიფის ან ვერხვის ხეებს შეუძლიათ მოახდინონ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების შეწოვა ისე, რომ აღარ მოხდეს ამ ნივთიერებების გაჟონვა მიწისქვეშა წყლებში და ა.შ.“.

რაც შეეხება დასკვნას, რომ ტერიტორიაზე ნარგავების გასაშენებლად ახალი მიწა უნდა დაიყაროს, ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს:

„თბილისში ამდენი მშენებლობაა, ამდენ მიწას ჭრიან და სადღაც მიაქვთ, გაუგებარ ადგილებში ყრიან და ნაგვად აქცევენ. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ამ მიწას სათანადო გამოყენება უნდა მოუძებნონ და სადაც საჭიროება მოითხოვს, იქ დაყარონ“.

აღსანიშნავია, რომ ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია, რომელიც რამდენიმე მესაკუთრეს აერთიანებს, ამ ტერიტორიაზე გეგმავს 100 მილიონ დოლარად შეფასებული პროექტის განხორციელებას, სახელწოდებით „ელიავა მოლი“, რომელიც, მათი თქმით, მთელ ტერიტორიას რამდენიმედონიან სავაჭრო ცენტრში მოაქცევს. ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფ „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ტერიტორიას ქალაქის ახალ გენერალურ გეგმაში მიანიჭოს სარეკრეაციო ზონის სტატუსი და ბაზრობამ სხვა, ქალაქის განაპირა რაიონებში გადაინაცვლოს. არადა, თავად „სითი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანისა და იქ სარეკრეაციო ზონის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ სწორედ დაბინძურებული არეალის გამწვანება უნდა იქცეს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად:

„დაბინძურებული არეალების მოწესრიგების გამოცდილება მსოფლიოში არსებობს. მით უმეტეს, თუკი ასეთი დაბინძურებული არეალი ქალაქის ცენტრში გვაქვს, მისი მოწესრიგება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თუკი ეს ტერიტორია ნიადაგის დაბინძურების წყაროა, მაშინ სასწრაფოდ უნდა იქნეს გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ამ ნიადაგის აღდგენა მოხდეს და მოხდეს დაბინძურებული წყაროების გაუქმება. ასევე, აქტუალურია საკითხი იმისა, რომ ქალაქს მკაფიო ნაკლებობა აქვს გამწვანებული ტერიტორიების. თითო მოსახლეზე ჩვენს ქალაქში 4 კვადრატულ მეტრამდე გამწვანება მოდის, რაც ძალიან დაბალია. და რაკი ამ ტერიტორიას გააჩნია რესურსული პოტენციალი, ჩვენ ვთვლით, რომ მიზანშეწონილია, რომ ის სწორედ ამ ფუნქციით იქნეს გამოყენებული“.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მერიამ უკვე განიხილა და რეკომენდაციებითა და შენიშვნებით უკან დაუბრუნა გეგმაზე მომუშავე ჯგუფს. როგორც „სითი ინსტიტუტი - საქართველოში“ აცხადებენ, შესწორებების შემდეგ გეგმა კვლავ მერიას დაუბრუნდება და მას, სავარაუდოდ, სექტემბერში თბილისის საკრებულო დაამტკიცებს.