ამ ორიოდე თვის წინათ ვწერდი შესაძლო განხეთქილებაზე ალასანიასა და ღარიბაშვილს/ივანიშვილს შორის − ორი მიზეზით: ერთი, რომ ისინი აშკარად სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმის პოლიტიკოსები არიან და მეორე: ალასანიას მთავრობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და, ეს შეიძლებოდა საფრთხედ აღექვათ. დღეს უკვე ვიცით, რომ მოვლენები მართლაც ამგვარი სცენარით განვითარდა.
აქვე ვიტყვი, რომ სრულიად ნეიტრალური ვრჩები იმ ბრალდებებისადმი, რაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოითქვა. მე მოსამართლე არ ვარ და მტყუან-მართალს ამ ბლოგით ვერ გავარკვევ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავარკვიო, არათანმიმდევრულობაა. არათანმიმდევრულობაში ვგულისხმობ იმას, რომ ამგვარი დარღვევები არსებობდა და, შესაძლოა, დღესაც არსებობდეს სხვა უწყებებშიც, მაგრამ მთავრობას მათზე ასეთი ამბავი არ აუტეხავს.
გთავაზობთ, გადავხედოთ სტატისტიკას. არსებობს ასეთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ამ ორგანიზაციის საქართველოს ფილიალმა 2014 წლის 25 ივნისს გამოაქვეყანა ანგარიში, სადაც ლაპარაკია შესაძლო კავშირებზე მთავრობასა და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს შორის. ამ ანგარიშით ირკვევა, რომ არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირები „ქართულ ოცნებასა“ და იმ კომპანიებს შორის, ვისგანაც პროდუქცია და სერვისები სახელმწიფომ კონკურენტული ან გამარტივებული წესით შეისყიდა. ამ პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ცხრილებზეც იხილოთ.
ამ მონაცემებით ირკვევა, რომ უშუალოდ „ქართულ ოცნებას“ (და არა ირაკლი ალასანიას პარტიას, რომელსაც „ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ ჰქვია) პირდაპირი კავშირი აქვს 16 კომპანიასთან, რომლებმაც ტენდერებში გაიმარჯვეს; არაპირდაპირი კავშირების რიცხვი კი 170-ია (ალასანიას პარტიისა − მხოლოდ სამი). ცხადია, ეს მონაცემები ამომწურავი არც ერთ შემთხვევაში არ არის, მაგრამ აშკარად ბადებს კითხვას: რანაირად არის შესაძლებელი, რომ პროკურატურა მაინცდამაინც თავდაცვის სამინისტროს შემთხვევით დაინტერესდა, როცა ეჭვი ამდენ შემთხვევაზე შეიძლება არსებობდეს?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ბლოგით არავის გამართლება არ მინდა. თუ ბრალი დაუმტკიცდათ, ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. უბრალოდ, ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს რიგითი გამოძიება კი არ არის, არამედ მას პოლიტიკური დევნის ხასიათი აქვს.
სადამდე მიგვიყვანს ეს პოლიტიკური დევნა, რომელი ძალა რა მიმართულებით გადაჯგუფდება და რა ბედი ეწევა კოალიციას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპზე, სულ ცოტა, იმაზე მაინც შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ კოალიციის შიგნით რღვევა დაწყებულია.