გორის სამოქალაქო სექტორი მუნიციპალიტეტების გამსხვილების წინააღმდეგ

შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტში

გორის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებისა და მუნიციპალიტეტების გამსხვილების თემებზე სამსჯელოდ. როგორც ცნობილია, მზადდება პროექტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესამცირებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი პოზიცია გორელებმა არაერთხელ დააფიქსირეს. თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი, თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც საზოგადოებას ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის საკითხებზე ესაუბრებოდა, განმარტავს, რომ თუ ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების გამსხვილება ისევ დაიწყო, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. შერგელაშვილს კარგად ახსოვს, როგორ ითხოვდნენ გორელები წლების განმავლობაში გორისთვის ქალაქის სტატუსის დაბრუნებას.

Your browser doesn’t support HTML5

გორის სამოქალაქო სექტორი მუნიციპალიტეტების გამსხვილების წინააღმდეგ

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი თამარ ედიშერაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო მეტად გაააქტიურებენ თავიანთ საქმიანობას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხმა მიაწვდინონ და ხელი ააღებინონ თვითმმართველი ქალაქების შემცირებაზე.

შეხვედრაზე არ მისულან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, თუმცა უნივერსიტეტში მერიის, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გორის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის აქტიურობა თვითმმართველობის საკითხების განხილვისას მნიშვნელოვანია.

გორის გამგებლის მოადგილე გელა კაპანაძე ფიქრობს, რომ ასეთი შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარება ნაადრევია, რადგან მუნიციპალიტეტების გამსხვილების პროექტი ჯერ თვალით არავის უნახავს. იგი ვარაუდობს, რომ გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ გაუუქმდება.

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას გორის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მათი აზრით, ქალაქის საკრებულოში თავისუფლად მოიძებნება 8 ადამიანი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, რომელიც ამ ინიციატივის კანონპროექტად ქცევას შეეწინააღმდეგება. პროცედურულად ამ საკითხის განხილვისას ადგილობრივი საკრებულოს პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას განცხადება წაუკითხეს, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ გორის საზოგადოება ეწინააღმდეგება გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას და მუნიციპალიტეტების გამსხვილებას.