რა მოხდება, თუ „რუსთავი 2“-ს „ქართული ოცნება“ დაეპატრონა?

5 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მეწილემ, ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიაში თავისი წილების დაბრუნება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა დაედო და კომპანიის დირექტორებს უფლებამოსილება შეეზღუდათ. აქამდე „რუსთავი 2“-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებდა კიდევ ორი ბიზნესმენი – დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, თუმცა ისინი, ფაქტობრივად, ნაწილობრივ ზემოხსენებული ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. „პირველი რადიოს“ ცნობით, წილების დაბრუნებისთვის დავა მათაც დაიწყეს. ახლა ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა მოხდა.

დვალი და აქიმიძე „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები და ყოფილი მეწილეები არიან. ისინი კომპანიის 60 %-ის დაბრუნებას ითხოვდნენ. სანამ ქიბარ ხალვაშს გადაეცემოდა, კომპანიის წილები ასე იყო განაწილებული: დვალი, აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი 30-30%-ს ფლობდნენ, ხოლო ნიკა ტაბატაძე („რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი) – დარჩენილ 10%-ს. 2004 წელს თავიანთი წილები ოთხივემ ქიბარ ხალვაშს გადასცა. როგორც ჯარჯი აქიმიძე იხსენებს „ლიბერალთან“ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, „18 ივნისს, ნოტარიუს გინტურის ოფისში მივედით და იქ დაგვხვდა ქიბარ ხალვაში, რომელიც მაშინ პირველად ვნახეთ. მას მანამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მოლაპარაკებებში. გვითხრა, მეც თქვენსავით გაუგებრობაში ვარ მოხვედრილი, მითხრეს და უნდა გავაკეთოო. მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც, ფაქტობრივად, არც წაგვიკითხავს.“

დავით დვალის მტკიცებით, ეს კომპანიის ჩამორთმევის კლასიკური მაგალითი იყო. იმავე ინტერვიუში იგი ამბობს:

„25-ში გაკოტრება დამთავრდა. ამის მერე გავიგეთ, რომ თურმე ეროსიმ თავისი წილი გაასხვისა, მანაც ქიბარზე. არ ვიცი, რა პირობით, ფაქტია, რომ ამ გაკოტრების შემდეგ ცოტა ხანში, დაახლოებით ორ კვირაში, ეროსიმაც დათმო წილი. როგორ მოხდა, არ ვიცით. საბოლოოდ, ნიკა ტაბატაძის 10%-იც ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. ჩვენი შემთხვევა მფლობელებისთვის კომპანიის ჩამორთმევის კლასიკური ნიმუში იყო, გაკოტრების დაწყება, იძულება: ან ყველაფერს კარგავ, ან თმობ. რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ თურმე ‘რუსთავი 2’-ს აღარც ვალები აქვს, არც გაკოტრების პირასაა და 25-ში მთლიანად დასრულდა პროცესი.“

ერთი სიტყვით, დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, ისე გამოდის, ხალვაში ერთი ვერსიით დამნაშავეა, ხოლო მეორე ვერსიით - დაზარალებული. თუ დეტალებში გაინტერესებთ „რუსთავი 2“-ის ამბავი ხალვაშის წასვლის შემდეგ, ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2013 წლის ბლოგპოსტს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გადადიოდა კომპანია ხელიდან ხელში. ამ შემთხვევაში მე უფრო მეტად ის მაინტერესებს, თუ რა გავლენას მოახდენს ბოლო ერთ კვირაში განვითარებული მოვლენები მედიის დამოუკიდებლობაზე საქართველოში.

პირველ რიგში, იმით დავიწყოთ, რომ ქიბარ ხალვაშის გამოჩენა ახლაც ისევე ეჭვისაღმძვრელია, როგორც 2004 წელს იყო. ფაქტია, რომ მის ხელში კომპანია ატარებდა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ ხაზს და, აქედან გამომდინარე, მას ნამდვილად ექნებოდა გარკვეული კავშირები იმდროინდელ მთავრობასთან (ამას იმისგან დამოუკიდებლად ვვარაუდობთ, მართალია თუ არა დვალისა და აქიმიძის მონათხრობი). თუ ხალვაშს მაშინ პრობლემა არ ჰქონდა, გაეტარებინა ხელისუფლების ინტერესები, ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ ამასვე არ იზამს და ამჯერად „ქართული ოცნების“ მსახურად არ გადააქცევს „რუსთავი 2“-ს?

თუ ყურადღებას არ მივაქცევთ გამოუსწორებელი ოპტიმისტებისა და მიკერძოებული პირების მოსაზრებებს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ქართულ მედიასივრცეს კიდევ ერთხელ ემუქრება საფრთხე, მოექცეს ერთი პოლიტიკური ძალის, ან კიდევ უარესი, ერთი კაცის გავლენის ქვეშ. თუ ასე მოხდა, ქართულ „დემოკრატიას“ ის ლამის ერთადერთი დადებითი მხარეც ჩამოშორდება, რაც აქამდე ჰქონდა: მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედია. ეს ასევე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ ჯერჯერობით გვიჭირს განსხვავებული თამაშის წესებით მოქმედება. ამით უდავოდ შესუსტდება ნაციონალური მოძრაობის გავლენა, მაგრამ ამაზე მეტად შემცირდება იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ მომავალში გაბედოს და სერიოზულად დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“. ჩანს, უკვე მართლაც წრეზე ვიწყებთ ბრუნვას.