33 ფილმი ქსენოფობიაზე

1. შეუწყნარებლობა - Intolerance: Love's Struggle Throughout the Ages (1916), დევიდ უორკ გრიფიტი

ამერიკელი რეჟისორის ფილმი ერთი მოტივით აერთიანებს ოთხ განსხვავებულ ეპოქას; გრიფიტი დარწმუნებულია, რომ შეუწყნარებლობა და განსხვავებულის სიძულვილი განუწყვეტლივ მეორდება ისტორიაში, აფერხებს განვითარებას და ხელს უშლის ადამიანს, მოიპოვოს თავისი მთავარი უფლება − ბედნიერების უფლება. გრიფიტი პირველი რეჟისორია, რომელმაც პარალელური მონტაჟი, ახლო ხედი, დეტალი ჩართო ფილმის დრამატურგიაში, გაამდიდრა კინოს ენა და დაამკვიდრა ახალი ხელოვნების ერთგვარი არქეტიპიები, მხატვრული სახეები, რომლებიც მომავალში არაერთხელ გამოუყენებიათ სხვა, განსაკუთრებით ამერიკელ რეჟისორებს

2. M (1931), ფრიც ლანგი

გერმანელი ექსპრესიონისტის პირველი ხმოვანი ფილმი, რომელიც ცენზურამ აკრძალა. კლასიკური თრილერი მკვლელ და პედოფილ მანიაკზე მეორე ნაწილში გადაიქცევა დრამად „ჯოგურ ცნობიერებაზე“, რომელიც აღიქმება, როგორც ნაციზმის წინასწარმეტყველება. მოგვიანებით, ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ, ლინჩის წესით ადამიანის დასჯის ამ „ჯოგურ ვნებას“ ლანგმა მიუძღვნა კიდევ ერთი ფილმი, „მძვინვარება“ (1936), რომელშიც მთავარი როლი სპენსერ ტრეისიმ შეასრულა.

3. პაიზა - Paisa (1946), რობერტო როსელინი

ექვსნაწილიანი რეფლექსია ფაშიზმზე, გადაღებული მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. იტალიური ნეორეალიზმის სხვა წამომადგენლებისგან განსხვავებით, როსელინი ფაშიზმის მიზეზებს მხოლოდ სოციალურ უთანასწორობაში არ ეძებს. „პაიზაში“ მთავარი ხდება კულტურათა დიალოგი, რომელიც რეჟისორისთვის, ღრმად მორწმუნე კათოლიკესთვის, შესაძლებელია, თუკი ადამიანები შეძლებენ ერთმანეთის ახლოდან დანახვას და გადალახავენ აკვიატებულ წარმოდგენებს.

4. ჯენტლმენური გარიგება − Gentleman's Agreement (1947), ელია კაზანი

ეს საუცხოოდ აწყობილი დრამა ანტისემტიზმის „ნარჩენებზე“ ამერიკულ საზოგადოებაში, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ კაზანი, ოდესღაც საიდუმლოდ რომ გაწევრიანდა აშშ-ის კომპარტიაში, ფილმის გადაღების პარალელურად ამზადებდა კომპარტიასთან დაახლოებული მსახიობების სიას, რომელიც მოგვიანებით ანტიამერიკული მოღვაწეობის შემსწავლელ კომიტეტს გადასცა. გამოდის, რომ კაზანი, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და ჰუმანისტი, განსხვავებულად ცხოვრობდა, ვიდრე „ჯენტლმენური გარიგების“ გმირი, ფილიპ გრინი, გრეგორი პეკის შესრულებით.

5. სიცოცხლის იმიტაცია - Imitation of Life (1959), დუგლას სირკი

სირკის ამ მელოდრამის სოციალური და პოლიტიკური სიმძაფრე, ჰოლივუდისთვის სრულიად ახალი − ტრაგედიისა და ირონიის ნაზავი, „კონკიას“ სქემის დაშლა და „დეკონსტრუირება“, გამოხატული ასევე ირონიულ პლასტიკურ გადაწყვეტაში - ღაჟღაჟა ფერებსა და სარკეებში, დააფასეს მოგვიანებით, როცა „სიცოცხლის იმიტაცია“ თავიანთ საყვარელ ფილმად აღიარეს ჯერ რაინერ ვერნერ ფასბინდერმა, შემდეგ კი − პედრო ალმოდოვარმა. დიდ ეკრანზე „სიცოცხლის იმიტაცია“ სუნთქვას შეგიკრავთ სილამაზით. შავკანიანი დედის დაკრძალვისა და დატირების სცენა კი, საერთოდ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია კინოს ისტორიაში.

6. მსხვერპლი - Victim (1961), ბაზილ დირდენი

ლონდონელი ადვოკატი, რომლის როლს დირკ ბოგარდი ასრულებს, იძიებს მეგობრის მკვლელობის საქმეს და გადაეყრება გამომძალველებს, რომლებიც ჰომოსექსუალთა შანტაჟს ეწევიან. დირდენის ფილმი პირველია, რომელშიც გაისმის სიტყვა „ჰომოსექსუალი“. „მსხვერპლის“ პრემიერას მოჰყვა ჰომოფობების აქციები კინოთეატრებთან, თუმცა ითვლება, რომ „გაბრაზებული ინგლისელის“ ამ ახლა უკვე კლასიკურმა ფილმმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჰომოსექსუალთა მიმართ ბრიტანული კანონმდებლობის ლიბერალიზაციაში.

7. ვესტსაიდის ამბავი - West Side Story (1961), რობერტ უაიზი და ჯერომ რობინსი

გენიალური მიუზიკლის ავტორებმა უარი თქვეს დეკორაციაზე და ცეკვა-სიმღერა პირდაპირ „ნატურაზე“, მანჰეტენის 110-ე ქუჩაზე გადაიტანეს. მათ არც ამ ჟანრისთვის უჩვეულო რასიზმის თემის შეეშინდათ და მიუზიკლისთვის ლამის აუცილებელი ჰეპი-ენდი შეცვალეს ტრაგიკული ფინალით. „ვესტსაიდის ამბავი“ არ ძველდება; ამ რამდენიმე წლის წინ ბერლინალეზე სპეციალური რეტროსპექტივა მოეწყო, Panavision-70-ის ფილმებისა (ჩვენში „ფართოფორმატიანს“ რომ უწოდებდნენ), რომელთა შორის უაიზისა და რობინსის მიუზიკლი აშკარად ლიდერობდა, პირველ რიგში ქორეოგრაფიისა და კინოს ენის ორგანული ერთიანობით, სანახაობრიობით, რასაც, ყველაფერთან ერთად, აქ ქმნის ახალი ობიექტივი Pana-zoom-ი – დეტალის წამიერი გამსხვილების საშუალებას რომ იძლევა საშუალო ხედზე.

8. ბავშვების საათი - The Children's Hour (1961), უილიამ უაილერი

ლილიან ჰელმანის პიესას, რომლის ეკრანიზაციას მიმართა უილიამ უაილერმა, საფუძვლად უდევს რეალური ამბავი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოხდა ედინბურგის ერთ კოლეჯში, სადაც მოსწავლემ დაადანაშაულა მასწავლებლები ლესბოსურ ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ესაა, ფაქტობრივად, პირველი ამერიკული ფილმი, რომელიც ლესბოსური სიყვარულის თემას ეძღვნება, „ბავშვების საათისთვის“, ჩემი აზრით, მთავარია არა იმდენად სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის თემა, რამდენადაც, საერთოდ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უფლება. ლგბტ თემის ზოგიერთი წარმომადგენელი უაილერის ფილმს დღეს მოძველებულად მიიჩნევს, თუმცა ამ სურათის მხატვრული ძალა დღესაც აშკარაა პირველ რიგში ოდრი ჰეპბერნისა და შირლი მაკლეინის ბრწყინვალე დუეტის გამო.

9. სამსონი - Samson (1961), ანჯეი ვაიდა

ვაიდამ, რომელიც თავად ებრაელი არ იყო, არაერთი ფილმი მიუძღვნა ანტისემიტიზმის თემას. „სამსონი“ იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ რეჟისორმა, რომლის „ფერფლი და ალმასი“ რამდენიმე წლით ადრე პოლონელებმა ომისშემდგომი ეროვნული კულტურის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებად მონათლეს, დაუფარავად გამოხატა თავისი პოზიცია პოლონეთში ანტისემიტიზმის ახალი ტალღის მიმართ („სამსონის“ პრემიერისთვის ებრაული მოსახლეობა პოლონეთში თითქმის განახევრებული იყო). მიუხედავად იმისა, რომ ”სამსონი” მეორე მსოფლიო ომის ამბებს ასახავს, დროის დეტალებს აქ იმდენად ნაკლები ყურადღება ექცევა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაიდა თანამედროვე პოლონეთის სურათს გვიხატავს.

10. ნუ მოკლავ ჯაფარას - To Kill a Mockingbird (1962), რობერტ მალიგანი

ალაბამელი ადვოკატის, ატიკუს ფინჩის როლს გრეგორი პეკი თავის კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევდა. ამბობენ, რომ ჰარპერ ლი, იმ წიგნის ავტორი, რომლის ეკრანიზაციაცაა მალიგანის ფილმი, გადაღების დროს ატირდა, ისე ჰგავდა გრეგორი პეკი მამამისს. ჰარპერ ლის რომანში აღწერილი 30-იანი წლების ამერიკის ქალაქი მეიკომბი, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და ხვალინდელი დღის შიშით ცხოვრობს, ცოტა არ იყოს, ჰგავს ჩვენს პატარა და დიდ ქალაქებს. ეს წიგნიც და ფილმიც სახელმძღვანელოა. შესაძლოა, ეს „პედაგოგიური ფილმი“ ჩვენთვის დღეს უფრო აქტუალური იყოს, ვიდრე 60-იან წლებში იყო, როცა მალიგანის ფილმი საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა.

11. ჩვეულებრივი ფაშიზმი - Обыкновенный фашизм (1965), მიხაილ რომი

რომის ორსერიიანი დოკუმენტური ფილმი ერთი წლის განმავლობაში 22-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. თუმცა საბჭოთა კომპარტიის ცეკას იდეოლოგმა მიხაილ სუსლოვმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირადი განკარგულებით აკრძალა „ჩვეულებრივი ფაშიზმი“; როგორც ჩანს, იმ პირდაპირი ასოციაციების გამო, რომლებსაც ქმნიდა რომის მიერ გამოხატული ნაცისტური გერმანია სტალინურ (და არა მარტო სტალინურ) საბჭოთა კავშირთან. ეს ანალოგიები განსაკუთრებით აშკარაა ფილმის პირველ ნაწილში, როცა რომი, თავად რომ უკეთებს კომენტარებს ნაცისტურ ქრონიკას, საუბრობს „უმრავლესობის ვნებებზე“ და განსხვავებულის მიმართ შიშსა და სიძულვილზე.

12. მაღაზია მოედანზე - Obchod na korze (1965), იან კადარი, ელმარ კლოსი

პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლამდე ჩეხოსლოვაკიის კინო განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდიდა; „მაღაზია მოედანზე“ აღინიშნა ამერიკული „ოსკარით“, როგორც წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. მოგვიანებით სტივენ სპილბერგმა თქვა, რომ სწორედ ამ სურათის ნახვის შემდეგ დაებადა „შინდლერის სიის“ გადაღების იდეა. კადარი და კლოსი აქაც მიმართავენ იმ დროის აღმოსავლეთევროპული კინოს მთავარ თემას: ადამიანი და ისტორია, ადამიანი ზნეობრივი არჩევანის წინაშე და ისტორიული „შემთხვევითობა“, რომელსაც ძალუძს, მთლიანად დაანგრიოს როგორც ადამიანის, ისე მთელი ქვეყნის განვითარება.

13. მადმუაზელი - Mademoiselle (1966), ტონი რიჩარდსონი

ფრანგებმა ეს ნაწარმოები „შავ ფილმად“ მონათლეს (film noir), ხაზი გაუსვეს რა გამოუვალობის, მოღუშულობის, ხიფათის ატმოსფეროს, რომელსაც ჩვეული ოსტატობით ქმნის „გაბრაზებული ინგლისელების“ ერთ-ერთი ლიდერი ტონი რიჩარდსონი. ჟანა მორო უზადოდ ასრულებს ურთულეს როლს მიყრუებულ სოფელში სამუშაოდ ჩასული მასწავლებლისა, რომელსაც იქ უცხოს შიში, უნდობლობა და პარანოია ხვდება.

14. ახალგაზრდა ტიორლესი - Der junge Törless (1966), ფოლკერ შლიონდორფი

ერთ-ერთი პირველი გერმანული ფილმი სასკოლო ბულინგზე, რომელიც ისევე, როგორც ლიტერატურულ პირველწყაროში, რობერტ მუზილის მოთხრობაში, არ დაიყვანება მხოლოდ განსხვავებულის (ებრაელის) მიმართ ძალადობაზე. შლიონდორფი გვთავაზობს, ვიფიქროთ ბოროტების მიმართ დამოკიდებულებაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ არაადამიანურ სისასტიკეს. შესაძლებელია თუ არა დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც ადამიანად არ აღგიქვამენ? რამდენად ეფექტიანია ამ დროს ნეიტრალური პოზიციის დაკავება და აქცენტის გადატანა „სიტყვის თავისუფლებზე“?

15. გამოიცანი, ვინ გვესტუმრება სავახშმოდ - Guess Who's Coming to Dinner (1967), სტენლი კრამერი

მეტად სახალისო ფილმი რასობრივ დისკრიმინაციაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას საზოგადოებრივმა აზრმა მაშინაც კი, როცა თავად არა ვართ რასისტები და ცხოვრებაში სულ სხვა იდეებს ვქადაგებთ. სტენლი კრამერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რასიზმის სოციალური ძირები გამოიკვლია 50-იან წლებში, თავის შედევრში „გადაჯაჭვულნი“. მაგრამ, თუ „გადაჯაჭვულნი“ დღეს, ცოტა არ იყოს, მოძველებულად აღიქმება, ეს მცირებიუჯეტიანი სურათი, სრულიად გენიალური მსახიობების მონაწილეობით, აქტუალობას არ კარგავს.

16. შუაღამის სიცხეში - In the Heat of the Night (1967), ნორმან ჯუისონი

როგორია პოლიციის დამოკიდებულება საქართველოში ჩატარებული იმ აქციების მიმართ, რომელთაც ქსენოფობური ხასიათი აქვთ? ვიცით? საუბარია რიგით პოლიციელზე, რომელმაც, შესაძლოა, თავისი მოვალეობა შეასრულოს, მაგრამ სიმპათიით იყოს განწყობილი ძალადობის მომხრეთა მიმართ. ეს კითხვები აუცილებლად დაგებადებათ, თუ ნახავთ „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ ავტორის ამ ფილმს, მთელი თავისი შემოქმედება რომ მიუძღვნა ამერიკულ საზოგადოებაში ფეხმოკიდებული ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის კვლევას.

17. ნადირობის სცენები ქვემო ბავარიიდან - Jagdszenen aus Niederbayern (1969), პეტერ ფლაიშმანი

კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, ამჯერად გერმანულ საზოგადოებაში ნაციზმის აღორძინებისა. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, უკომპრომისო, „უხეში“ ფილმიც კი კინოს ისტორიაში, ე.წ. „სახალხო ფაშიზმის“ მხილებით. ფლაიშმანის ამ სურათს არაერთი კრიტიკოსი საუკეთესოდ მიიჩნევს, საერთოდ, „ახალ გერმანულ კინოში“. ფაშიზმის ზიზღი იმდენად ძლიერია, რომ თავად ავტორი ემსგავსება მიზანთროპს, რომელსაც საერთოდ არ სჯერა ადამიანის კეთილშობილებისა და საშინელ სამსჯავროს უწყობს დასავლურ ცივილიზაციას.

18. კაბარე - Cabaret (1972), ბობ ფოსი

ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ „კაბარე“, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერებს ამ ფილმიდან თვით საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავებიც ასრულებდნენ, 1988 წლამდე აკრძალული იყო ჩვენს კინოგაქირავებაში − „ებრაული თემის“ გამო. იმხანად ანტისემიტიზმი შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გახდა საბჭოთა იდეოლოგიის ნაწილი და „კაბარე“, უბრალოდ, ხელს შეუშლიდა „მასონების შეთქმულების“ თეორიის პოპულარიზაციას. ბობ ფოსი აქაც თავისი ფილმების მთავარი თემის ერთგულია − შემოქმედება (კაბარე) ერთადერთია, რაც ადამიანს ეხმარება, დაუპირისპირდეს სიკვდილსა და ძალადობას. მაშინაც კი, როცა ეს დაპირისპირება მსხვერპლით მთავრდება.

19. ფილმი სიყვარულსა და ანარქიაზე - Film d'amore e d'anarchia (1973) ლინა ვერტმიულერი

ფაშისტური იტალიის ატმოსფერო აქ გამოხატულია ძალიან ნიჭიერი (და, ჩემი აზრით, უსამართლოდ დავიწყებული) იტალიელი რეჟისორისთვის დამახასიათებელი ცინიზმით, ყოველგვარი სენტიმენტალიზმისა და „კეთილი ზრახვების“ გარეშე. ერთმანეთს უპირისპირდება ორი სამყარო − მუსოლინის ამორალური იტალია და საროსკიპო (!), რომელშიც სურათის გმირი ამოყოფს თავს. ფილმის ავტორი პირდაპირ სვამს კითხვას: აბა, სადაა გარყვნილების ბუდე? მეძავების გარემოში თუ აქ, ფაშისტური იტალიის დეგრადირებულ სახელისუფლო სტრუქტურებში?

20. შიში ჭამს სულს - Angst essen Seele auf (1974), რაინერ ვერნერ ფასბინდერი

60 წლის ქვრივს, ემი კუროვსკის, შეუყვარდება ალი, ახალგაზრდა მაროკოელი, რომელიც არალეგალურად მუშაობს გერმანიაში. დუგლას სირკის შემოქმედებით აღფრთოვანებული ფასბინდერი, ერთი მხრივ, მიმართავს ამერიკელი რეჟისორის ფილმების სტილიზაციას, არ ეშინია მელოდრამატული მოტივების, მეორე მხრივ კი არც თავის ხელწერაზე ამბობს უარს − ბრეხტის გავლენით, ერიდება მაყურებელთან თანაარსებობის ეფექტს, პრინციპულად ანიჭებს უპირატესობას თეატრალურ მიზანსცენებს და ერთგვარ სიცივეს, რომელიც გვეხმარება, ფილმის ემოციური აღქმის ნაცვლად, ვიფიქროთ შეუწყნარებლობის მიზეზებზე დასავლურ საზოგადოებაში.

21. მარშირების საუკეთესო საშუალება - La meilleure façon de marcher (1976), კლოდ მილერი

ეს ფრანგული სურათი, პატრიკ დევერით მთავარ როლში, 80-იანი წლების დასაწყისში უჩვენეს თბილისის კინოს სახლის დახურულ სეანსზე და მახსოვს შოკი, რომელიც ფილმმა გამოიწვია ქართულ (ელიტარულ) საზოგადოებაში. იმხანად ე.წ. „ლატენტურ ჰომოსექსუალობაზე“ არათუ არავინ მსჯელობდა, ამ მოვლენაზე წარმოდგენაც თითქმის არავის ჰქონდა. არადა, როგორი აქტუალურია კლოდ მილერის ეს ფილმი დღევანდელ საქართველოში! ვის ეშინია თითქმის ავადმყოფურად სექსუალური უმცირესობებისა, თუ არა იმას, ვისაც თავად აქვს სერიოზული პრობლემა და ნამდვილად საჭიროებს ფსიქიკის (და თავისი სექსუალური ცხოვრების) გაჯანსაღებას?

22. ჯულია - Julia (1977), ფრედ ცინემანი

ლილიან ჰელმანის ავტობიოგრაფიის ეკრანიზაცია, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ჰიმნია, რომელიც ამერიკული კინოს კლასიკოსმა ქალების სოლიდარობას მიუძღვნა. ნიშანდობლივია, რომ ნაციზმს აქ სწორედ ფემინისტები უპირისპირდებიან, ფილმის გმირებიც და მსახიობებიც, ჯეინ ფონდა და ვანესა რედგრეივი. იმ მაყურებლისთვის, რომელმაც კარგად იცის ამ არტისტების ბიოგრაფია, მათი მოქალაქეობრივი პოზიცია, „ჯულია“ ორმაგად საინტერესო ხდება.

23. განსაკუთრებული დღე - Una giornata particolare (1977), ეტორე სკოლა

ადოლფ ჰიტლერი ჩადის რომში, მუსოლინისთან შესახვედრად; რიგითი იტალიელისთვის ეს განსაკუთრებული დღეა. სოფი ლორენისა და მარჩელო მასტროიანის გმირებისთვის კი ეს არის დღე, როცა ბრბოსგან გამიჯნულებმა ხელახლა იგრძნეს (სოფი ლორენის მრავალშვილიანმა გმირმა, შესაძლოა, პირველადაც) ადამიანური სითბო და სოლიდარობის მშვენიერება. ეტორე სკოლამ გადმოაბრუნა ამ დუეტის სტერეოტიპული სახე, არაერთხელ რომ განმეორებულა იტალიურ კინოში: მარჩელო - ქალების რისხვა - აქ თამაშობს ჰომოსექსუალს, რომელსაც ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, სოფი ლორენი კი − დიასახლისს, რომელსაც ეს ერთი დღე ცნობიერებას გადაუტრიალებს.

24. ბუდე - El nido (1980), ხაიმე დე არმინიანი

სამოც წელს გადაცილებული ქვრივისა და არასრულწლოვანი გოგონას მეგობრობის ამბავს ფრანკოს ეპოქის ესპანეთში აღიქვამენ, როგორც „ავადმყოფობას“ და ნამდვილ ნადირობას უცხადებენ ფილმის გმირებს. დელიკატური თემა იმდენად ლირიკულად, სუფთად, გამჭვირვალედ იხატება, რომ „ბუდე“ შეიძლება მივიჩნიოთ საუკეთესო ფილმად კინოს ისტორიაში პლატონურ სიყვარულზე.

25. რეგტაიმი - Ragtime (1980), მილოშ ფორმანი

ედგარ ლორენს დოქტოროუს რომანის ეკრანიზაციას ფორმანმა მიმართა შემოქმედებითი აღმავლობის დროს, როცა ჯერ კიდევ ტრიუმფით უჩვენებდნენ მსოფლიოში მის ფილმებს „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „თმები“. ფორმანს, რომელიც გაექცა ჩეხოსლოვაკიის ავტორიტარულ მმართველობას, ჰქონდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში მუშაობის გამოცდილება, ამიტომაც რასიზმის თემა − დოქტოროუს რომანის მთავარი თემა − კიდევ უფრო მეტად განაზოგადა, მიმართა რა, სხვათა შორის, კინოს პიონერის, დევიდ უორკ გრიფიტის გამოცდილებას და არ მოერიდა პირდაპირ ციტატებს „შეუწყნარებლობიდან“.

26. ერთმანეთის მზერით - Egymásra nézve (1982), კაროი მაკი

ბევრს დღემდე უკვირს, როგორ გახდა შესაძლებელი კომუნისტურ უნგრეთში ლესბოსური დრამის გადაღება, თანაც ღიად გამოხატული პოლიტიკური აქცენტებით. ასეა თუ ისე, კაროი მაკის ფილმი უნგრეთის კინოთეატრებში უჩვენეს. მეტიც, ფილმი კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და იადვიგა იანკოვსკა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „პალმითაც“ კი დააჯილდოეს. თუმცა, საბჭოთა კავშირში კაროი მაკი „რევიზიონისტად“ გამოაცხადეს და ფილმის საერთაშორისო პრემიერის შემდეგ მისი სახელი და გვარი ამოიღეს ყველა საბჭოთა კინოლექსიკონიდან.

27. შოა - Shoah (1985), კლოდ ლანცმანი

ლანცმანის ფილმი თავისებური რეკორდსმენია - 9,5 საათს გრძელდება. თანაც ისე, რომ ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებულ ამ სურათში არ არის ჩართული ქრონიკა და დოკუმენტური მასალა. მთელი ფილმი აგებულია საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეთა ინტერვიუებზე. დიდი ფრანგი დოკუმენტალისტი არ ღალატობს თავის სტილს, მას სჯერა, რომ კინოში ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ცოცხალი ადამიანის სახეა. მიუხედავად ასეთი გრძელი ქრონომეტრაჟისა, „შოაში“ ერთი ეპიზოდიც არ არის, რომელიც დაგღლით და მოგაწყენთ. სამაგიეროდ, მიიღებთ სრულიად ახალ ინფორმაციას ნაცისტურ ბანაკებსა და მხეცობაზე, რომელსაც ამ ბანაკების მესვეურები მიმართავდნენ.

28. ობობა-ქალის კოცნა - Kiss Of The Spider Woman (1985), ექტორ ბაბენკო

ესაა ჰომოფობიის წამალი, ფილმი, რომელიც - ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი - არაერთ ადამიანს აიძულებს, გადააფასოს თავისი წარმოდგენები უმცირესობაზე. როგორ ჩნდება სოლიდარობა ჩაგრულ ჯგუფებს შორის და როგორ იქცევა ჰომოფობია ძალადობრივი პოლიტიკის აუცილებელ ატრიბუტად? ცხადია, გვიფიქრია ამაზე. თუმცა, როცა გავეცნობით უილამ ჰარტის გმირს, ვიხილავთ მსახიობის მართლაცდა ვირტუოზულ თამაშს (მე ვიტყოდი - ტექნიკას), მივხვდებით, რომ ბრაზილიელი რეჟისორის ეს ფილმი არ ძველდება.

29. ჩემი მშვენიერი სამრეცხაო - My Beautiful Laundrette (1985), სტივენ ფრირზი

სტივენ ფრირზი გასაოცარი ოსტატობით უყრის თავს ყველა სოციალურ პრობლემას, რომლითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს თანამედროვე ბრიტანული საზოგადოება. „აღმოსავლეთი“ შეიჭრება „დასავლეთში“, მაგრამ არა როგორც „ველური“, არამედ როგორც „სხვა“ კულტურა, რომელიც სწორედ დასავლურ საზოგადოებას წარმოგვიდგენს ველურად. რასიზმი და ჰომოფობია ერთი მოვლენის ორი გამოვლინება ხდება, მაყურებელი კი თავისთვის ჩაიცინებს, როცა ჩასწვდება ფრირზის მართლაც რომ ბრიტანულ იუმორს.

30. მშვიდობით, ბავშვებო - Au revoir les enfants (1987), ლუი მალი

სკანდალური და ცინიკური „ლაკომბ ლუსიენის“ პრემიერის შემდეგ სამშობლოდან, ფაქტობრივად, გაძევებულმა, ახლა კი ჰოლივუდიდან დაბრუნებულმა ლუი მალმა ყველასთვის მოულოდნელად გადაიღო სენტიმენტალური და სუფთა ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა უჩვენოთ თქვენს ბავშვებს, თუკი გსურთ, დაანახვოთ, რა არის სიკეთე და რა არის უსამართლობა, დაანახვოთ, როგორ ანგრევს ნაციზმი და შოვინიზმი ადამიანის ბედს და რა ძალა აქვს ადამიანთა სოლიდარობას.

31. გზაში - Na putu (2009), იასმილა ჟბანიჩი

ეს ფილმი თითქოს უშუალოდ ქართველი მაყურებლისთვისაა გადაღებული. იასმილა ჟბანიჩი იკვლევს ბოსნიის პოსტკომუნისტურ საზოგადოებას და ქსენოფობიისა და ობსკურანტიზმის მიზეზებს სოციალურ უსამართლობაში ხედავს. რა ჰქნას ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც სამუშაო არა აქვს და ოჯახს ვერ არჩენს? იქნებ იმ რელიგიურ ჯგუფს შეუერთდეს, რომელიც აზრს შემატებს მის სიცოცხლეს და თავისი მოუწყობელი ცხოვრების მიზეზს „ლიბერალურ მმართველობაში“ მიაგნებინებს?

32. ჰავრი - Le Havre (2011), აკი კაურისმიაკი

თუკი კინოს პირველი სეანსი ხალხმა აღიქვა, როგორც სასწაული, რატომ არ შეიძლება კინოხელოვნებას ვუწოდოთ „სასწაულის ხელოვნება“? თუკი ამაზე შევთანხმდებით, მაშინ სასწაული, რომელიც ფინელი რეჟისორის ამ, ჩემი აზრით, სრულიად უსამართლოდ დაუფასებელ შედევრში ხდება, იმდენადაა სასწაული, რამდენადაც რეალობა... ანუ თავად კინემატოგრაფია ოცნებისა და სინამდვილის უაღრესად საინტერესო ნაზავია. კაურისმიაკის ირონია იმის მიმართ, რომ ევროპული საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება უცხოს შიშისგან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არ სწამს ამის შესაძლებლობის. შეიძლება ითქვას, რომ „ჰავრი“ არის არა იმდენად ზღაპარი, რამდენადაც ლოცვა - მაყურებელთან ერთად, ფილმის გმირების გადარჩენისთვის ლოცვა.

33. ბორცვებს მიღმა - După dealuri (2012), კრისტიან მუნჯიუ

კრისტიან მუნჯიუ ჩემთვის რჩება დღევანდელი ევროპული კინოს მთავარ იმედად. ფილმში „ბორცვებს მიღმა“, გარდა კინემატოგრაფიული ოსტატობისა, მან შეძლო, უკომპრომისოდ და ღიად ემხილებინა ობსკურანტიზმი და ეკლესიის ფარისევლობა ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ გამოეყვანა რეალურ დამნაშავედ. ოსტატობის გარდა ამას, დამეთანხმებით, ადამიანისადმი განსაკუთრებული ნდობა სჭირდება. თუ ვიმსჯელებთ ჰუმანიზმზე, რომელიც საუკეთესო იარაღია ობსკურანტიზმთან ბრძოლაში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მუნჯიუს ფილმი, რომელიც პირველ რიგში ებრძვის თავად მოვლენას, და არა მოვლენაში „ჩართულ“ ადამიანებს.