გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ბრძოლას აპირებენ. ისინი უკვე შეუერთდნენ სხვა ქალაქების საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების მიმართვას, რომელიც პრემიერ- მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება.
Your browser doesn’t support HTML5
მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე. ამ თემაზე გორში დისკუსია უფრო ადრე დაიწყო. მოქალაქეები უარყოფითად აფასებენ ინიციატივას , რომელიც 7 ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსსა და მერის პირდაპირი გზით არჩევის უფლებას ართმევს. ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, რომლებიც მუნიციპალიტეტების გამსხვილებას ემხრობიან.
გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია თვითმმართველი ერთეულების კიდევ ერთხელ გამსხვილება. მისი აზრით, მხოლოდ ქვეყნის რეალურ დეცენტრალიზაციას და ძლიერ თვითმმართველობას შეუძლია წარმატების მოტანა. ჩიტაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადვილად არ შეეგუებიან აღნიშნულ ინიციატივას და ბრძოლას გააგრძელებენ.
გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ადგენდნენ პეტიციებს, აგროვებდნენ ხელმოწერებს და პარლამენტს ინიციატივით მიმართავდნენ. ამ პროცესში სხვა ქალაქებიც ჩაერთვნენ და თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება მხოლოდ 2014 წლიდან დაიწყო, როცა ერთიან გორის მუნიციპალიტეტს ცალკე გამოეყო გორი, როგორც თვითმმართველი ქალაქი - გორელებმა პირდაპირი გზით აირჩიეს საკუთარი მერი. გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის, აზრით, მუნიციპალიტეტების გამსხვილება დამოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი ძლიერი თვითმმართველობაა და ამაზე ქვეყნის ხელისუფლებამ უარი არ უნდა თქვას.
ქუჩაში გამოკითხული გორელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გორს ქალაქის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას და მათ მერის პირდაპირი გზით არჩევის უფლება უნდა ჰქონდეთ.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გორში მობილიზაცია უკვე გამოაცხადეს. 12 აპრილს უნივერსიტეტის დარბაზში დიდი შეხვედრა იგეგმება, სადაც გორელები საკუთარ აზრს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ და ხელისუფლებას განზრახვის შეცვლისკენ მოუწოდებენ, ამ შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული.