ყავა დიაბეტისა და კიბოს შემთხვევებს ამცირებს

კოფეინიანი სასმელები ადამიანების უმრავლესობის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. სხვადასხვა რაოდენობის კოფეინს შეიცავს ყავა, ჩაი, გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელები. ენერგიის მატებისა და გამოფხიზლების ფუნქციასთან ერთად, კოფეინიან სასმელებს, განსაკუთრებით ყავას და ჩაის, სოციალიზაციის დროს რიტუალური დანიშნულებაც კი აქვს.

ფართო მოხმარებიდან გამომდინარე, ყავის სამედიცინო თვისებებზე უკანასკნელ პერიოდში არაერთი კვლევა ჩატარდა. ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ყავა ასობით ნივთიერებას შეიცავს. ზოგიერთ მათგანს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ვიტამინ B2-ს (რიბოფლავინს), ანტიოქსიდანტებსა და ფიტოქიმიკატებს.

ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა 1995 წელს ჯანმრთელობაზე ყავის გავლენის შესწავლა დაიწყო და ამისთვის მასშტაბური კვლევა ჩაარატა, რომელშიც 400 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ის მონაწილეებს კვლევის დაწყებიდან გარდაცვალების დღემდე ან 2008 წლის 31 დეკემბრამდე აკვირდებოდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყავის მსმელებს კარდიოვასკულარული დაავადებების 10 პროცენტით ნაკლები ალბათობა ჰქონდათ. გარდა ამისა, ყავის მომხმარებლებში გაცილებით დაბალი იყო მეორე ტიპის დიაბეტის, სასუნთქი სისტემების დაავადებების, ინფარქტისა და ინფექციური დაავადებების შემთხვევები. კვლევის თანახმად, ყავა ასევე ამცირებს ალცაიმერის შემთხვევებს და სხვადასხვა სახეობის კიბოს, განსაკუთრებით, მამაკაცებში.

ყავის ზომიერ მოხმარებას (დაახლოებით, 2-3 ფინჯანი დღეში) და ჯანსაღი ცხოვრების სტილს გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ყოველდღიურად კი კოფეინი ჩვენს ნივთიერებათა ცვლაზე აი ასე მოქმედებს:

მიღებიდან რამდენიმე წამში კოფეინი კუჭისა და წვრილი ნაწლავის გარსში გაიწოვება და იქედან მთელს ორგანიზმში გადადის. ალკოჰოლის მსგავსად, კოფეინი იმ მცირეოდენი ქიმიური ნივთიერებების სიაში შედის, რომლებიც ქონსა და სითხეში ერთნაირად გაიწოვება. შესაბამისად, კოფეინი ადამიანის თითქმის ყველა ბიოლოგიურ სითხეში მიღებიდან რამდენიმე წუთში ფიქსირდება.

მომდევნო 10 წუთის განმავლობაში კოფეინი ტვინში ნეიროგადამცემებზე იწყებს მოქმედებას. მისი ქიმიური შემცველობა ადენოცინის იდენტურია. ადენოცინი ნეიროგადამცემია, რომელიც ტვინში წარმოიქმნება და ორგანიზმის დაღლის შემთხვევაში ნერვული სისტემის მოქმედებას ანელებს. კოფეინი ადენოცინის მოლეკულებს უერთდება და მათ ფუნქციას უკარგავს. შედეგად, ტვინს ორგანიზმის დაღლაზე ინფორმაცია აღარ მიეწოდება და აქტიურად გრძელდება ისეთი მასტიმულირებელი ქიმიკატების წარმოქმნა, როგორიცაა ენდორფინი და გლუტანიმი.

მიღებიდან 30-45 წუთში კოფეინი მოქმედების პიკს აღწევს. ამ დრისთვის ის ტვინში დოპამინის გაწოვის შენელებას იწვევს. ეს კონკრეტული ნეიროგადამცემი გვეხმარება შევინარჩუნოთ კონცენტრაცია, ყურადღება და მოტივაცია. (მას ასევე შეუძლია შიშის გამოწვევა.) იმის გამო, რომ კოფეინი ორგანიზმს ბიოლოგიური პროცესების შენელების უნარს უსუსტებს, 30-45 წუთში თირკმელებიც იწყებს მასზე რეაგირებას და ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას ააქტიურებს.

დაახლოებით ერთიდან ხუთ საათამდე, ორგანიზმი აცნობიერებს, რომ მასზე არა-ბიოლოგიური ნივთიერება მოქმედებს და თავდაცვის მიზნით ადრენალინს გამოყოფს. კოფეინის მიღების შემდეგ ხშირად გვიჩქარდება გული და გვიწევს წნევა. ეს პროცესები ადრენალინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას უკავშირდება. თავდამსხმელის - ამ შემთხვევაში, კოფეინის - ორგანიზმიდან გამოსადევნად, ტვინი ადრენალინის წარმოებით გულისცემის აჩქარებას, სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და ღვიძლს სიგნალს უგზავნის, რომ კოფეინის მოლეკულებს თავს დაესხას. ღვიძლის ფერმენტები, თავის მხრივ წარმოქმნიან მეტაბოლიტების (თეობრომინი, თეოფილინი და პარაქსანთინი), რომლებიც კოფეინის მოლეკულებს შლიან. ამ ნივთიერებების ზემოქმედების გამო დიდი რაოდენობით კოფეინის მიღების შემდეგ ხშირად გვეწყება მოუსვენრობა, დაძაბულობა და ზოგჯერ სუსტი კანკალი. ღვიძლს კოფეინის მოლეკულების დასაშლელად, დაახლოებით, ექვსი საათი სჭირდება, თუმცა ეს დრო ინდივიდუალურად მერყეობს. მაგალითად, მწეველებში ეს პროცესი გაცილებით მოკლე დროში მთავრდება ორგანიზმში სიგარეტიდან შესული ქიმიკატების გამო.

ექვსიდან თორმეტ საათში ნეირომატარებლებსა და კოფეინს შორის ბრძოლა კოფეინის დამარცხებით მთავრდება. ორგანიზმი იწყებს ნივთიერებათა ცვილის პროცესში კოფეინით დარღვეული ბუნებრივი ბალანსის აღდგენას - სისხლ-ძარღვები ფართოვდება, გულისცემა ბუნებრივ რიტმს უბრუნდება და ნეიროგადამცემები საკუთარ ფუნქციებს იბრუნებენ. ამ დროს ხშირია სუსტი თავისტკივილი და დაღლილობა. ასე იწყება და მთავრდება ჩვენი ურთიერთობა კოფეინთან და მომდევნო ფინჯანი ყავა, ჩაი ან "რედ ბული" პროცესს თავიდან იწყებს. წლების მანძილზე კი კოფეინსა და ჩვენს ორგანიზმს შორის ბრძოლას დადებითი შედეგები მოაქვს.