კანის 66-ე კინოფესტივალის დღიურები (6)

წითელი ხალიჩა ნაცრისფერ ტონებში

ჰომოსექსუალთა ქორწინების წინააღმდეგ პარიზში გამართული მრავალათასიანი აქცია კანის კინოფესტივალის დახურვას, მგონი, მხოლოდ რუსეთსა და საქართველოში დავუკავშირეთ. კი, ორივე მოვლენა ერთი და იმავე დღეს მოხდა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ “ოქროს პალმით” აღნიშნულ ფრანგულ ფილმს, “ადელის ცხოვრებას” არაფერი აკავშირებს ამ დემონსტრაციასთან. უფრო პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ “ადელის ცხოვრება” ძალიან დიდი სიყვარულის ამბავია, სურათის ავტორი, ჩემი აზრით, გარკვეულ ეჭვსაც გამოთქვამს მონოგამიის შესაძლებლობის მიმართ ჰომოსექსუალურ წყვილებში... და ამ მხრივ, არაა გამორიცხული, ფილმის ავტორს აბდულატიფ კეშიშს თანამოაზრეებიც ჰყავდეს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ასეთი ოჯახების შექმნის წინააღმდეგი არიან.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ “პალმის” ახალი ლაურეატი, “ადელის ცხოვრება” კანის წლევანდელი ფესტივალის ლიდერი იყო და, ჩემი აზრით, იმსახურებდა “ოქროს პალმას”, ფილმის იმ ოპონენტთა მოსაზრებებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც სურათს “ჰეტეროსექსუალი მამაკაცის თვალით დანახულ ამბავს” უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ფილმის ეროტიკულ სცენებში, კეშიში “ტკბება” ქალის სხეულით და ამ სცენებს პორნოგრაფიული კინოს სტილში წარმოადგენს. არ არის გამორციხული, რომ სწორედ ამ მიზეზით დაიწუნა ფილმი მსოფლიოს ნომერმა პირველმა კინოჟურნალმა, “კაიე დიუ სინემამ”: “კაიეს” რედაქცია ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც არ გაიმეტა “პალმა” ფილმისთვის ჟურნალ “ლე ფილმ ფრანსეზის” გამოკითხვაში და “ადელი” მხოლოდ სამი ვარსკვლავით აღნიშნა.

ფილმის ავტორის პოზიციაზე და ხედვაზე კამათი ნამდვილად შეიძლება. “პალმის რტოს” ახალი ლაურეატი აუცილებლად გახდება იმპულსი დისკუსიებისთვის საქართველოშიც (თუკი საქართველოს კინოთეატრებს არ შეეშინდებათ “ადელის” ჩვენება), მაგრამ ერთი რამ ცხადია და ვფიქრობ, კანის ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტები ამ მოსაზრებას იზიარებენ - კეშიშის სურათი საუკეთესო იყო კანის კონკურსში, როგორც კინო, როგორც სანახაობა. საუკეთესო იყო მაყურებელზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ემოციების, განწყობილების მუდმივი ცვლის თვალსაზრისით... კანის კინოფესტივალის წლევანდელ კონკურსში ჩართული ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ სწორედ სახიერების დეფიციტს განიცდიდა. რაღაცნაირი დაღლა ეტყობოდა კლასიკოსების - ჯიმ ჯარმუშის, რომან პოლანსკის, ძმები კოენების ახალ სურათებს, ახალგაზრდები და დებიუტანტები კი ვერ ბედავდნენ იმას, რაც თავის დროზე თუნდაც კვენტინ ტარანტინომ გაბედა კანის ფესტივალის “აღმოჩენაში”, ფილმში “მაკულატურა.”

სხვათა შორის, იმავე “კაიემ” წელს მოაწყო გამოკითხვა “ყველა დროის საუკეთესო ფილმი კანის ფესტივალზე”. ამ გამოკითხვის ლიდერი ტარანტინოს სურათი გახდა - ანუ კრიტიკოსებმა დააფასეს ფილმი, რომელმაც რაღაც შეცვალა კინოს ენაში, რომლის ავტორმა გააფართოვა კინოხელოვნების შესაძლებლობები და, გარკვეული თვალსაზრისით, იწინასწარმეტყველა კინოხელოვნების მომავალი.

ტარანტინო რომ წინასწარმეტყველი აღმოჩნდა, ეს წლევანდელმა კანის ფესტივალმაც დაადასტურა: ბევრი იყო კონკურსში ფილმი, რომლებშიც ძალადობა და სისასტიკე “გათამაშებულია” და ეს ირონია საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა სისასტიკისგან პუბლიკის გაუცხოებაში. მაგრამ ტარანტინო ერთია და მისი ეპიგონები სულ სხვა. ტარანტინოს, ისევე როგორც ფელინის, ანტონიონის, ოძუს ეპიგონების სიმრავლით კანის წლევანდელი ფესტივალი თავისებური რეკორდსმენი გახდა. ამ მხრივ კანის 66-ე ფესტივალს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ 2008 წელს ჩატარებული კანის კინოფორუმი, რომლის კონკურსში ყურადღების ღირსი აღმოჩნდა ერთადერთი ფილმი, ლორან კანტეს “კლასი”, “ოქროს პალმის მფლობელი”, რომელიც ფესტივალზე ბოლო დღეს აჩვენეს.

2008 წლის ფესტივალზეც სულ წვიმდა და კინოში ბევრი არაფერი იყო სანახავი. მოსაწყენზე მოსაწყენ ფესტივალზე ლამის ერთადერთხელ გამოცოცხლდა დარბაზი - სპილბერგის “ინდიანა ჯონსის” ახალ სერიაზე. პირადად მე მახსოვს, როგორ ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ მოსაწყენ “ინტელექტუალიზმს” ისევ სპილბერგის ზედაპირული, მაგრამ გამომგონებლობით, ფანტაზიით, სანახაობრიობით გამორჩეული კინო ჯობია.

სტიველ სპილბერგის, როგორც ჟიურის თავმჯდომარის, მიმართ ყურადღება წლევანდელ ფესტივალზეც იყო მიმართული. ბევრს ახსოვდა, მაგალითად, როგორ არ მოაწერა ხელი სპილბერგმა რომან პოლანსკის შეწყალების წერილზე, რომელიც კინემატოგრაფისტებმა შვეიცარიის გენერალურ პროკურორს გაუგზავნეს დიდი რეჟისორის დაპატიმრების შემდეგ. ახლა პოლანსკის თაყვანისმცემლები, რომელთაც მოეწონათ მისი ახალი ფილმი “ვენერა ბეწვებში” (მე რატომღაც სურათმა ის სპექტაკლები გამახსენა, ჩემი სტუდენტობის დროს რომ დგამდნენ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე) ჟიურის მიერ პოლანსკის ფილმის იგნორირებას სწორედ სპილბერგს აბრალებენ. ამავე დროს, საუბრობენ სტივენ სპილბერგის “პურიტანიზმზე” და ამით ხსნიან კიდევ ერთი სტივენის, სტივენ სოდერბერგის ფილმის დატოვებას პრიზის გარეშე. სურათს “კანდელაბრებს მიღმა” - უფრო სწორად, ჯერ კიდევ სურათის იდეას - წლის დასაწყისში ლამის მთელმა ჰოლივუდმა შეუტია, ფილმის დაფინანსებაზე უარი თქვეს ჰოლივუდის წამყვანმა სტუდიებმა. სპილბერგის ჟიურის შეეძლო სოლიდარობა მაინც გამოეცხადებინა სოდერბერგისთვის და პრიზით აღენიშნა მისი ფილმი (სხვათა შორის, “ოქროს პალმის” ლაურეატი რეჟისორის ფილმი), მაგრამ სპილბერგმა ამდენი ვერ გაბედა. ისიც საკმარისი იყო, რომ კანის 66-ე ფესტივალის ჟიური “ოქროს პალმით” აჯილდოვებდა ლესბოსელთა სამსაათიან დრამას ძალიან გულახდილი ეროტიკული სცენებით.

აი ასე შეიცვალა დრო. კანის ფესტივალის ისტორიას ახსოვს, როგორ არ ჩართეს ოშიმას “გრძნობათა იმპერია” ფესტივალის კონკურსში ეროტიკული სცენების გამო და მხოლოდ ერთხელ აჩვენეს, კონკურსგარეშე. ამ ჩვენების შემდეგ კრიტიკოსებმა “გრძნობათა იმპერია” ყველა დროის საუკეთესო ფილმების სამეულში შეიყვანეს.

“ადელის ცხოვრებას” ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონდა. ფილმის ძალიან საინტერესო მხატვრულმა გადაწყვეტამ (სურათის ავტორი ცდილობს განახორციელოს ანდრე ბაზენის ე.წ. “უტოპიური მიზანსცენა” - წარმოგვიდგინოს ადამიანის ცხოვრება მაქსიმალურად დაუნაწევრებელი სახით) დაფარა “ეროტიკული სიშიშვლეც” (ზოგჯერ ზედმეტი სიშიშვლე) და უზომო პესიმიზმი, რის შესახებაც “ადელის ცხოვრების” თაყვანისმცემლები რატომღაც არაფერს წერენ: ფინალში ლეასგან მიტოვებული ადელი იმიჯს იცვლის - ცოტა არ იყოს ვულგარულად გამოწყობილი, მას შემდეგ რაც საბოლოდ რწმუნდება, რომ ვეღარ დაიბრუნებს შეყვარებულს და, რაც მთავარია, იმ ვნებას, რომელიც თან ახლდა მისი და ლეას ურთიერთობას, ზურგს შეაქცევს მაყურებელს და ისე გაუყვება ქუჩას, თითქოს ახალ ცხოვრებას იწყებდეს - გრძნობებისგან დაცლილ ცხოვრებას, ახალი ეროტიკული თავგადასავლებით... ანდა, უფრო უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ, “ბოზდება”... სიყვარული კვდება! არაბული წარმოშობის ფრანგი რეჟისორი ამტკიცებს, რომ გასხვავებული სოციალური ჯგუფების დაახლოება, საერთო ენის გამონახვა და, მით უმეტეს, საერთო ბედნიერება, თუნდაც ბედნიერი ოჯახის შექმნა, უტოპიაა. ნაცრისფერ სამყაროში სიხარული მხოლოდ დროებითი შეიძლება იყოს!

აი, ასეთმა ფილმმა უნდა შექმნას ახლა მოდა მსოფლიო კინოს სამყაროში, ნაცრისფერი ფესტივალის ტრიუმფატორმა, რომელიც მარადიული ბედნიერების შეუძლებლობაზე დაგვაფიქრებს.