მსოფლიო ბანკის ანგრიშის მიხედვით, 2014 წლის სექტემბრის შემდეგ ფასებმა სურსათზე 14 პროცენტით იკლო. მაისის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასები სურსათზე იყო 5 წლის მინიმუმზე. ფასები დაკლებულია სურსათის ყველა სახეობაზე: ზეთსა და ცხიმზე - 16 პროცენტით, მარცვლეულზე - 10 პროცენტით. გასულ წელთან შედარებით, 18 პროცენტით იკლო ხორბლის ფასმა, 14 პროცენტით - ბრინჯის, ხოლო 23 პროცენტით იკლო ფასებმა შაქარზე.
ანგარიშის მიხედვით, ფასების კლება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - პირველ ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის დარგი დიდწილად ენერგომატარებლების ფასებზეა დამოკიდებული, ფასების კლება ნავთოპროდუქტებზე ამცირებს საწვავსა და სასუქებზე გაწეულ დანახარჯებს. შესაბამისად, ფასების კლება განაპირობა მსოფლიოში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე შემცირებულმა ფასმა (აღნიშნულ პროდუქციაზე ფასები 41 პროცენტით დაბალია, ვიდრე გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში). აღნიშნული ტენდენცია დამატებით განაპირობა აშშ დოლარის გამყარებამ, ასევე რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა და ექსპორტის შეზღუდვამ რუსული ბაზრის მიმართულებით. ამასთან, გლობალური მარაგები და 2015 წლისთვის წარმოების მაღალი პროგნოზი ფასების კლებას დამატებით უწყობს ხელს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში პროგნოზირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნება. ეს განპირობებულია მაღალი მოსავლიანობით, მეტი პროდუქტიულობით და მოთხოვნის ზრდის ტემპის შენელებით. შედარებით მაღალი იქნება ფასები რძის პროდუქტებსა და შაქარზე.
საქართველოში, ივნისის მონაცემებით, წინა წლის გასულ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 4,5 პროცენტი შეადგინა. ფასები სურსათსა და სასმელებზე გაიზარდა 5,7 პროცენტით. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (35,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (9,8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7,9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,4 პროცენტი).
ინფლაციის მაჩვენებელი ნაკლებია პროგნოზირებულზე. ამის განმაპირობებელია სუსტი იმპორტული ინფლაცია, კერძოდ, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების ფონზე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარდა, შედეგად, იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდის ტემპი მცირე იყო.
მიმდინარე პერიოდამდე ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრას ძირითადად განაპირობებდა სუსტი იმპორტული ინფლაცია ენერგომატარებლებზე და სურსათზე გლობალური ფასების შემცირება და სუსტი ერთობლივი მოთხოვნა.
პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში ინფლაციის ზრდის ფაქტორია მიწოდების მხარე, კერძოდ, შუალედური ხარჯების ზრდა, რასაც კომპანიების სესხების დოლარიზაციის გამო ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება განაპირობებს. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის შემცირებული ფასები. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ 2015 წელს მოთხოვნა პოტენციურ დონეზე დაბალი იქნება და, შესაბამისად, ფასებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. პროგნოზის თანახმად, რომელიც მიმდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით ყველა ამ ფაქტორს ითვალისწინებს, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში სამიზნე მაჩვენებელს მცირედით გადააჭარბებს, ხოლო შემდგომ შემცირდება სამიზნე მაჩვენებლამდე.