2007 წლის 7 ივლისს მისისიპის შტატის ქალაქ ჯექსონში გაიმართა ახალგაზრდა ვოკალისტის, გიტარისტის, ტუჩის გარმონზე დამკვრელისა და კომპოზიტორის, გრეიდი ჩემპიონის, კონცერტი. რეპერტუარის ნახევარზე მეტი მუსიკოსის საავტორო თხზულებები გახლდათ.
Your browser doesn’t support HTML5
მოგვიანებით პერფომანსი ალბომის სახით გამოვიდა, რომელსაც "Back in Mississippi" დაარქვეს. სახელწოდება სიმბოლური იყო, ოღონდ არა იმ აზრით, რომ გრეიდიმ ძველი მისისიპური სიმღერები შეასრულა: არტისტი მანამდე ჰიპ-ჰოპ სცენაზე მოღვაწეობდა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება, ანუ მშობლიურ ბლუზურ ჟანრში საბოლოო გადაბარგება, მან დისკის სახელწოდებაშიც ასახა.
გრეიდი ჩემპიონი 1969 წლის 10 ოქტომბერს მისისიპის შტატის პატარა ქალაქ კენტონში დაიბადა. ჯერ სიმღერა დაიწყო, 8 წლის ასაკში ადგილობრივი ეკლესიის გუნდის წევრი გახდა. შემდეგ გიტარასა და ტუჩის გარმონსაც მარტივად აუღო ალღო. ცოტა რომ წამოიზარდა, ოჯახი საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა, სადაც ჰიპ-ჰოპ კულტურის გავლენის ქვეშ მოექცა და ამ ჟანრში მოსინჯა თავი. როგორც ამბობენ, რეპი არცთუ ურიგოდ გამოსდიოდა, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში ბლუზის სიყვარულმა გადაწონა, საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი დააარსა და სტუდიაში გამოიკეტა.
გრეიდი ჩემპიონის სადებიუტო ალბომი Goin' Back Home 1998 წელს გამოვიდა. არტისტმა თავი ჩინებულ მულტიინსტრუმენტალისტად და, რაც მთავარია, ორიგინალური სტილის მქონე ვოკალისტად წარმოაჩინა. მისი საკომპოზიტორო უნარებით ცნობილი ბლუზური ბრენდი "Shanachie Records"-ი დაინტერესდა, კონტრაქტი გაუფორმა და 2 დისკი -"Payin’ For My Sins" და "2 Days Short Of A Week" - გამოაცემინა. პროექტებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, თუმცა პირველი მნიშვნელოვანი აღიარება ზემოხსენებულ საკონცერტო ალბომს, "მისისიპიში დაბრუნებას", მოჰყვა. გრეიდი ჩემპიონი კრიტიკოსებმა "21-ე საუკუნის ბლუზის იმედად" მოიხსენიეს.
საინტერესო გამოდგა გრეიდი ჩემპიონის 2011 წლის დისკი - "Dreamin". თუ "Back in Mississippi"-ი ან უფრო ძველი ნამუშევრები სტანდარტებით იყო გაჯერებული, ამჯერად ალბომი მთლიანად საავტორო სიმღერებით შეიკრა. პროექტმა "ამერიკული ბლუზის ფონდის" მიერ ორგანიზებულ პრესტიჟულ კონკურსში, "International Blues Challenge"-ში, გაიმარჯვა. გრეიდიმ ისეთ კონკურენტებს აჯობა, ბლუზს ჯერ კიდევ მაშინ რომ ასრულებდნენ, როცა ის დაბადებულიც არ იყო. წარმატებას მუსიკოსისთვის თავბრუ არ დაუხვევია, პირიქით, მეტი მოტივაცია მისცა შემდგომი ექსპერიმენტებისათვის. პირველ რიგში, სიახლე ტექსტებში აისახა. მომდევნო ალბომებში უარი თქვა ტრადიციულ ბლუზურ ბანალურ თემებზე და სოციალურ პრობლემებზე ამღერდა. შეიცვალა მუსიკის სტილისტიკაც. თუ ადრე მის შემოქმედებაში დელტური ბლუზი დომინირებდა, ჟანრობრივი ინტონაციებიც მრავალფეროვანი გახდა: რიტმენბლუზის, სოულის, გოსპელისა და ქანთრის ელემენტები შემოიტანა.