7 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგი ჩიხლაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა პოლიტიკური პარტიებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ შემოწირულებებზე.
ორგანიზაციამ შეისწავლა 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები და ანალიზის შედეგები 6 ოქტომბერს გამოაქვეყნა. გიგი ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ბევრი კითხვა ჩნდება ზოგიერთი შემოწირულების კანონიერებაზე, თუმცა, ორგანიზაციას არ შეუძლია ცალკეულ დარღვევაზე მტკიცებითი ფორმით ილაპარაკოს. ეს აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ისეთ შემთხვევებზე, როცა ფიზიკურმა პირებმა თავიანთი წლიური შემოსავლის ნახევარზე მეტი შეწირეს პარტიას. გიგი ჩიხლაძემ აღნიშნა აგრეთვე, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ამომრჩევლის გაცილებით დიდი პროცენტი და გაცილებით დიდი ოდენობით თანხებს ურიცხავს პარტიებს. რაც შეეხება ამ პროცესის კანონიერების კონტროლს, ანუ, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსებისას ჩრდილოვანი თანხების კონტროლს, რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ზედმეტად ხისტმა მიდგომამ და სანქციების გამკაცრებამ შეიძლება, დააზიანოს უფრო მნიშვნელოვანი - დააშინოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის შეწირვა. გიგი ჩიხლაძემ კიდევ ერთხელ განუმარტა მსმენელს, რომ პარტიისთვის თანხის საკუთარი სურვილით, კანონის დაცვით შეწირვა ძალიან პოზიტიური მოვლენაა. პრობლემაა, როცა მოქალაქე ამას სხვისი დავალებით და სხვისი თანხით აკეთებს.
Your browser doesn’t support HTML5