გიუნაშვილის ბრალდებას ტერორისტული საქმიანობის შესახებ აბსურდულად მიიჩნევენ

ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. გიუნაშვილი 8 ივნისს სოფელ მერეთის სიახლოვეს რუსეთის მესაზღვრეებმა "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტს გადასცეს. უშიშროების კომიტეტმა კი გუშინ გაავრცელა ინფორმაცია დაკავებულის დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის „თავდაცვის ჯგუფში“.

„დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებდნენ (ერთი სამხედრო დაიღუპა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა). ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს არის აბსურდული ბრალდება. გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება ინციდენტების პრევენციისა და სხვა ფორმატების დღის წესრიგიდან, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

გიორგი გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევიდან დევნილია და ამჟამად ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახის წევრები და მეგობრები დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ. მათი თქმით, 2008 წლის 11 აგვისტოს გიუნაშვილი ცეცხლს ვერ გახსნიდა, რადგან მას სოფელი უკვე დატოვებული ჰქონდა და იქ რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ შესულები. დაკავებულის მეგობარი ვასილ ოქროპირიძე ამბობს, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია.

გიორგი გიუნაშვილი სოფელ მერეთის სიახლოვეს მავთულხლართებთან ახლოს დააკავეს. იგი საკუთარი სახლის სანახავად დისევის ტერიტორიაზე გადავიდა, რა დროსაც მასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ. ამჟამად გიუნაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახის წევრებისა და თანასოფლელების თქმით, გიუნაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და, გარდა ამისა, იგი ნაცემია.

გიუნაშვილის დაკავებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი გიუნაშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის გასათავისუფლებლად.

გიორგი გიუნაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

”აღნიშნული პირი საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად დაისვა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე. საოკუპაციო ძალებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე. წ. გამოძიება, დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდული ბრალდება. გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება ინციდენტების პრევენციისა და სხვა ფორმატების დღის წესრიგიდან, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას”.