ჯარიმით შუა გზაზე სიარულს გადაჩვეული გორელები

გორი

შუქნიშანზე წითელი აინთო. მანქანები გაჩერდნენ, მე მიწისქვეშა გადასასვლელს გვერდი ავუარე და ქუჩა გადავკვეთე. ახალგაზრდები მომიახლოვდნენ და საგზაო ნიშანზე მიმითითეს, რომელიც არ შემიმჩნევია, და მითხრეს, ახლა რომ პატრულს დაენახე, 10-ლარიანი ჯარიმა არ აგცდებოდაო. პირობა დავდე, რომ მეტს აღარ გავიმეორებ. გორში სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე ფეხით მოსიარულეთათვის ამკრძალავი ნიშნები ცოტა ხნის წინ გაჩნდა. საგზაო ნიშნები გვამცნობენ, რომ გზაზე გადასვლა აკრძალულია და მიწისქვეშა გადასასვლელით უნდა ვისარგებლოთ, თუმცა, როგორც ამბობენ, შუა გზაზე სიარულის მოყვარული გორელების ნაწილმა ეს ნიშნები ვერ შეამჩნია და სამართალდამცავებმა ადგილზევე დააჯარიმეს. სოციალურ ქსელში კი ამ თემაზე დისკუსია არ წყდება. ზოგი ხუმრობს, ზოგი კი მთელი სერიოზულობით განიხილავს ამ საკითხს: „შუა გზაზე სიარულს გვიკრძალავენ, გორელობას გვართმევენ, ხალხო!“ – „თუ ფეხით მოსიარულეებს აჯარიმებთ, მაშინ იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებიც დააჯარიმეთ, ვინც „ზებრებზე“ მოქალაქეებს გზას არ უთმობს“ -ესაა იმ კომენტარების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც გორელები ფეისბუკში აკეთებენ. გამოთქმა “რა გორელივით შუა ქუჩაში დადიხარ" გორში 1920 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დამკვიდრდა. ამ საშინელი სტიქიის შემდეგ ქალაქის შეშინებული მოსახლეობა ტროტუარებზე, შენობებთან ახლოს სიარულს ერიდებოდა და ასე თაობიდან თაობას გადაეცა ეს ჩვევა.

ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ კი ამ რეალობის შეცვლას აპირებს: მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. ახალგაზრდებმა ქალაქის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „გორი სუფთა და უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში გააფორმეს. მოვლენის ამსახველი რეპორტაჟი ტელეკომპანია „დიას“ ეთერით გადაიცა. ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა.

პროექტის მენეჯერი კატო ქოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ, საგზაო უსაფრთხოებისა და სისუფთავის თვალსაზრისით, ქალაქში ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქტიური ახალგზრდები და მოხალისეები კი ცდილობენ ეს ქალაქი უფრო უსაფრთხო და სუფთა გახადონ.

პროექტის ავტორებს მოწვეული ჰყავთ საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებიც, რომლებიც საგანმანათლებლო შემეცნებით ტრენინგებს ატარებენ და ახალგაზრდებს საგზაო ნიშნების განთავსებისა და სამომავლო აქტივობების შესახებ კონსულტაციებს უწევენ. ამ საქმის სპეციალისტი გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ქალაქის მოსახლეობა მალე იგრძნობს პროექტის შედეგებს.

გორელების ერთმა ნაწილმა ამ პროექტის შედეგი ჯერ მხოლოდ ჯიბეზე იგრძნო. 10- ლარიანი ჯარიმა უკვე არაერთმა მოქალაქემ გადაიხადა და ხელისუფლებას და სამართალდამცავებს მოუწოდა, ჯარიმების პარალელურად, მიწისქვეშა გადასასვლელები მოაწესრიგოს და „ზებრებზე“ გადასვლა უსაფრთხო გახადოს. აღსანიშნავია, რომ მძღოლები ფეხით მოსიარულეთათვის სპეციალურ გადასასვლელებზე მანქანების სვლასაც კი არ ანელებენ, გაჩერებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ამიტომ ცოტა ხნის წინ მოძრაობა „დროამ“ მოაწყო აქცია, სახელწოდებით „ზებრამენი“: ზებრების ფორმებში ჩაცმული ახალგაზრდები საგზაო „ზებრებზე“ დგებოდნენ და მანქანებს გაჩერებისკენ მოუწოდებდნენ. ეს აქცია საკმარისი არ აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში გორელები ერთ გამოთქმასაც იხსენებენ, - „დაჩვეულს ნუ გადააჩვევო“, - მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორედ ჯარიმა გადააჩვევთ, როგორც ეს ღვედის შემთხვევაში მოხდა. სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე ახლა უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს მიწისქვეშა გადასასვლელით და ამით, პირველ რიგში, საკუთარ უსაფრთხოებას იცავს.