გასული წლის პრობლემების შემდეგ საქართველოს ღვინის მწარმოებელთა სექტორს 2017 წელი გაცილებით წარმატებული დაუდგა. თუ 2016 წელი ღვინის ექსპორტის კატასტროფული ვარდნით და უკვე ექსპორტირებულ ღვინოზე დოლარში დენომინირებული ფასის ვარდნით აღინიშნა (ტრადიციულ ბაზრებზე ვალუტების კურსის მნიშვნელოვანი ვარდნის გამო), წლევანდელი წელი ექსპორტის ზრდით დაიწყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ბაზარი ფართოვდება დივერსიფიკაციის მიმართულებით და, ამასთანავე, იზრდება ტრადიციულ ბაზრებზე გატანილი პროდუქტის მოცულობა, კერძოდ:
Your browser doesn’t support HTML5
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91 %-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში პირველობას ისევ არ თმობს 2012 წლის შემდეგ გახსნილი რუსეთს ბაზარი: რუსეთი (5 მილიონ 717 ათასი ბოთლი), უკრაინა (859 ათასი), ჩინეთი (832 ათასი), ყაზახეთი (389 ათასი) და პოლონეთი (312 ათასი).
საინტერესოა ჩინეთის ფაქტორი, სადაც ჯერ კიდევ პირველი საცდელი ექსპორტის პირობებშიც კი ექსპორტის მოცულობა უკვე ტრადიციული ბაზრის - უკრაინის -მონაცემებს გაუტოლდა.
ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება: აშშ - 320 %; ჩინეთი - 280 %; კანადა - 238 %; გერმანია - 151 %; რუსეთი - 123 %; ლატვია - 85 %; ყაზახეთი - 15 %; უკრაინა - 32 %; შესაბამისად, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის სწორედ შედარებით არატრადიციულ ბაზრებზე, რაც ღვინის ბიზნესის მიერ საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების მცდელობაზე მიანიშნებს.
რაც შეეხება საქართველოში წარმოებულ სხვა ალკოჰოლურ პროდუქციას: საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 162 305 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ექსპორტირებულია 5,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53 % შეადგინა.
138 %-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119 %-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია, 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.