წყალი - ჰოლანდიის სიმდიდრე

მოტივტივე პავილიონი როტერდამში

წყალი ჰოლანდიაში მხოლოდ საფრთხესა და ზღვის დონეზე დაბლა მდებარე ტერიტორიების დატბორვასთან არ ასოცირდება, არც მხოლოდ ძლიერი დამცავი ნაგებობების შექმნაზე ფიქრობენ. წყალი ამ ქვეყანაში უყვართ და ამ ბუნებრივ რესურსს მაქსიმალურად იყენებენ, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც ჰოლანდიაში მედიატურის დროს ქართველმა ჟურნალისტებმა ვნახეთ, მიწისქვეშა სარწყავი სისტემა იყო. ირიგაციის ახალი სისტემის ნახვის საშუალება ქვეყნის სამხრეთით, ბელგიის საზღვართან ახლოს მდებარე დასახლებაში მოგვეცა.

ნაწვიმარია, ადგილობრივი გლეხები მინდორში მუშაობენ – პატარა ხის ტოტებს გულმოდგინედ არჭობენ ნათესების გრძელ ზოლებში, რომლებსაც მთელ სიგრძეზე ცელოფნის პარკი აქვს გადაფარებული. გლეხებთან ერთად წყლის მართვის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი კასპერ ლამბრეტსი გვხვდება და სარწყავ სისტემას გვათვალიერებინებს. თავიდან გვგონია, რომ სადმე ახლომახლო წყლის არაერთი მილი უნდა იყოს, რეზერვუარები, რაღაც დანადგარები, მოკლედ, პირველივე ასოციაცია, რაც სარწყავი სისტემის შესახებ გიჩნდება, უცებ შეიძლება წარმოიდგინო. მაგრამ არაფერი მსგავსი ახლომახლო არ ჩანს. თურმე აქ ნათესებს წყლისქვეშა სისტემით რწყავენ:

„წყალი აქ მიწის ქვემოდან ამოდის, ნათესები მიწისქვეშა სისტემების დახმარებით ირწყვება. გლეხებს შეუძლიათ ისარგებლონ არხების წყლით, თუმცა მომსახურებაში გარკვეულ თანხას იხდიან, ჩვენს სამსახურს კი წყლის რეგულირება ევალება. სხვადასხვა დროს ხომ სხვადასხვანაირი წნევაა საჭირო. ჰოლანდიაში წყლის მართვის 25 რეგიონალური სამსახური მუშაობს, რომელიც მუდმივად აკონტროლებს წყლის სისუფთავეს, ხარისხს, დონეებს, და ა.შ. აი, აქ მიწაში დამონტაჟებულია სადრენაჟე სისტემა, რომლითაც შეგიძლია აკონტროლო წყლის დონე. შეგიძლია წყალს დაუწიო, თუ წვიმიანი ამინდებია ან, პირიქით, მოუმატო, თუ გვალვაა“.

ალაგ-ალაგ მიწაში ჩაფლულ მსხვილი მილის მსგავს მოწყობილობას ვხვდებით. აქედან თურმე წყალს არეგულირებენ:

კასპერ ლამბრეტსი

„,ახლა გაჩვენებთ როგორ მუშაობს ეს სადრენაჟე სისტემა და აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ეს ნაწილი ზღვის დონიდან 12-13 მეტრით მაღლაა. შარშან საკმაოდ წყალუხვი წელი იყო, ხშირად წვიმდა. ასეთ დროს ჩვენი სისტემებით ვცდილობთ ხოლმე წვიმის წყალი მიწაში შევინახოთ და გვალვების დროს გამოვიყენოთ. ეს ძალიან ეფექტურია, რადგან გვალვის დროს მეტი წყალი გრჩება, რომელსაც სოფლის მეურნეობას ახმარ. მიწაში არსებული სადრენაჟე სისტემით ჩვენ წყლის დონეს ვარეგულირებთ - კონკრეტულად კი, აი, ასეთი მილებით. წყალი აქედან იკეტება ან, პირიქით, როცა მიწაზე ტექნიკით მუშაობა უწევთ გლეხებს, მაშინ წყლის დონეს ვაკლებთ, ხანდახან კი, როცა მშრალი ამინდებია, პირიქით, შეგვიძლია მიწის ქვეშ წყლის დონე ავწიოთ“.

გამართული სარწყავი სისტემის გარდა, ჰოლანდიელ გლეხებს კარგი მოსავლის მიღებაში თანამედროვე ტექნოლოგიების კომპანია „დაკომიც“ ეხმარება, რომელიც მათ სასოფლო-სამეურნეო უახლეს სისტემებს, კერძოდ, სპეციალურ მინი მეტეოსადგურებსა და მიწაში წყლის საზომ აპარატურას სთავაზობს. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, პატარა, ყვითელი ფერის მოწყობილობები სახნავ-სათეს მიწაშია დამონტაჟებული და ადგილობრივ ფერმერებს მათთვის სასარგებლო ინფორმაციას აწვდის. ”დაკომის” წარმომადგენელი ალფრედ როლი გვიხსნის, თუ როგორ მუშაობს ეს დანადგარები:

ჰოლანდიელი გლეხი

„ეს სისტემა ყოველ 10 სანტიმეტრში სიღრმეზე ზომავს, რამდენად საკმარისია წყალი მიწაში, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ფერმერს ვურჩიოთ, თუ რა რაოდენობის წყალი სჭირდება მის მიწას მოსარწყავად. „დაკომი“ გლეხებს რჩევებს მარტო საირიგაციო სისტემებთან დაკავშირებით არ აძლევს. თქვენ ხედავთ მეორე სისტემას, პატარა მეტეოსადგურს, რომელიც ამინდს ზომავს და წინასწარ ინფორმაციას გაძლევს, თუ როდის ჯობს მოსავლის დაბინავება. ეს სისტემა მზის ენერგიაზე მუშაობს, დაგროვილ ინფორმაციას ჯიპიარესის საშუალებით ქვესადგურს გადასცემს, სადაც შემდეგ მონაცემები ჯამდება, გაანალიზდება და ფერმერს ან მის მობილურზე ეგზავნება ესემეს-ით, ან, ჩვეულებრივად, ელექტრონული ფოსტით მისდის თავის კომპიუტერში“.

რადგან ჰოლანდიაში თითქმის ყველგან წყალია, კიდევ რა შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა? რა და, არც მეტი, არც ნაკლები, მოტივტივე სახლები. ასეთი პირველი შენობები როტერდამში ვნახეთ - მრგვალი ფორმის პავილიონი, რომელიც მთლიანად ახალი ტექნოლოგიებითაა აშენებული და მზის ენერგიით თბება. განათებაც ბუნებრივია. აქვეა მოტივტივე საცხოვრებელი სახლი, რომლის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი, საჩვენებელი ეგზემპლარია აშენებული. თუმცა მომავალში გეგმავენ ასეთი სახლების აგებას და გაყიდვას.
ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელი მარტენ ნიფლზი გვმასპინძლობს მოტივტივე პავილიონში, რომელიც შორიდან ცოტათი გაბერილ ბურთს ჰგავს:

„ჩვენ ახლა მოტივტივე პავილიონში ვიმყოფებით. ეს შენობა ისეა გაკეთებული, რომ შიგნით ძალიან სასიამოვნო კლიმატია. აქ არ არის გათბობის სისტემები, აქაურობა მზის ენერგიით თბება და ნათდება. ამიტომაც თბილა შიგნით და ასეთი სასიამოვნო გარემოა”.

მაგრამ რატომ არ ვტივტივებთ? - ვეკითხებით ჩვენს მასპინძელს, რადგან რყევას მართლაც ვერ ვგრძნობთ.

ნიადაგში ტენიანობის საზომი სისტემა ჰოლანდიაში

„როგორ არა, ეს შენობა ტივტივებს, მაგრამ ისეთი სისტემითაა გაკეთებული, რომ თქვენ ვერ გრძნობთ ამას. ძალიან სტაბილურია. ეს სპეციალური სისტემა ამ შენობის საძირკველშია დატანილი, იატაკში. წყალსაც კი, რომელსაც აქ ვიყენებთ, ისევ ვფილტრავთ აქ არსებული სისტემებით და ხელახლა ვიყენებთ. ეს პავილიონი სხვადასხვა შეხვედრებისთვის გამოიყენება. ხან ექსპოზიცია ეწყობა, ხან დისკუსია ტარდება... ერთგვარი საჩვენებელი ადგილიცაა, თუ როგორ გამოიყურება მოტივტივე შენობა, რომლის მსგავსიც შესაძლოა ბევრი აშენდეს ახლო მომავალში“.

მომავალ კვირას თბილისში, საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ორგანიზებით, ჰოლანდიის წყლის დღეების კვირეული იხსნება. საქართველოში ნიდერლანდების სამეფოდან წყლის სექტორის არაერთ წარმომადგენელს ელიან. რადგან წყლის ნაკლებობას არც საქართველო უჩივის და ჩვენთანაც დაახლოებით იგივე საკითხებია აქტუალური, რაც ჰოლანდიაში - მაგალითად, ნაპირების დაცვა, მდინარეებში წყლის დონეების მართვა, პორტების მოწყობა და ა.შ., - ჰოლანდიელი ექსპერტები წყლის სექტორში მომუშავე ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.