რატომ არ არსებობს და არ უნდა არსებობდეს „რვიანი“

ალბათ, გაცილებით სასიამოვნო იქნებოდა, დამეწერა ბლოგი სათაურით – რატომ არსებობს და რატომ უნდა არსებობდეს „რვიანი“. მაგრამ, ჩემი აზრით, რვა პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ერთობა სისტემურ კრიზისში აღმოჩნდა და, რაკი ასეა, სიმართლის დამალვას სიმართლის თქმა ჯობია. მე ვიტყვი ისე, როგორც ვხედავ და წინასწარ ბოდიშს ვუხდი „რვიანის“ პარტიებს, თუკი ჩემს ბლოგს მათთვის ან საზოგადოებისთვის ოდნავ მაინც საზიანოდ მიიჩნევენ.

დავიწყებ იმით, რომ ოპოზიციურ ველზე „რვიანი“ სწორედ ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ყველა სხვა სუბიექტზე მეტად უკავშირდება.

რა ხდება „რვიანის“ თავს?

ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე პარტიების ეს გაერთიანება ხელისუფლებასთან დიალოგისთვის შეიქმნა. დიალოგის თემა იყო და არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

თავდაპირველად „რვიანს“ ერთადერთი ასპარეზი ჰქონდა – მოლაპარაკების მაგიდა. ისიც ვიცით, რომ „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფორმატს მხარი საერთაშორისო საზოგადოების ლიდერებმა დაუჭირეს.

მაგრამ ამ მხარდაჭერას ან გულწრფელობა აკლდა, ან – მონდომება, ან კიდევ – რაღაც სხვა... ფაქტია, რომ დიალოგი შეწყდა და ხელისუფლებამ მისთვის ჩვეული ცინიზმით დაანახა „რვიანის“ ყველა გულშემატკივარს, რომ ეს პოლიტიკური ერთობა მისთვის ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს.

ეს იყო პირველი ჩიხი „რვიანისთვის“, საიდანაც გამოსავალი მალე მოიძებნა. რაკი საერთაშორისო მხარდაჭერა საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდა, „რვიანის“ რამდენიმე ლიდერმა მზერა ქართულ საზოგადოებას მიაპყრო. მაგრამ, „რევოლუციური“ პარტიებისგან განსხვავებით, „რვიანმა“ საქართველოს მთელ მოსახლეობას კი არ მიმართა მხარდაჭერისთვის, არამედ მისი მიზანმიმართული მზერა სამოქალაქო საზოგადოებაზე შეჩერდა.

წარმოვიდგინოთ სამი რგოლი:

პირველი – ყველაზე მცირე – „რვიანი“;
მეორე – უფრო ფართო – სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აერთიანებს მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, საზოგადოებრივ ლიდერებს, ანუ კარგად მოლაპარაკე ხალხს;
მესამე – ყველაზე ფართო – საქართველოს მოსახლეობა.

იმის გამო, რომ პოლიტიკოსების რეიტინგი და მათ მიმართ ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, „რვიანმა“ გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობის პირისპირ მარტო კი არ წარსდგეს, არამედ, ამ „შუა“ რგოლის წევრებთან – საზოგადოებისთვის ცნობილ და პატივსაცემ ადამიანებთან – ერთად.

სწორედ ამ წინადადების შესათავაზებლად და საკუთარი გეგმების გასაცნობად მიიწვია „რვიანმა“ „შუა“ რგოლის საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა 7 ივნისს.

„ჩვენ სუსტები ვართ იმისთვის, რომ მიზანს თქვენი დახმარების გარეშე მივაღწიოთ. თუ გსურთ, რომ ხელისუფლება არჩევნებით შევცვალოთ, გვერდით დაგვიდექით“, – ამ სიტყვებით კახა შარტავამ მიმართა „თბილისი მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას. პოლიტიკოსთა მხრიდან შეთავაზების კონკრეტული შინაარსი ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის იდეა უნდა მიეწოდოს, როგორც პირველი და მეორე რგოლის – ანუ „რვიანის“ და სამოქალაქო საზოგადოების – ერთიანი და შეთანხმებული იდეა. პირდაპირი შეთავაზების პასუხად, „დარბაზმა“ მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების შეცვლის საარჩევნო გზას და „რვიანსაც“ ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა.

* * *

სწორედ მაშინ, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები „რვიანის“ გვერდით დადგნენ, აღმოჩნდა, რომ თავად პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას სერიოზული პრობლემა აქვს. პრობლემა სერიოზულია იმიტომ, რომ სისტემურია.

პრობლემის არსი მკაფიოდ განმარტა ახალი მემარჯვენეების პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ. გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ მან ახსნა, რომ „რვიანი“ ვერ წარსდგება ვერც სამოქალაქო საზოგადოების (მეორე რგოლის) და ვერც საქართველოს მოსახლეობის (მესამე რგოლის) წინაშე, როგორც ერთიანი სუბიექტი. საზოგადოების წინაშე გამოსვლა და, მით უმეტეს, ამომრჩევლებთან შეხვედრები თბილისში თუ რეგიონებში „რვიანის“ არსს ეწინააღმდეგება: „რვიანის“ შემადგენელ პარტიებს ერთიანი პოზიცია მხოლოდ საარჩევნო გარემოს შესახებ აქვთ, ყველა დანარჩენ საკითხზე კი მათი პოზიციები განსხვავებულია.

დავით გამყრელიძეს რომ ვუსმენდი, წარმოვიდგინე, როგორ ჩავლენ პოლიტიკური ლიდერები ცნობილ ადამიანებთან ერთად რომელიმე სოფელში, როგორ წაიკითხავენ ლექციას არჩევნებზე და შემდეგ გამოაცხადებენ: დიდი ბოდიში, თქვენს პრობლემებზე ვერ ვილაპარაკებთ, რადგან მათი გადაჭრის გზებზე სულ განსხვავებული შეხედულებები გვაქვსო. კარგად თუ დავფიქრდებით, იდენტობა „რვიანი“ მართლაც მხოლოდ ხელისუფლების პირისპირ მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს, სადაც ოპოზიციურ პარტიებს არავინ ჰკითხავს, როგორ აპირებენ ხალხის დასაქმებას ან სოფლის მეურნეობის განვითარებას.

შესაბამისად, პრობლემა ის კი არ არის, „რვიანის“ შემადგენლობაში მყოფი რომელი ლიდერი გავა აქციებზე და რომელი – არ გავა (რატომღაც სწორედ ეს კითხვა იყო აქტუალური მედიაში); პრობლემა ისაა, რომ „რვიანი“ ერთიანი ფორმატით საერთოდ ვერ გავა ხალხთან, რადგან არ არის ერთი საარჩევნო სუბიექტი და ხალხთან საუბრის მანდატი არ გააჩნია. ხოლო თუ პარტიებმა ცალ-ცალკე დაიწყეს ამომრჩევლებთან შეხვედრა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი, მაშინ ისინი დაკარგავენ შუალედურ რგოლს – საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, რომლებიც „რვიანის“ გამაერთიანებელ იდეას უჭერენ მხარს და არა რომელიმე პარტიას.

ასე რომ, პირველი რგოლის დანგრევა (რეგიონებში ცალ–ცალკე გასვლა) თავისთავად ანგრევს მეორე და მესამე რგოლის შემომტკიცების და ამით პირველი რგოლის გაძლიერების გეგმას.

* * *

„რვიანის“ პრობლემა, ერთი შეხედვით, გადაულახავი ჩანს. მაგრამ, სინამდვილეში, გამოსავალი არსებობს და, ალბათ, არაერთი. „რადიო თავისუფლების“ სტუმარმა, ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა გამოსავლად მიიჩნია ახალი – ხელისუფლების საპირწონე – პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება. ეს ცენტრი შეიძლება იყოს ალიანსის ტიპის გაერთიანება, ან, სულაც, რამდენიმე პარტიის ბაზაზე შექმნილი ერთი ახალი – უფრო ძლიერი და რესურსებით უფრო მდიდარი – პარტია. ჩემი მხრივ კი დავაზუსტებ, რა განსხვავებაა „პოლიტიკურ ცენტრსა“ და „რვიანს“ შორის: „რვიანი“ მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ შეკრებილი პარტიების გაერთიანებაა, რომელსაც ნებისმიერ სხვა საკითხზე პასუხის გაცემის მანდატი და შესაძლებლობა არ გააჩნია; ხოლო „პოლიტიკური ცენტრი“ ერთი საარჩევნო სუბიექტია, რომელიც ყველა საკითხზე შეჯერებული პლატფორმით წარსდგება საქართველოს მოსახლეობის წინაშე.

ზაზა ფირალიშვილის აზრით, პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეას საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების მიმართ მოთხოვნის (და არა თხოვნის) ფორმა უნდა ჰქონდეს; პოლიტიკოსებმა უნდა გადადონ პიროვნული ამბიციები, პარტიული გეგმები, თავი დაანებონ ფუჭი ილუზიების დანერგვას და რეალურად შეასრულონ საკუთარი ფუნქცია. მისივე აზრით, საზოგადოებრივ მხარდაჭერასაც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უფრო ადვილად მოიპოვებს, ვიდრე რომელიმე პარტია ან პარტიების დროებითი გაერთიანება.

სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, რამდენად გამართლებულია, ან როგორ ვაიძულებთ პოლიტიკოსებს, რომ ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ან ახალი ალიანსი შექმნან. ასეც რომ მოხდეს, მეორე პოლიტიკური ცენტრის იდეას სულ მცირე, ორი სუსტი მხარე აქვს:

1. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რატომ დაიშალა „ალიანსი საქართველოსთვის“, რომელსაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი სწორედ „ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად“ აღიქვამდა. და სანამ არ ვიცით ძველი ალიანსის დაშლის მიზეზები, არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად ადეკვატურია ახალი ალიანსის შექმნის და შენარჩუნების იდეა.
2. რომც შეიქმნას ხელისუფლების საპირწონე პოლიტიკური ცენტრი, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ეს ნაგულისხმევი პარტია თუ ალიანსი, რომ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვოს და რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს. მოქმედი პოლიტიკოსების დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გადანაცვლდნენ „შესაკრებები“, რომ „ჯამი“ არსებითად შეიცვალოს.

* * *

ერთი კი ცხადია: თუ „რვიანი“ დღეს მის წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემას არ გადაჭრის, ხელისუფლებას ვერაფერი აიძულებს, მასთან მოლაპარაკება გააგრძელოს. იმ რეალობაში, როცა ხელისუფლება პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმზე გადადის, „რვიანის“ ფორმატი საერთოდ იცლება შინაარსისგან: ხელისუფლება არ ელაპარაკება სუსტ „რვიანს“, „რვიანი“ კი ვერ ელაპარაკება მოსახლეობას, რათა მათი მხარდაჭერით გაძლიერდეს და ხელისუფლება აიძულოს, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. მოკლედ, მოჯადოებული წრეა.

ამ პირობებში, როცა ვერც ხელისუფლებასთან და ვერც საზოგადოებასთან სალაპარაკოდ „რვიანის“ ფორმატი ვეღარ ჭრის, შესაძლოა, კრიზისიდან ყველაზე სწრაფი გამოსავალი „რვიანის“ თვისებრივი სახეცვლილება იყოს.

ერთ–ერთი სამომავლო გზა მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს „რვიანიდან“ რამდენიმე ერთმანეთთან ახლოს მდგომი პარტიის „გამოკრისტალება“ და ერთ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბება. დღეს „რვიანის“ პარტიები ხშირად იმეორებენ, რომ ისინი ერთ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენენ. არადა, სწორედ ეს ფაქტორი უშლის მათ ხელს მთავარი იდეის ხალხამდე მიტანასა და გაძლიერებაში.

* * *

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ბლოგის დაწერა გადავწყვიტე, – არსებული ვითარების ჩემეული ახსნა, პრობლემის წარმოჩენა და მისი გადაჭრის გზებზე დისკუსიის ინიცირება იყო. არ ვიცი, რამდენად მკაფიოდ ჩამოვაყალიბე პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის არსებობს. შესაძლოა, პოლიტიკოსებს გაეცინოთ საზოგადოების მხრიდან წამოსულ იმპერატივზე, მაგრამ „რვიანის“ პრობლემის გადაჭრაზე თავადაც რომ უნდა იფიქრონ და საჯარო სივრცეში იმსჯელონ, ამას, ალბათ, სადავოდ არ გახდიან.

პოლიტიკოსი, სამოქალაქო ლიდერი და ამომრჩეველი ერთმანეთს იმგვარად როგორ უნდა დაუკავშირდნენ, რომ საზოგადოებამ ცვლილებები მოიპოვოს შრომით და არა მსხვერპლით? ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც პასუხი პოლიტიკოსებმა და პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანებმა დისკუსიის ფორმატში უნდა გასცენ.

შეგვიძლია, ეს დისკუსია ჩვენს ბლოგზე დავიწყოთ.