ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ახსნას

ბევრჯერ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს, თუმცა მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღის წინ, ვნახე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე და თანაც ისაუბროს ისე, რომ ერთი წამით არ დაეჭვდეთ მისი ცოდნის საფუძვლიანობაში. 25-26 ივნისს თბილისს ჰანს როსლინგი ეწვია, შვედი ექიმი და სტატისტიკოსი, ფონდ GapMinder-ის დამფუძნებელი, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და... აქ კიდევ უამრავი რეგალია შემეძლო ჩამომეთავალა, მაგრამ შეიძლება ამას მთელი ჩემი პროგრამისთვის გამოყოფილი დრო არ ეყოს.

როსლინგი უნიკალური ადამიანია. როგორც თვითონვე თქვა ლექციაზე, ის ყოველთვის ცდილობს ცალი ფეხით შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში იდგეს, მეორით კი რომელიმე ტაბლოიდის რედაქციაში. მეცნიერებათა აკადემია მას აძლევს ცოდნასა და ინფორმაციას, ტაბლოიდი კი საშუალებას ეს ყველაფერი ადამიანებს ისე მარტივად გადასცეს, რომ ყველამ გაიგოს, თუ რას ფიქრობს მსოფლიოს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. როსლინგმა შექმნა პროგრამა Trendalyzer, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს ინფოგრაფიკებად აქცევს - პროგრამა, რომელიც ხსნის სამყაროს. ამ პროგრამით როსლინგი რამდენჯერმე გამოვიდა TedTalk-ზე, ის მეცნიერმა თბილისშიც გამოიყენა. Trendalyzer-ის დახმარებით, როსლინგი ცდილობს რიცხვები, რომლებიც ასახავენ ადამიანების ყოფას მსოფლიოს სხვადახვა წერტილში, სამყაროს განვითარების დინამიკად აქციოს. მაგალითად, როსლინგი პროგრამის მეშვეობით გვაჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში დემოგრაფიის კუთხით 100 წლის წინ და როგორ ვითარდებოდა ქვეყანა ამის შემდეგ, როგორ ურთიერთკავშირშია ეს მონაცემი მთლიან შიდა პროდუქტთან ან ქალთა განათლების ხელმისაწვდომობასთან. ამ მონაცემების მიხედვით, როსლიგნს შეუძლია გითხრათ, რომ თუ საქართველო განაგრძობს ზრდას, 25-30 წელიწადში საქართველოში ისეთივე ცხოვრების დონე იქნება, როგორიც ახლა დასავლეთ ევროპაშია და ა.შ.

როსლინგმა ისაუბრა, თუ როგორ იცვლება მოსახლეობა გლობალურად, თუ როგორ იცვლება მათი ეკონომიკური მდგომაროება, როგორ იცვლება მათი ცხოვრების დონე და ასევე ცხოვრების ხანგრძლივობა...
მირიან ჯუღელი

ჰანს როსლინგი თბილისში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მოწვევით ჩამოვიდა. მისი გამოსვლის თემა იყო „ინვესტირება ახალგაზრდების განვითარებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში - ინვესტირება ქვეყნის განვითარებაში“. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების სპეციალისტის, მირიან ჯუღელის აზრით, ამ ღონისძიებამ მნიშვნელოვანი ფორუმი შექმნა. ის იმედს გამოთქვამს, რომ როსლინგის ლექციის შემდეგაც გაგრძელდება დისკუსია და საუბარი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, განათლებაზე და ა.შ. მირიან ჯუღელი საჯარო ლექციის შესახებ ამბობს:

„როსლინგმა ისაუბრა, თუ როგორ იცვლება მოსახლეობა გლობალურად, თუ როგორ იცვლება მათი ეკონომიკური მდგომაროება, როგორ იცვლება მათი ცხოვრების დონე და ასევე ცხოვრების ხანგრძლივობა. მან ძალიან საინტერესო რამ თქვა, რომ დღეს ჯანდაცვის სისტემა ყველაზე მაღალ დონეზეა, რაც კი აქამდე ყოფილა და მან ეს გლობალური კონტექსტი საქართველოსთან მიმართებაში გააანალიზა. როსლინგმა გვანახვა, თუ როგორ განვითარდა საქართველო, როგორ ჰქონდა ჩავარდნები ომების დროს, როგორ ვითარდება ახლა ის ნელ-ნელა და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ორიენტირი აღებული აქ დასავლეთისკენ, როგორ აქვს შანსი საქართველოს, რომ მალე გახდეს „უკუაბრეშუმის გზა“, რომელშიც ევროპა საქართველოს გამოიყენებს იმისთვის, რომ გაგზავნოს ტვირთები აზიაში“.

როსლინგის ლექციიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა შეიძლება გამოვყოთ. პირველ რიგში, რაც დამსწრეებისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, ეს იყო მსოფლიოს დემოგრაფიული და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და საქართველოს როლი „მომავლის მსოფლიოში“. როსლინგმა თქვა, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდა ნაკლებად შეეხება, ასე ვთქვათ, „ძველ დასავლეთს“ (ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას). მისი პროგნოზით, მოსახლეობის ზრდა გაგრძელდება აფრიკასა და აზიაში, რაც ამ ორ რეგიონს მსოფლიოს ეკონომიკის ცენტრად გადააქცევს. საქართველოს კი ამ შემთხვევაში ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან სწორედ საქართველო აღმოჩნდება ყველაზე ახლოს მზარდ რეგიონთან.

ლექციას ესწრებოდა ეპიდემიოლოგ-ბიოსტატისტიკოსი დავით ბალიაშვილი. ის ამბობს, რომ ხედვა, რომელიც როსლინგმა წარმოადგინა, მისთვის სიახლე იყო:

„საქართველო, როგორც როლინგს ჰქონდა ლექციაზე წარმოდგენილი, ჩემთვის ცოტა ახალი იყო. ის, რომ ვექტორი უფრო აღმოსავლეთით ინაცვლებს და საქართველო დასავლეთისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო წერტილი აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. თუ მისი პროგნოზები გამართლდება, შეიძლება საკმაოდ საინტერესო ადგილი დაიკავოს საქართველომ მომავლის მსოფლიოში“.

ჰანს როსლინგი

ლექციაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ოჯახის დაგეგმარებასა და გენდერულ საკითხებს. როსლინგმა ილაპარაკა საკუთარი გამოცდილების შესახებ, თუ როგორ იგეგმება ოჯახი სხვადასხვა ქვეყანაში. მისი მონაცემებით, ახლა ყველაზე მზარდი რეგიონი აფრიკა იქნება, თუმცა, მისი პროგნოზით, მსოფლიო, სავარაუდოდ, 10 მილიარდ ადამიანზე შეჩერდება, რის შემდეგაც მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელდება. როსლინგი ხშირად ახსენებდა „გენდერულ საკითხებს“ და ბევრი პრობლემის მიზეზად მიიჩნევდა. მან წარმოადგინა მონაცემები, თუ რომელ ქვეყნებში იღებენ ქალები საშუალო განათლებას მეტად და სად არ აქვთ მათ ამის შესაძლებლობა. ამას მოჰყვა აბორტების და კონტრაცეპტივების მოხმარების სტატისტიკაც, რომელთა ურთიერთდამოკიბულებამაც ბევრი საფიქრალი უნდა გაუჩინოს განათლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის საშუალო განათლების მიღების პრობლემა საქართველოში არ დგას და ამ მაჩვენებლით საქართველო დასავლეთევროპულ ქვეყნებს არ ჩამორჩება, ქვეყანაში, ფაქტობრივად, აბორტების რაოდენობა, შობადობის რიცხვის ნახევარია. ასევე დაბალია კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელიც.

როსლინგმა ლექციაზე დიდი დრო დაუთმო მოზარდებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სექსუალური განათლების საკითხს, როგორც განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორს. მან ისაუბრა ბავშვების აღზრდაზე და მოიყვანა საკუთარი მაგალითი, თუ როგორ დარჩა 6 თვის შვილთან მარტო, როცა ცოლმა გადაწყვიტა სამსახურს დაბრუნებოდა. მერე კი ყველა დამსწრე კაცს ურჩია აუცილებლად მიეღოთ მონაწილეობა შვილების აღზრდაში, აუცილებლად დაემსხვრიათ გენდერული სტერეოტიპები, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახებში, ვინაიდან, როგორც თვითონ რამდენჯერმე გაიმეორა, დღეს ყველაფერი წყდება საძინებელში.