გორის ახლად არჩეული საკრებულო პირველ სხდომაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 40-კაციან საკრებულოში დიდ უმრავლესობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ფლობს. სამი წევრი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ორი წევრი - „ევროპულ საქართველოს“ და თითო-თითო წევრი - „პატრიოტთა ალიანსსა“ და „შენების მოძრაობას“.
Your browser doesn’t support HTML5
უმრავლესობას არ გასჭირვებია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე უპრობლემოდ აერჩია. გორის საკრებულოს თავმჯდომარე 33 ხმით დავით რაზმაძე გახდა. დავით რაზმაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. პოლიტიკური კარიერა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დაიწყო და ბოლოს “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობით გააგრძელა. დავით რაზმაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი აცხადებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად საკრებულო ყველა იმ დაპირების შესრულებას მაქსიმალურად შეეცდება, რაც არჩევნების წინ მოსახლეობისთვის გაიცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი თქმით, გაყალბებული და არალეგიტიმური არჩევნების შედეგად მოსული უმრავლესობის თანამდებობის პირებს ლეგიტიმაციას ვერ მისცემდნენ. ოპოზიციის ორმა წევრმა დარბაზი დატოვა, ერთი წევრი კი, ვასილისა ჯაბახიძე, ამ დროს ხმის დამთვლელ კომისიაში მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით მანაც თანაგუნდელების მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არც „პატრიოტთა ალიანსისა“ და „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიუღიათ. „შენების მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი, ბადრი ნანეტაშვილი, აცხადებს, რომ თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევნები მხოლოდ ფორმალობა იყო.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ ოპოზიციას თანამშრომლობისა და საკრებულოს ტრიბუნის გამოყენებისკენ მოუწოდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს. ნადირაძე პოლიტიკაში ირაკლი ოქრუაშვილის გუნდთან ერთად მოვიდა. ოქრუაშვილსა და სააკაშვილს შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ეს გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმ დროს მარლენ ნადირაძე, რომელიც გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, კორუფციის ბრალდებით დააკავეს და სასჯელსაც იხდიდა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნადირაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ამის შემდეგ ის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. მარლენ ნადირაძე აცხადებს, რომ მისთვის უცხო არ არის საკრებულოში მუშაობა და შეუძლია მუნიციპალიტეტისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთოს.
საკრებულოს პირველივე სხდომაზე ორი ფრაქცია და ხუთი კომისია შეიქმნა. „ქართული ოცნების“ გარდა, წარმომადგენლობით ორგანოში სამკაციანი ფრაქცია შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. გორის საკრებულოში გარკვეული გადანაცვლებები იგეგმება. ახლა ქალაქში ყველა მერის მიერ მოადგილეების დასახელებას ელოდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ -ერთ მოადგილედ საკრებულოს წევრი გელა კაპანაძე მოიაზრება, კაპანაძე ამ გადაადგილებას არ გამორიცხავს.
ახლო მომავალში გორის საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოუწევს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მალე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს.