გივი გეგეჭკორი: „სხვა კულტურაა სისადავეში..."

გივი გეგეჭკორი

ცნობილი მთარგმნელისა და პოეტის, გივი გეგეჭკორის, ოჯახმა მისი არქივი, მთლიანად, და უნიკალური ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი (7 ათასზე მეტი წიგნი) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. მთარგმნელი და პოეტი გივი გეგეჭკორი 2002 წელს გარდაიცვალა. ლიტერატორები ამბობენ, რომ მწერალს საზოგადოება კარგად დღემდე არ იცნობს და არც სათანადოდ აფასებს.

Your browser doesn’t support HTML5

გივი გეგეჭკორი: „სხვა კულტურაა სისადავეში..."

„წვიმს.
მოღრუბლული დღე არის გარეთ.
მოწყენილია სახლში ავეჯი.
(„უბრალოებით ფასდება კაცი...
სხვა კულტურაა სისადავეში...“)

ირინა ჭელიძე

„ბატონი გივი რომ გარდაიცვალა, იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომელიც სახლში იყო, გვქონდა განცდა, რომ ეს ყველაფერი იკარგება და გვინდოდა, ყოფილიყო იქ, სადაც ამ წიგნების რეალური ადგილია“, - ამბობს გივი გეგეჭკორის რძალი, ირინა ჭელიძე.

პირადი არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გივი გეგეჭკორის დაბადების დღეს, 24 იანვარს, გადაეცა. ამ არქივში ინახებოდა როგორც მისი ფრანგულიდან ქართულად თარგმნილი ლიტერატურის ხელნაწერები, გამოუქვეყნებელი მასალები და ლექსები, ასევე ფოტომასალა, მათ შორის, პირადი ალბომი, რომელშიც შესულია გიორგი ლეონიძის, ანა კალანდაძის, ჭაბუა ამირეჯიბის და სხვათა აქამდე უცნობი ფოტოები. ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა გივი გეგეჭკორის ბიბლიოთეკის რარიტეტული ნაწილიც, ანუ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში, მათ შორის, 1917 წლამდე გამოცემული ლიტერატურა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

გივი გეგეჭკორს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ სახელი ფრანგული ენიდან თარგმანებით გაითქვა. წერდა ლექსებს და 1952 წლიდან იბეჭდებოდა. ახლობლები ამბობენ, რომ ძალიან მშვიდი და ჩუმი კაცი იყო, ამიტომ დღემდე არ არის ისე დაფასებული, როგორც საჭიროა.

„იყო უკიდურესად თავმდაბალი ადამიანი. ვფიქრობ, იყო ძალიან დიდი პოეტი, რომელსაც სათანადოდ არ აფასებენ. ეგეთი პოეტები არიან იშვიათი, ჩუმი პოეტები“, - ამბობს ირინა ჭელიძე.

ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემული წიგნები

საჯარო ადამიანი არ იყო და არც საკუთარი თავის წარმოჩენა უყვარდა. საძინებელში პატარა მაგიდასთან მთელი დღე იჯდა და წერდა. მშვიდ ხასიათთან ერთად ბრიტანული იუმორიც ჰქონდა, დრო გჭირდებოდა მისი ხუმრობის გასაგებადო, ამბობს ირინა ჭელიძე. მეგობრობდა ტარიელ ჭანტურიასთან, ემზარ კვიტაიშვილთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, ჯანსუღ ჩარკვიანთან.

„ძნელი არის ცხოვრება...
შენ კი უნდა ბოლომდე
მიიყვანო როლი,
სანამ უცებ გაქრები
ისე, როგორც ენის ქვეშ
ქრება ვალიდოლი...
ვიდრე ცოცხლობ, მანამდე
გულგრილობას იმგვარად
უნდა შეერკინო,
როგორც ებრძვის ზამთარში
მეეზოვე წერაქვით
ტროტუარის ყინულს...“ (გ.გ.)

ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემული წიგნები

გივი გეგეჭკორის ნათესავი, მარიამ ტყეშელაშვილი, ამბობს, რომ მთავარი, რაც გივის ახასიათებდა, სიკეთე და სიმშვიდე იყო:

„თუკი მსოფლიო ლიტერატურაში რამე საინტერესო ხდებოდა, მისგან ვიგებდით როგორც მე, ასევე ჩემი და-ძმაც“.

მამობილი, ილია გეგეჭკორი, ადრე გარდაიცვალა. დედა, ელენე წვერიანაშვილი, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქიდან იყო. ირინა ჭელიძე ამბობს, რომ გივი გეგეჭკორს ქართლი განსაკუთრებით უყვარდა.

„გიჟდებოდა თავის სოფელზე. ძალიან ხშირად იყო იქ და ძალიან უყვარდა იქაურობა. ლექსებსაც თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ სულ ქართლის თემაა. იქ გაიზარდა“.

გივი გეგეჭკორს დარჩა შვილი, ირაკლი გეგეჭკორი. ერთი ლექსი მასზედაც აქვს დაწერილი, „კინოში წასვლა“.

ირაკლი გეგეჭკორი

„ყურადღებიანი იყო ძალიან. ერთადერთი, რაც მე ყოველთვის მაკლდა, იყო ის, რომ, როცა სკოლაში მივდიოდი, ვერ ვხედავდი და რომ მოვდიოდი, ის მახსოვს, თუ როგორ იჯდა და წერდა, კითხულობდა. თუ თავისუფალი დრო ჰქონდა, ყოველთვის მე მითმობდა. თუ დასასვენებლად მივდიოდით, იქაც ყოველთვის ერთად ვიყავით“, - ამბობს ირაკლი გეგეჭკორი.

„დალოცვილი ქვეყანა
აღარ დაემგვანება
ბებერს უღარიბესს,
თუ მზე ღრუბელს გაექცა,
როგორც აბაზიანი –
დაფხავებულ ჯიბეს...
რომ აივნის რიკული
იატაკზე უეცრად
ისევ გადახატოს“... (გ.გ.)

მთარგმნელ გიორგი ეკიზაშვილის თქმით, გივი გეგეჭკორს ნათარგმნი აქვს შუა საუკუნეების, აღორძინების ეპოქის ფრანგი პოეტები და მის მიერ შერჩეული ავტორები მისსავე გემოვნებაზე მიუთითებს. მას ნათარგმნი აქვს, ასევე, ინგლისურიდან „მობი დიკი“, რომელიც, ეკიზაშვილის თქმით, საკმაოდ რთული ნაწარმოებია.

„ჩემს ლექციებზე ორი საათი, შეიძლება მეტიც, ჩემს სტუდენტებთან, რომელთაც თარგმნის ხელოვნებას ვუკითხავ, მიმაქვს გივის წიგნი და ვარჩევთ მის თარგმანებს“.

მწერალი გიორგი კეკელიძეც ამბობს, რომ გივი გეგეჭკორი არ არის ისე დაფასებული, როგორც საჭიროა.

გიორგი კეკელიძე

„მე მგონია, რომ არის საეტაპო ავტორი და, სამწუხაროდ, დაუფასებელი. ის სალექსო ტექნიკას ფლობდა უმაღლეს დონეზე და, ამავდროულად, მისი თარგმანები არის ფანტასტიკური. მე შემიძლია ვთქვა, რომ თუკი გავეცანი ფრანგულ პოეზიას, სწორედ გივი გეგეჭკორის მეშვეობით“.

ეს ნაწილია ბოდლერის „ალბატროსიდან“, გივი გეგეჭკორის თარგმანი:

„ასე პოეტი მშვილდოსანთა უძლებს დაცინვას,
ღრუბლებს ბრძანებლობს და გრიგალთან ღამეს ათენებს,
მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი,
რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური“.

პოეტი შალვა ბაკურაძე იხსენებს შემთხვევას, როცა გივი გეგეჭკორს ბავშვობაში თავისი ლექსები აჩვენა. მწერალმა დელიკატურად აუხსნა, რომ ასე არ უნდა ეწერა, მაგრამ ბაკურაძე მაინც გაბრაზდა და პირველივე წიგნის მაღაზიაში გივი გეგეჭკორის ლექსების კრებული მოიკითხა. გამყიდველს მსგავსი ავტორი არ გაეგონა. ერთი პირობა გოგი გეგეჭკორშიც აერია. შემდეგ მაინც მოძებნეს... შალვა ბაკურაძემ ეს კრებული იქამდე იკითხა, სანამ ზეპირად არ ისწავლა და, საბოლოოდ, მიხვდა, რომ განსაკუთრებულ პოეტთან ჰქონდა საქმე:

„მერე იმასაც მივხვდი, რომ საქმე მქონდა ძალიან ორიგინალურ ენასთან, სინტაქსთან და კიდევ, რაც ძალაინ უცხო იყო მაშინდელი ქართული პოეზიისთვის, ინტელექტთან. შემდეგ გივი გეგეჭკორი ჩემი საყვარელი პოეტი გახდა და დღემდე მიმაჩნია, რომ მეოცე საუკუნის პოეზიაზე გალაკტიონზე დიდი გავლენა, ალბათ, გივი გეგეჭკორმა მოახდინა. გავლენა მოახდინა ჯერ თარგმანებით, რადგან ეგ სტილი მან თარგმანებშიც გადაიტანა, ხოლო მისი ორიგინალური პოეზია ცალკე თემაა“.

შალვა ბაკურაძე განსაკუთრებით გამოყოფს გივი გეგეჭკორის წვლილს კლასიკური ვერლიბრის ჩამოყალიბებაში. მისი თქმით, ვერლიბრი, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა, მაგრამ არა სრულყოფილი სახით. გივი გეგეჭკორის ლექსი „გვერდითი ოთახი“ კი სწორედ კლასიკური ვერლიბრის ნიმუშია.