ნდობისათვის

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, პირადად მის მიმართ ნდობის დასტურად, საქართველოს მოსახლეობისგან ენერგიულად მოითხოვა საპრეზიდენტო კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის - დამაჯერებელი გამარჯვება არჩევნების პირველსავე ტურში (სულ მცირე, 60%-ით).

* * *
გუშინ „რადიო თავისუფლების“ მედიასკოლის სტუდენტებთან ერთად ვსაუბრობდით ხუდონჰესზე და ვცდილობდით, გვეპასუხა კითხვისთვის - რამდენად შესაძლებელია სამოქალაქო და ტრადიციულ საზოგადოებათა თანაარსებობა დღევანდელ საქართველოში. გავიხსენეთ სექტემბრის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოფელ ხაიშის მაცხოვრებლებმა ხატზე დაიფიცეს, ხუდონჰესის აშენებას არ დავუშვებთო. გავიხსენეთ ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის საპასუხო განაცხადებაც, რომ „ის ხაიშელები, ვინც ‘ხატზე დაიფიცეს’ და ხუდონჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან, სახელმწიფოს უპირისპირდებიან და ამ პრეცედენტის დაშვება არ შეიძლება.“

რა ვქნათ, როცა იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა კანონების მიხედვით უნდა იმართებოდეს, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ეს კანონები არათუ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტრადიციებს, არამედ, სწორედ მათ შენარჩუნებას უნდა უწყობდეს ხელს - სხვა შემთხვევაში, მათი დაცვა აუცილებელი არ არის.

რა ვქნათ, როცა იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროგრესს ყველგან ხელს უშლის ჩაკეტილი საზოგადოების არსებობა, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც განვითარებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ, არსებულის შენარჩუნებაზე.

როგორ უნდა გადაწყდეს ხაიშის და ბევრი სხვა მსგავსი პრობლემა? ვინ უნდა დათმოს? სახელმწიფომ - რომელიც აცხადებს, რომ კანონისა და საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, თუ ადამიანმა, რომელმაც ხატზე დაიფიცა? დასაშვებია თუ არა კანონის სახელით ადამიანზე ძალადობა? პროგრესის მისაღწევად მისაღებია თუ არა ჩაკეტილ საზოგადოებათა საკრალური სივრცის ძალადობრივი დესაკრალიზაცია? როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, თუ მოფერებამ და ფულმა არ გაჭრა? უარი უნდა თქვას თუ არა მთავრობამ ხუდონჰესის აშენებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ ამ კონკრეტული ჰესის აშენებისგან საქართველოსთვის სარგებელი მეტია, ვიდრე ზიანი?

სტუდენტებმა ორი გამოსავალი დაასახელეს. პირველი: უნდა დათმოს საზოგადოების პროგრესზე ორიენტირებულმა ნაწილმა, რადგან ტრადიციული საზოგადოება უფრო ძლიერია და ძალადობის გარეშე მისი დამარცხება შეუძლებელია; სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა კი აღარასოდეს უნდა გამეორდეს. მეორე, პირველის საპირისპირო: პროგრესზე ორიენტირებულმა ნაწილმა კი არ უნდა დათმოს, არამედ ჭკუით უნდა აჯობოს ტრადიციულ საზოგადოებას და მოძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზა.

ახალგაზრდების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პროგრესი ქართული იდენტობის მტერია, სახელმწიფოს არჩევანი უნდა იყოს მუდმივი წინსვლა და არა ტრადიციებს ჩაბღაუჭება.

* * *
უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, ხელისუფლებამ სახელმწიფოს პრიორიტეტად დაასახელა დემოკრატიის მშენებლობა, ევროინტეგრაცია და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. თუმცა, განვითარების ამ მრავალგზის დეკლარირებულ ვექტორს მოსახლეობის ცნობიერების მთლიანი სურათი ოდნავაც არ შეუცვლია: მცირე ნაწილი საკუთარ თავს მიაკუთვნებს სამოქალაქო საზოგადოებას, დანარჩენ ნაწილს კი სამოქალაქო საზოგადოება მუქთამჭამელების ერთობად და/ან ქვეყნის მტრად მიაჩნია.

წლების განმავლობაში, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს განუვითარდა განცდა, რომ უმცირესობა მთელ ქვეყანას თავს ახვევს უცხო იდეოლოგიას და ებრძვის ყველაფერს ქართულს.

როგორ უნდა აჯობოს უმცირესობამ უმრავლესობის ნებას? როგორ უნდა აჯობოს სამოქალაქო საზოგადოებამ ტრადიციულ საზოგადოებას? კანონმა - ხატზე დაფიცებას? კრიტიკულმა აზროვნებამ - სხვისი აზრის ბრმად გაზიარებას?

ერთი გამოსავალი სახელისუფლო ბერკეტების ამოქმედება და ტრადიციული ცნობიერების იძულებითი ამოძირკვაა. მაგრამ ეს მოკლევადიან შედეგზე გათვლილი, არასტაბილური განვითარების გზაა, რომელიც, დეკლარირებული პრინციპების საპირისპიროდ, ღრმად ლახავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს.

არსებობს მეორე გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ განვითარებას მშვიდობიანი თანაარსებობის სივრცეში. ეს არის ადამიანის ღირსების პატივისცემა; პარალელურად, სისტემური განათლება და რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ინფორმაციის შეტანა ტრადიციული საზოგადოების წიაღში.

* * *
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამდა პირველ სტრატეგიაზე დაყრდნობით და როგორც შეეძლო, ისე ჩაგრავდა საზოგადოების ტრადიციულად მოაზროვნე ნაწილს. სააკაშვილის მომხრეები ამ სტრატეგიას ამართლებდნენ და თავს კომფორტულად გრძნობდნენ „ბნელების“ ჩაგვრის ფონზე. სინამდვილეში, პირველი სტრატეგიის არჩევით სააკაშვილი თავად დაშორდა პროგრესს, რომელზეც მუდმივად საუბრობდა, როგორც საკუთარ იდეალზე.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩაგვრის წნეხი მოხსნა და ტრადიციული ცნობიერება (ისევე, როგორც საზოგადოება მთლიანად) დიდი ტვირთისგან გაათავისუფლა.

როდესაც ხელისუფლების მხრიდან წნეხი ძლიერდებოდა, ჩაკეტილი საზოგადოებიდან პროტესტის ხმაც იკლებდა; როდესაც ხელისუფლების მხრიდან წნეხი მოიხსნა, პროტესტმაც მკვეთრი ფორმები შეიძინა, რისი გამოხატულებაც იყო აქციის სასტიკი დარბევა 2012 წლის 17 მაისს.

ამ დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არსებობს როგორც ღია საზოგადოებისკენ სწრაფვა, ისე ჩაკეტილი საზოგადოების გააგრესიულებული, ენერგიული სეგმენტები.

სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, როგორმე ყველაფერი შეცვალოს; ტრადიციული საზოგადოება ცდილობს, როგორმე ყველაფერი ძველებურად შეინარჩუნოს და არაფრის შეცვლა არ დაუშვას. ეს არის კონფლიქტის არსი და, სინამდვილეში, ამ კონფლიქტის დინამიკა განსაზღვრავს, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო წლების და ათწლეულების შემდეგ.

* * *
ბიძინა ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში სწორედ იმით იყო საინტერესო, რომ მან მოიტანა მეორე სტრატეგიაზე და, შესაბამისად, რეალურ პროგრესზე გადასვლის დრო - მშვიდობიანი თანაარსებობის, განათლების პრიორიტეტად გადაქცევის, კრიტიკული აზროვნების წახალისების, შემოქმედებითი სულისკვეთების გაღვივების, ნამდვილი სამოქალაქო იდეალების ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუქცევადად დამკვიდრების დრო.

თუმცა, სწორედ მაშინ, როდესაც პროგრესის პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება უნდა დაწყებულიყო, გაჩნდა განცდა, რომ ყირამალა სკუპით ისევ წრეზე აღმოვჩნდით.

ამ განცდის ერთ-ერთი ძლიერ წყაროდ იქცა პრემიერის მოთხოვნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში უნდა დასრულდეს და რომ მარგველაშვილის მიმართ ნდობით საქართველოს მოსახლეობამ, სინამდვილეში, ივანიშვილის მიმართ ნდობა უნდა დაადასტუროს. ასეთ მოთხოვნას, რა გათვლაც უნდა ედოს მას საფუძვლად, საერთო არაფერი აქვს საზოგადოების კრიტიკული აზროვნების უნართან და, ზოგადად, პროგრესთან.

არსებობს სხვა ფაქტორებიც: ერთი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობასა და საპრეზიდენტო პოსტის დაკავებისკენ სწრაფვა; პრემიერის მიერ მთავარ პოსტებზე მემკვიდრე-ფავორიტების დატოვება; განათლების სისტემური რეფორმის გაურკვეველი ვადით გადადება; კრიტიკის მიმართ მეტისმეტი მოწყვლადობა; ჰორიზონტალური ურთიერთობების კონტექსტში (პრემიერი - ჟურნალისტები - ექსპერტები) იერარქიული ტონის და სემანტიკის შემოტანა. ეს და რამდენიმე სხვა მსგავსი ფაქტორის გამო გაჩნდა განცდა, რომ მორიგ ჯერზე გვერდზე გვრჩება პროგრესის გზა.

სამართლიანობისთვის ვიტყვი, რომ ახალი წრე ძველისგან ბევრად განსხვავდება და პროცესი უფრო სპირალს წააგავს: ბევრი ფუნდამენტური მანკიერება დაძლეულია და, რაც მთავარია, ადამიანის ფაქტორი დღეს მეტად ფასობს, ვიდრე ოდესმე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ უნდა დაადასტუროს ხაიშის ამბავმა და, ზოგადად, მომავალმა პოლიტიკურმა პროცესმა: შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო, რომ გადადოს ხუდონჰესის მშენებლობა მანამ, სანამ საზოგადოებაში თანხმობას არ მიაღწევს ამ საკითხთან დაკავშირებით? შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო, რომ პატიოსნად მიიყვანოს ბოლომდე საპრეზიდენტო არჩევნები (მაშინაც კი, თუ შედეგები მოსალოდნელისგან განსხვავებული აღმოჩნდება)? შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის გადაანაწილოს? შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო, რომ რეალურად დაამკვიდროს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ჩინოვნიკები აიძულოს, მშვიდად აიტანონ, თუნდაც, არაარგუმენტირებული კრიტიკა? შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო, რომ მშვიდობიანად ცვალოს ხელისუფლება ოთხ წელიწადში ერთხელ?

შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო, რომ უზრუნველყოს პროგრესის დამკვიდრება ჰუმანური პოლიტიკით, მათ შორის, ტრადიციული ცნობიერების (ესე იგი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის) პატივისცემისა და ტრადიციულ საზოგადოებაში ინტენსიური განათლების შეტანის გზით?

ეს არის დღეს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის წარმატებით დაძლევა შეუძლებელია პირფერობის აღზევებით, გაუნათლებლობით, შენიღბული ძალადობით, დილეტანტიზმით, ანგარებითა და უსინდისობით; მაგრამ შესაძლებელია საკუთარი თუ სხვისი ღირსების პატივისცემითა და ღრმა პატიოსნებით.

* * *
ეს არის სტანდარტი და ნდობას იწვევს მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად.