საქართველოში გზავნილები

მსოფლიოს მასშტაბით, 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. მიგრანტების ფულადი გზავნილები ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტს და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6 პროცენტს შეადგენს.

2016 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $105.8 მილიონი, ანუ 245.4 მილიონი ლარი, შეადგინა, რაც 25.3 %-ით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად საბერძნეთიდან, აშშ-იდან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. გასული წლის ივლის-აგვისტოში საბერძნეთში საგარეო ვალის კრიზისი იყო, რის გამოც საბერძნეთმა ყველა საერთაშორისო გადარიცხვა, დაახლოებით, ერთი თვით შეაჩერა. ამ შეჩერების გამო გასული წლის აგვისტოში საბერძნეთიდან საქართველოში მილიონ დოლარზე ნაკლები გადმოირიცხა, წელს კი საბერძნეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $10 მილიონი შეადგინა.

ფულადი გზავნილების მიხედვით, აგვისტოში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება: რუსეთი – $37 მილიონი, აშშ – $11.7 მილიონი, იტალია – $10.5 მილიონი, საბერძნეთი – $10.4 მილიონი, თურქეთი – $8 მილიონი, ისრაელი – $5.5 მილიონი, ესპანეთი – $3 მილიონი, აზერბაიჯანი – $2.5 მილიონი, გერმანია – $2.4 მილიონი, გაერთიანებული სამეფო – $2.4 მილიონი.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ცალკეული ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია. ზოგადად, რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მიგრანტთა დანიშნულების ნომერ პირველ პუნქტად რჩება დღემდე და საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ქვეყანაა. ამასთან, მსოფლიო ბანკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართველ მიგრანტთა მასშტაბურ რაოდენობას - მილიონ ადამიანზე მეტს - ასახელებს.

თუმცა, თუ გზავნილების წყაროების სტრუქტურაში ქვეყნებს გადავხედავთ, ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნების როლი გზავნილებში იზრდება. შესაბამისად, იზრდება საქართველოს დამოკიდებულებაც ამ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებაზე. გასული წლები, ამ თვალსაზრისით, არ იყო მარტივი: რუსეთის კრიზისი, ევროკავშირის ქვეყნების - განსაკუთრებით, საბერძნეთის - კრიზისი ამ ქვენებში საქართველოდან ჩასულთა შემოსავლებზე მკვეთრად უარყოფითად აისახა და, შესაბამისად, აისახა გზავნილებზეც. დღეისთვის ეს კრიზისი დაძლეულია და გზავნილების ზრდაც ნელ-ნელა დაიწყო.

რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილ თანხებს, აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში $17.3 მილიონი გაიგზავნა, რაც, წინა წელთან შედარებით, $5 მილიონით მეტია.