2004 წლის აპრილში CBS-ის პროგრამა „60 წუთში“ გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც ასახავდა ბაღდადის აბუ ღრაიბის ციხეში ერაყელი პატიმრების წამებისა და უკიდურესი შეურაცხყოფის ფაქტებს ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან. ამ შემაძრწუნებელი ფოტოების გამოქვეყნებამ უდიდესი სკანდალი გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოში.
18 სექტემბერს ღამით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპულ სტრუქტურებში „ახალი აბუ ღრაიბი“ უწოდეს საქართველოს ციხეებში პატიმრების (მათ შორის, არასრულწლოვანი პატიმრების) წამების ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც „მეცხრე არხმა“ და „მაესტრომ“ გამოაქვეყნეს. 19 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადადგომის განცხადება დაწერა, ხოლო მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათი თანამშრომელი.
მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში...
საერთო მღელვარების ფონზე გაჩნდა საფრთხე, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ათიოდე დღეში საზოგადოებრივი პროტესტი უმართავი გახდეს და ხელისუფლებას არჩევნების გადადების მიზეზი მიეცეს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და არჩევნების გადადების საფრთხეზე საუბარი პირველად ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ კი საზოგადოებრივ და საინფორმაციო სივრცეში არჩევნების გადადების საფრთხეზე მითითების ახალი ტალღა წარმოიქმნა.
ამ შიშს, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გადადების საბაბს ეძებს და, შესაძლოა, თავადაც ქმნის - ასაზრდოებს პრეზიდენტის არაადეკვატური დამოკიდებულება საპარლამენტო არჩევნების მიმართ: 1 ოქტომბრის გამოცხადება დიდგორის ომის დღედ, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოთქმული ბრალდებები და ეპითეტები („წარსულში დაბრუნების მსურველი ძალა“, „რუსეთის ინტერესების გამტარებლები“, „მღრღნელები“, „მუმიები“...) და მიხეილ სააკაშვილისავე მოწოდება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს.
ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, როგორ იქცევა ნაციონალური მოძრაობა, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში არსებობს, ერთი მხრივ, სააკაშვილის საპირწონე ლიდერი და, მეორე მხრივ, სახელისუფლო პარტიის საპირწონე პოლიტიკური ოპოზიცია. ამიტომ, საზოგადოებაში თანაარსებობს ორი მოლოდინი: რომ ნაციონალური მოძრაობა შეეცდება არჩევნების მოგებას ნებისმიერ ფასად; და რომ, შესაძლოა, 1 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება სულაც აღარ შედიოდეს არსებული ხელისუფლების ინტერესებში. აქვე გავიხსენებთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ყველა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციური ვადების დარღვევით ჩატარდა.
ამ ვითარებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 18 სექტემბერს, „მეცხრე არხის“ ღამის სპეციალურ საინფორმაციო პროგრამაში, ამავე ტელევიზიის ბრიუსელის ოფისის წარმომადგენლის, გიორგი ფოფხაძის პირდაპირი ჩართვა (00:43). სწორედ ფოფხაძემ მიაწოდა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები „მეცხრე არხსა“ და „მაესტროს“. ფოფხაძემ განმარტა: „რატომ მოხდა ამ ვიდეოს გასაჯაროება და როგორ მოხვდა ვიდეო ჩვენთან? ადამიანი, ვინც ეს ვიდეო გადაიღო, იყო მერვე საპყრობილის ზედამხედველი, ვლადიმერ ბედუკაძე. ამ ადამიანმა მიატოვა სამსახური, წამოვიდა ბელგიაში და მოითხოვა თავშესაფარი. ვლადიმერ ბედუკაძის არსებობის შესახებ მე გავიგე, როცა დამიკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან მაღალი ჩინოსანი. მე, უბრალოდ, მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან ახლაც იქ მუშაობს. მან მითხრა, რომ არსებობს ასეთი ვიდეო. მე ვკითხე - „მე რატომ?“ „იმიტომ, რომ თქვენ ხართ „რადიო ფრანსის“ ჟურნალისტი, ამდენი წელია, ევროპაში მუშაობთ.“ როგორც ჩანს, ვიღაც სინდისმა შეაწუხა. ამას ევროპულ სტრუქტურებში უკვე დაარქვეს ახალი აბუ ღრაიბი“.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სამი მიმართულებით შეგვიძლია ვიფიქროთ:
1. გიორგი ფოფხაძე არ ამბობს სიმართლეს, როდესაც სკანდალური მასალის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ მაღალჩინოსანს მიაწერს.
2. თუ გიორგი ფოფხაძე მართალს ამბობს (რაში ეჭვის შეტანის მიზეზს პირადად მე ვერ ვხედავ, მათ შორის, საქმის დელიკატურობის და მნიშვნელობის გათვალისწინებით), გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არის მაღალი თანამდებობის, სულ ცოტა, ერთი პირი, რომელიც დაინტერესებულია, რომ არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენოს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომელმაც ფოფხაძეს დაურეკა და ვიდეომასალის არსებობის შესახებ აცნობა, მოქმედებდა იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან არის შეთანხმებული და მიზნად ისახავს არჩევნების წინ მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას.
ამ ვერსიებიდან რომელია სანდო და მართალი, რამდენიმე დღეში გამოჩნდება. თუმცა, საღი აზრის პრინციპიდან გამომდინარე, არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ უნდა ამოძრავებდეს განზრახვა, რომ ისტორიას შემორჩეს, როგორც „ახალი აბუ ღრაიბის“ ავტორი.