წიგნი ჩვენში ცოცხალთათვის

ამ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით, გამომცემლობა ,,საუნჯემ“ ქართული სალიტერატურო ცხოვრებისათვის უმნიშვნელოვანესი პოეტის გივი ალხაზიშვილის ლექსების დიდტანიანი კრებული გამოსცა.

საინტერესოა, რომ ქართველ პოეტებში მიღებული პრაქტიკით, გარკვეული ასაკის მერე თითქმის ყველა მათგანი არაერთგზის გამოსცემდა ხოლმე დიდი რჩეულს, რომლებშიც მკითხველისათვის უკვე ნაცნობი ლექსები მეორდებოდა.

გივი ალხაზიშვილი, მათგან განსხვავებით, აქამდე ამჯობინებდა მომცრო წიგნები დაესტამბა, რომლებში რამდენიმე წლის პოეტურ მოსავალს აერთიანებდა, ეგრეთ წოდებული რჩეულის გამოცემისაგან კი თავს საგულდაგულოდ იკავებდა.

ამჯერადაც, ავტორი საგანგებოდ მიუთითებს, რომ ეს წიგნიც მხოლოდ მომავალი რჩეულის კონტურია. ლექსები წიგნში შებრუნებული ქრონოლოგიური პრინციპით არის დალაგებული და 2013 წლიდან 1972 წლის ჩათვლით შექმნილ საუკეთესო ნიმუშებს აერთიანებს. გივი ალხაზიშვილმა ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა:

“ერთი შემაჯამებელი კრებული მქონდა საბჭოთა პერიოდში, წინა საუკუნეში 1998 წელს, ერთტომეული გამოსცა ჯანსუღ ღვინჯილიამ გამომცემლობა ,,საქართველოში“, მაგრამ ეს იყო იმ წიგნებიდან ამოკრებილი ლექსები, რაც მეოცეში დამიწერია. ახლა ამაში თავი მოიყარა უკვე ოცდამეერთე საუკუნემაც და ოცდამეერთე საუკუნეში, ამ ათ წელიწადში, არცთუ ისე ცოტა მიმუშავია, რომ ვუყურებ“.
გივი ალხაზიშვილის კითხვისას ჩვენ თვალს ვადევნებთ ხელოვანის მუდმივ ზრდას - გარემოზე დისიდენტური რეაქციიდან სულიერ ჩაღრმავებამდე, ვერლიბრიდან მეტ-ნაკლებად ტრადიციულ პოეტიკამდე და ამის შემდეგ არაკლასიკურ პროსოდიამდე და სინთეტურ პოეტიკამდე...
ზაზა შათირიშვილი

მართლაც, "შენ ცოცხლობ ჩემში“ ყურადღებას იქცევს თავისი მხატვრული სისავსითა და მრავალწახნაგოვნებით. აქ უამრავი მოტივი, ინტონაცია, პოეტური სახე და ხერხი ისე ოსტატურად გადაეწვნება ერთმანეთში, რომ წიგნი თავბრუდამხვევ კალეიდოსკოპს ემსგავსება, სადაც პოეტის ხელში მოძრაობის კვალდაკვალ, მკითხველის თვალწინ იშლება ადამიანის სულიერი მიმოხვრის არაერთი ნიუანსი.

კრიტიკოსი ზაზა შათირიშვილი წიგნის წინათქმაში ამბობს:

"გივი ალხაზიშვილის კითხვისას ჩვენ თვალს ვადევნებთ ხელოვანის მუდმივ ზრდას - გარემოზე დისიდენტური რეაქციიდან სულიერ ჩაღრმავებამდე, ვერლიბრიდან მეტ-ნაკლებად ტრადიციულ პოეტიკამდე და ამის შემდეგ არაკლასიკურ პროსოდიამდე და სინთეტურ პოეტიკამდე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე გივი ალხაზიშვილი ნელ-ნელა უღრმავდება თავად პოეტურ ენას და ეხება პოეზიის საწყისს - მის ლოცვით-მედიტაციურ ინტონაციას...“


პოეტურ განვითარებასთან, პოეზიასთან თავისი დამოკიდებულების შესახებ თვითონ გივი ალხაზიშვილმა აღნიშნა:

„წლების მანძილზე ყალიბდებოდა ეს დამოკიდებულება, ის რომ რადიკალურად შემცვლოდა დამოკიდებულება, არა, მაგრამ აი, ნუანსობრივად იცვლება, თანდათანობით, რაღაც გარკვეული გრადაციებია, გარდამავალი პერიოდებია. მაგალითად, ვთვლი, რომ 1981 წელს გამოცემული ჩემი წიგნი ,,დიალოგი ფიქრში“ იყო ჩემი საეტაპო წიგნი. მანამდე უკვე გამოცემული მქონდა რამდენიმე წიგნი 1972 წლიდან მოყოლებული. შემდგომ იყო „სინათლე წვეთში“ – ეს უკვე 1995 წელს. იყო კიდევ პატარა გარბენასავით - ,,გამოსვლა უდროობიდან“ 1998 წელს, რაშიც სახელმწიფო პრემია მომცეს. მერე მოდის უკვე გაღწევის სურვილი, დიდი წიგნი, საიდანაც აი, აქ მოზრდილი ადგილი უჭირავს იქიდან ამორჩეულ ლექსებს, მერე მოდის ,,ქორინიკონი 1“, ქორონიკონი 2“, მოყვება მას ,,ჩაბრუნებული მზერა“, ,,ეპისტოლეთა წიგნი“ და ახლა აი, ეს. ასე რომ, აქედან მე რომ ვთქვი, პროდუქტიულობის მიხედვით არ ვამბობდი მხოლოდ, სტილისტიკის თვალსაზრისით, ესთეტიკურად, ცოტა განსხვავებული კრებულები წამოვიდა, ისეთები, რომლებიც თანდათან მივიდა „ეპისტოლეთა წიგნამდე“.

პოეტური სისავსის ის შეგრძნება, რაზედაც მოგახსენეთ, განაპირობებს იმ ობიექტურ გარემოებას, რომ გივი ალხაზიშვილი არა მხოლოდ ერთი თაობის, არამედ სხვადასხვა ასაკის მკითხველის საყვარელი პოეტია.

რადიო თავისუფლება მისი ახალი კრებულის შეასახებ ახალგაზრდა კრიტიკოსს ლექსო დორეულსაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა:

"ეს წიგნი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, ავტორი ამბობს, რომ ეს არ არის რჩეული და მხოლოდ გარკვეული წინაპირობაა რჩეულისა, მოსამზადებელი სამუშაო, მაგრამ ის მაინც გამოკვეთს პოეტის გარკვეულ ლიტერატურულ ტრადიციას, რომელიც მან გაიარა და ამ თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ წიგნის ფორმისეული გარკვეულობა (ის იმ წიგნების თავებით არის შედგენილი, რომლებიც აქამდე გამოუცია ბატონ გივის), იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ის უიშვიათესი ავტორია ქართული პოეზიის ისტორიაში, რომელსაც გააჩნია (ცოტა მეცნიერული ტერმინი რომ ვიხმაროთ) შემოქმედებითი ფილიაცია, ანუ განვითარების მხატვრულ-ლოგიკური ხაზი. ასეთი ავტორი ქართული პოეზიის ისტორიაში ძალიან ცოტაა.“
ეს ტექსტები ღირებულია ფილოსოფიური თვალსაზრისით და აზროვნების ნიმუშებს გვთავაზობს, აზროვნების კონცეპტების შემოქმედებით და ესთეტიკურ გამოხატულებას გვთავაზობს და ამ თვალსაზრისითაც, თუ დასავლურ პოეტურ ტრადიციას გადავხედავთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა თანამედროვე ქართული პოეზიისთვის...
ლექსო დორეული

საინტერესოა იმის გახსენება, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიის განვითარება ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის ჭიდილში წარიმართა. გივი ალხაზიშვილის თაობის სხვა პოეტებში, რომელთაც უამრავი სიახლე მოიტანეს, აღნიშნული ორი ტენდენციიდან რომელიმე დომინირებდა, უფრო სწორად, ამ თაობის სხვა მნიშვნელოვანი პოეტები უპირატესობას უფრო ვერლიბრს ანიჭებდნენ. გივი ალხაზიშვილმა კი მოახერხა ორივე ამ მიმართულებაში, ანუ როგორც ვერლიბრში, ისევე კონვენციურ ლექსში, თანაბარი მხატვრული სიძლიერის ნიმუშები შეექმნა და ამით ქართული ლექსი ფორმისეული და შინაარსობრივი თვალსაზრისით ახალ სიმაღლეზე აეყვანა. ის ყველა სტილისტიკაში, რასაც კონკრეტული ლექსის შინაგანი განვითარების ტენდენცია ჰკარნახობს, ნამდვილ ოსტატად წარმოგვიდგება, სადაც ჩანს საკუთარ თავთან, როგორც საქმის პროფესიონალთან, მისი უშეღავათო დამოკიდებულება.

ფორმისეული სილამაზე და წესრიგი კი სრულებითაც არ გულისხმობს ამ ლექსების მხოლოდ გარეგნულ მშვენიერებას. როგორც ლექსო დორეული რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს:

„ეს ტექსტები ღირებულია ფილოსოფიური თვალსაზრისით და აზროვნების ნიმუშებს გვთავაზობს, აზროვნების კონცეპტების შემოქმედებით და ესთეტიკურ გამოხატულებას გვთავაზობს და ამ თვალსაზრისითაც, თუ დასავლურ პოეტურ ტრადიციას გადავხედავთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა თანამედროვე ქართული პოეზიისთვის. რადგან ძალზე ცოტაა ისეთი ავტორი, ვინც გარკვეულ სააზროვნო ან ფილოსოფიურ სისტემებს დაუდო სათავე ან იგივე იმპულსები მისცა ფილოსოფოსობის გარკვეულ ტიპს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ მსგავსი ინტელექტუალური პოეტების დრო არის ახლა. და რაც მთავარია, მასთან არასოდეს არ იქმნება იმის საფრთხე, რომ ეს ყველაფერი ინტელექტუალიზმის ჩიხში გადაიჩეხოს.“

თუმცა გივი ალხაზიშვილის პოეზიაზე საუბრისას, დროის კატეგორიაზე აპელირება მეტისმეტად პირობითი იქნებოდა. რადგან, ერთი მხრივ, მის ლექსებში მუდმივად იგრძნობა, თანამედროვეობის მაჯისცემა, მაგრამ მეორე მხრივ, თვითნ პოეტისათვის პოეზია არის ,,გამოსვლა უდროობიდან“, რომლის მეტაფიზიკურ საათზეც მხოლოდ მარადისობა ფიქსირდება.

კონკრეტულიდან განზოგადებულისაკენ სვლა ნამდვილი პოეზიის შესაშური თვისებაა და გივი ალხაზიშვილის ეს კრებულიც ამის შესანიშნავი ნიმუშია.