იან კელი: „საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან“

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ასრულებს თავის დიპლომატიურ მანდატს და აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება. 15 მარტს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ საქართველომ თავის განვითარებაში მიაღწია ეტაპს, როცა თავად საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელი მეტია, ვიდრე, მაგალითად, აშშ-ს შეუძლია გააკეთოს საქართველოსთვის: „ვფიქრობ, ერთ-ერთი გასაღები არის პოლიტიკური ჩართულობა, სამოქალაქო ჩართულობა. ეს ნამდვილად თქვენზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე“.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი არაერთი ფაქტის გამო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე ქართველ პოლიტიკოსთა მსჯელობის თანახმად, მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების - მათ შორის აშშ-ის - მზადყოფნა მხარი დაუჭირონ თბილისის მიერ დაწესებულ სანქციებს. რადიო თავისუფლების შეკითხვას, ქართველი პოლიტიკოსების შეთანხმების შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა ვაშინგტონი მხარს სანქციებს, იან კელი ასე უპასუხებს:

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი

„არსებითად, ჩვენ ამას მხარს დავუჭერდით. რასაკვირველია, ჩვენ დაგვჭირდება ზუსტი ინფორმაცია სანქციების რაობაზე. ვფიქრობ, არსებობს ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ისეთი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს გახლავთ პასუხისმგებლობის არარსებობა. ვგულისხმობ იმას, რომ დე ფაქტო ხელისუფლებებს შეუძლიათ იმოქმედონ დაუსჯელად. რამდენიმე რამეს ვგულისხმობ: ვფიქრობ, სრულიად გამაოგნებელია ის, რომ მათ ოჯახისთვის არ დაუბრუნებიათ ბატონი ტატუნაშვილის ცხედარი. ეს, უბრალოდ, მიუღებელია! ეს გამაოგნებელია! პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ უფრო ფართოდაც: საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა - ან კამერის წინ აშკარად მოკლეს, ან - ძალიან საეჭვო ვითარებაში. ამას არ მოჰყოლია არანაირი პასუხისმგებლობა და გამოძიება, რომელში მონაწილეობის საშუალებაც ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ დაგვჭირდება ზუსტად ვიცოდეთ, რას გულისხმობენ მთავრობა და პარლამენტი“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საქართველოს საგარეო უწყებას სანქციების თემაზე კონსულტაციები აშშ საელჩოსთან. ელჩმა განაცხადა, რომ ასეთი კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა.

მოხიბლული ვარ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდით. მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენები აქვთ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. ვფიქრობ, მათ აგრეთვე აქვთ ნება, პასუხი გასცენ რუსეთს. რუსეთისთვის ამ ნების ჩვენების ერთ-ერთი გზაა განცხადება, რომ ჩვენ საქართველოს მივცემთ ინსტრუმენტებს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად...
იან კელი

იან კელის მიაჩნია, რომ „2017 წელი იყო ფანტასტიკური“ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სფეროში და ამ კონტექსტში ახსენებს საქართველოსთვის „ჯაველინების“ მიყიდვის გადაწყვეტილებასაც:

„მოხიბლული ვარ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდით. მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენები აქვთ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. ვფიქრობ, მათ აგრეთვე აქვთ ნება, პასუხი გასცენ რუსეთს. რუსეთისთვის ამ ნების ჩვენების ერთ-ერთი გზაა განცხადება, რომ ჩვენ საქართველოს მივცემთ ინსტრუმენტებს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ერთ-ერთი ფაქტორი აქ იყო ის, რაც მოხდა 2016-ში: ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევა. ეს იყო იმის ჩვენება, რომ არ უნდა შეეხო ჩვენი დემოკრატიის აბსოლუტურად ფუნდამენტურ საკითხებს. აი, ეს მოხდა. ეს ხელშემწყობი ფაქტორი იყო. ვფიქრობ, არის საყოველთაო მცდელობა დავანახვოთ რუსეთს, რომ მომავალში აგრესიისთვის მას მოუწევს ფასის გადახდა. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ეხება უკრაინასაც, ნატოს აღმოსავლეთ ფრთას“.

აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რუსეთის მხრიდან მომდინარე დამაზიანებელ პროპაგანდას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს სწორი სტრატეგიული კომუნიკაცია:

„მე ვუთხარი მთავრობას, რომ უკეთესად უნდა იმუშაონ. მათ ეს იციან. ჩვენ მათ მივეცით გრანტი უკეთესი სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გასავითარებლად. ისინი ერთნაირად უნდა კონცენტრირდნენ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. რასაკვირველია, უნდა წავიდნენ ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონში თავიანთი სათქმელის მისატანად, მაგრამ მათ თავიანთი სათქმელი უნდა უთხრან საქართველოს მოსახლეობას და ეს არის საუკეთესო გზა მავნებლური რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ. დასავლეთის შესახებ უარყოფით მიდგომებს საუკეთესოდ დაუპირისპირდებით დადებითი ინფორმაციით“.

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი

იან კელი საქართველოსთვის ყველაზე დიდ საშინაო გამოწვევად მრავალპარტიული საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას მიიჩნევს:

„არ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლების ყველა ბერკეტის მოპოვებას. მათ გაიმარჯვეს არჩევნებში. თუმცა, ვფიქრობ, ქართველი ხალხის ინტერესშია, ამომრჩევლის ნება უკეთესად იყოს ასახული მანდატების განაწილებაში. „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღო, პარლამენტში კი ადგილების 75-80 % უკავიათ. ეს პრობლემაა. არის დაფინანსების საკითხიც - ფინანსური შემოწირულებების 90 % „ქართულ ოცნებაში“ წავიდა. ეს დიდი პრობლემაა“.

ყველაზე მეტი შეკითხვა რუსეთთან ურთიერთობაზე დაისვა, მათ შორის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 მარტის მიმართვაზე რუსეთის ხელისუფლებისადმი. ამერიკელი დიპლომატი მხარს უჭერს გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას და აცხადებს:

„ვფიქრობ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა ვიურთიერთოთ რუსეთთან. აშშ-ს რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთს. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. მესმის მისი იმედგაცრუების, რადგან ათი წლის განმავლობაში არ გვქონია პროგრესი. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად. ძალიან დიდი ხანია, 40 წელზე მეტია, დაკავებული ვარ საბჭოთა კავშირითა და შემდგომ - რუსეთით. საჭიროა ფართოდ გახელილი თვალებით, რეალისტურად მიუდგეთ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან და მეტი კონტაქტი, განსაკუთრებით - აფხაზეთთან“.

ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ იქ არ მიიღება გადაწყვეტილებები. როცა ფორმატი არაპროდუქტიულია, უნდა ეძებო სხვა გზები ფორმატის შესაქმნელად. ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ არავინ არის უფლებამოსილი, ვინც მიიღებდა რთულ გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან...
იან კელი

ამასთან, იან კელი ფიქრობს, რომ საქართველოს ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

რადიო თავისუფლებამ ელჩს სთხოვა დაეზუსტებინა, რუსეთთან დიალოგისას მნიშვნელოვანია თუ არა ფორმატი. ელჩის პასუხი:

„ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ იქ არ მიიღება გადაწყვეტილებები. როცა ფორმატი არაპროდუქტიულია, უნდა ეძებო სხვა გზები ფორმატის შესაქმნელად. ვფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ არავინ არის უფლებამოსილი, ვინც მიიღებდა რთულ გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ამიტომაც ვთქვი, რომ მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის ინსტინქტს, რომელიც ეხება ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის დონის გაზრდას, რომ ადგილზე გყავდეთ გადაწყვეტილებების მიმღები. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ეუთოში და აქედან ერთი წელი დაკავებული ვიყავი მთიანი ყარაბაღის საკითხით და ვიცი, რაოდენ რთული პროცესია ეს. არის მცირე იმედი რეალური პროგრესის. თუკი მოცემულ დროში არ მუშაობს არსებული ფორმატი, გადახედეთ ფორმატს. მე არ ვიტყვი, როგორი უნდა იყოს ის. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს. და ვნახოთ, რას აპირებს მთავრობა“.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში თბილისში შედგა „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლის, ლუკ კოფის, მოხსენების პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეხებოდა. პრეზენტაციაში მონაწილეობდა აშშ-ის ელჩიც. ლუკ კოფის იდეამ - საქართველო გაწევრიანდეს ნატოში და მისი ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილზე დროებით არ გავრცელდეს ალიანსის წესდების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ბიძგი მისცა აქტიურ დისკუსიას ექსპერტთა შორის. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად აქტიურად იხილება ეს საკითხი ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში.

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი

„მე ეს იდეა ფასეულად ჩავთვალე იმის გამო, რომ ახლებურ მიდგომას უწყობს ხელს და აგრეთვე ძალიან რეალისტურია. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსეთი. ორი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს და ორივეს ტერიტორიის ნაწილი წაგლეჯილი აქვს და მათი საზღვრები დარღვეულია. რაც შეეხება მე-5 მუხლის გავრცელების საკითხს და რაც ეხება მომავალში შესაძლო შეჭრას, ალიანსის მიერ დასაცავი ტერიტორიის განსაზღვრას, ამაზე უნდა იფიქროთ. არიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლისას ჰქონდათ სასაზღვრო დავა და გაწევრიანებამდე შეუდგნენ მის მოგვარებაზე ზრუნვას. ესენია: საბერძნეთი, თურქეთი, გერმანია. კონკრეტულ მომენტში, საქართველოს მოუწევს იგივე გააკეთოს. ვფიქრობ, ლუკ კოფის ნაშრომი ამ საკითხის ხაზგასმის რეალურ მიზანს ემსახურებოდა. მის დოკუმენტში მთავარი სიტყვები იყო „დროებითი შეჩერება“. საქართველომ არასდროს უნდა დათმოს ტერიტორიული მთლიანობა! არ უნდა თქვას უარი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოს პრინციპზე! თუმცა, გერმანიის მსგავსად, დროებით უნდა შეელიოს ერთიანობის პრინციპს. საქართველოს მოუწევს ამის წინაშე დადგომა“.