არქივების საერთაშორისო დღეს, რომელიც 9 ივნისს აღინიშნება, საქართველოს ეროვნული არქივი შეხვდა ახალი პროექტით - „არქივის ღია კარით“, რომლის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ უნიკალური წერილობითი დოკუმენტები, კინოფირებისა და ფოტოების საარქივო საცავები, დიგიტალიზაციისა და ლაბორატორიის ოთახები. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული არქივის საცავებში დაშვება მხოლოდ არქივის მცველებს აქვთ, „ღია კარის“ ფარგლებში მოწყობილი ტურით სიძველის ბევრმა მოყვარულმა ისარგებლა.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში თანამედროვე არქივები 1920 წლის 23 აპრილს შეიქმნა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით, ახლანდელ მისამართზე, ვაჟა-ფშაველას პირველ ნომერში კი არქივი 1964 წელს გადავიდა.
საქართველოს ეროვნული არქივის ყველაზე ძველ, არამუსიკალურ აუდიოჩანაწერად ითვლება აკაკი წერეთლის მიერ წაკითხული „განთიადი“ და აკაკისავე მიმართვა მომავალ თაობებს. სულ არქივში თავმოყრილია 40 ათასამდე კინოდოკუმენტი და 20 ათასამდე ფონოჩანაწერი. ეროვნული არქივის ფონოგანყოფილების უფროსის, ეკა სანიკიძის, თქმით, ჩანაწერები გაკეთებულია სხვადასხვა სახის მატარებელზე - მათ შორის მაგნიტურ ლენტებსა და გრამფირფიტებზე, თუმცა უძველესია 56 ცალი ცვილის უნიკალური ლილვაკი:
„ეს არის პირველი მასალა, რაზეც ხმოვანი ჩანაწერი დაფიქსირდა. შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს ის ხაზები, რომლებიც მსგავსია ფირფიტებზე გაკეთებული ხაზებისა, რომლებზეც ხმოვანი ინფორმაციაა ჩაწერილი, ძალიან წვრილადაა დახაზული. ეს არის ერთჯერადი გამოყენების, ანუ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ამ ლილვაკების მეორედ გამოყენება ვერ ხერხდებოდა, თუმცა საქართველოში ესეც შეძლეს, რამაც ძალიან გააკვირვა გერმანელი სპეციალისტი, რომელიც ჩანაწერების გაციფრებაში გვეხმარებოდა. ეს აპარატი, GRAPHOPHONE, შეიქმნა 1877 წელს და ჩვენთანაც საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.“
ეს აპარატი - ტომას ედისონის გამოგონება - ეროვნულ არქივში დღესაც ინახება, მასზე დასაკრავი ცვილის ლილვაკების ჩანაწერები კი გაციფრებულია, ისევე როგორც ციფრულ ფორმატშია გადატანილი გრამფირფიტების შიგთავსი, მათ შორის 1901 წლის ჩანაწერები, გაკეთებული სანდრო კავსაძისა და გიგო ერქომაიშვილის მიერ გოლოვინის პროსპექტზე გახსნილ ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც, როგორც კინოფოტოფონოარქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე ამბობს, მთელი საქართველოდან ჩამოჰყავდათ მომღერლები, თუმცა, გარდა ამ ხალხური სიმღერებისა, გვაქვს ქართული კინომუსიკის უმდიდრესი კოლექცია:
„ქართულ მხატვრულ ფილმებში რაც კი მუსიკა იქმნებოდა, საუნდტრეკს რომ ეძახიან, თავისი სიმღერებით , მთელი ეს კოლექცია გაციფრებულია თავისი დუბლებით, ანუ ეს არის სტუდიური ორიგინალები, მონტაჟის გარეშე: შემსრულებლების ხმებით, დირიჟორის შენიშვნებით, ანუ მთელი შემოქმედებითი პროცესია დაფიქსირებული“.
ასევე ეროვნულ არქივშია დაცული უმდიდრესი - 400 ათას ერთეულამდე - ფოტომასალა, რომელთაგან ყველაზე ძველს, ალექსანდრე ივანიცკის ფოტოალბომს, ფოტოგანყოფილების უფროსი ბელა გერაძე გვიჩვენებს:
„ეს არის 1858 წელს გადაღებული ფოტოები. სულ ხუთი ფოტოა - თბილისისა და მცხეთის ხედები. ყველაზე უძველესი არის ეს. ნეგატივებში ყველაზე ძველი არის ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ოჯახიდან შემოსული კოლექცია - ნეგატივები მინაზე“.
ბელა გერაძის თქმით, არქივში ინახება როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი ფოტოები, მაგალითად, ერმაკოვის ცნობილი კოლექციიდან, ასევე ნეგატივები - მათ შორის მინაზეც და ფირებზეც. კიდევ უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, როგორც საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე ამბობს, 800 ათასზე მეტი დოკუმენტი:
„ჩვენ ასევე ვითვლით დოკუმენტების რაოდენობას - ცალობით, თუმცა სხვაგან, მაგალითად, ევროპაში ითვლიან კილომეტრობით, ანუ რამდენია ფონდების მიერ დაკავებული თაროების სიგრძე. მაგალითად, საფრანგეთის ახალი არქივი 320- კილომეტრიანია... ჩვენი არქივის სიმდიდრეზე მიუთითებს მკვლევართა დიდი რაოდენობაც, რომელმაც შარშან ათასს გადააჭარბა. მკვლევართა გეოგრაფიაც მრავალფეროვანია, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან თუ ადამიანს უნდა რუსეთის იმპერიის სამხრეთი გუბერნიებისა და ჩრდილო კავკასიის ისტორიის შესწავლა, ჩვენს არქივის გვერდს ვერ აუქცევს, მთელი მეცხრამეტე საუკუნის კავკასიის ისტორია ინახება აქ“.
საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდები ბევრად მდიდარი იქნებოდა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რუსეთს რომ მოსკოვში არ გადაეტანა სამხედრო ფონდების დიდი ნაწილი. დღეს სასწაულად მოჩანს პროფესორ ვახტანგ ჩხეტიას მისია, რომლის შესახებაც ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე გვიამბობს:
„შალვა ჩხეტია მივლინებული იყო მოსკოვში გასული საუკუნის 60-იან წლებში და ძალიან ბევრი ხელნაწერი ჩამოიტანა. აი, ეს მე-9 საუკუნის ანბანდიდი სახარება ჩამოტანილია მოსკოვიდან“.
შალვა ჩხეტიას უშუალო მონაწილეობით რუსეთის სიძველეთა საცავებიდან ჩამოტანილია არაერთი ხელნაწერი წიგნი და ისტორიული დოკუმენტი, რომელიც XIX საუკუნეში გაიტანეს საქართველოდან. მანანა ჭუმბურიძის თქმით, ძველ საბუთთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია რამდენიმე დოკუმენტს:
საშიში და ნაზი სამუშაოა. მერე ვდებთ სხვა მასალაში, ვდებთ პრესში... რამდენჯერმე მეორდება ეს ყველაფერი და მერე, დროთა განმავლობაში, რომ დავინახავთ, რომ მეტი ამის გაჭიმვა არ შეიძლება, შემდეგ ხელოვნური პერგამენტით ვავსებთ უკმარ ადგილებს და ვაძლევთ ფურცლის ფორმას...მაია ბარათაშვილი
„მეათე საუკუნის მინიატურული სახარება, რომელიც გიორგი მთაწმინდისეულია და ძალიან ვამაყობთ ამით. ეს კი გახლავთ დავით აღმაშენებლის ანდერძი, რომლის ნაწყვეტია მხოლოდ შემორჩენილი, რადგან 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, გაიტანეს საქართველოდან დაცვის მიზნით, მაგრამ სინამდვილეში, დაცვის ნაცვლად, თითქმის მთლიანად განადგურდა და როდესაც შეიქმნა არქივი 1923 წელს, სარგის კაკაბაძე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არქივის შექმნასა და საბუთების მოგროვებაში, მიავლინეს, რათა ჩამოეტანა გადარჩენილი საბუთები და იმათ შორის არის ერთ-ერთი. ეს კი არის თამარისეული ანჩის სახარება, რომლის ყდა თავის დროზე მოჭედილი იყო ბექა ოპიზარის მიერ, მაგრამ ეს დაკარგულია და მან არ მოაღწია ჩვენამდე“.
სამაგიეროდ, მოაღწია საბუთებმა თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელრთვებით, ვახტანგ მეექვსის სამართალმა და სხვა არაერთმა მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა, რომელთა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ზრუნავენ ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლები. რესტავრატორი მაია ბარათაშვილი თითქმის ორი წელია მუშაობს ცეცხლში მოხვედრილი მეთოთხმეტე საუკუნის ჟამგულანის რესტავრაციაზე:
„თავიდან ასოებს შორის შევდივართ, ფურცელს ვასუფთავებთ, შემდეგ ვდებთ ექსიკატორში, სადაც არის სპეციალური სითხე ჩასხმული და ყოველდღე ვამოწმებთ, ვნახულობთ, რა დონეზე დარბილდა. გამოგვაქვს, ვასუფთავებთ და ისევ ვაბრუნებთ. დაახლოებით 20 დღე სჭირდება ერთი ფურცლის დამუშავებას, თან ვცდილობთ გავჭიმოთ ეს ტყავი. საშიში და ნაზი სამუშაოა. მერე ვდებთ სხვა მასალაში, ვდებთ პრესში... რამდენჯერმე მეორდება ეს ყველაფერი და მერე, დროთა განმავლობაში, რომ დავინახავთ, რომ მეტი ამის გაჭიმვა არ შეიძლება, შემდეგ ხელოვნური პერგამენტით ვავსებთ უკმარ ადგილებს და ვაძლევთ ფურცლის ფორმას“...
საინტერესო დოკუმენტური მასალა ინახება უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში, სადაც დაცულია შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოებების, გამომცემლობების, რედაქციების, სასწავლებლების მასალები, ასევე, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა პირადი ფონდები. განყოფილების ხელმძღვანელი მარინა სხირტლაძე გვიჩვენებს 1937 წელს დახვრეტილი ევგენი მიქელაძის სადირიჟორო ჯოხსა და რიხარდ შტრაუსის „დონ ჟუანის“ პარტიტურას, რომელიც არქივს გადასცა კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ შემდეგი წერილით:
„მინდა, რომ საქართველოს ხელოვნების ადა ლიტერატურის არქივმა კარგად შეინახოს და ჩვენს მომავალ თაობას გადასცეს სახელგანთქმული დირიჟორის ევგენი მიქელაძის ხელში ნამყოფი რიხარდ შტრაუსის პარტიტურა „დონ ჟუანი“ თავისი შენიშვნებით, შტრიხებით და შესრულების პირობითი ნიშნებით. დაღუპვამდე ორიოდე კვირით ადრე მომცა ეს პარტიტურა და მითხრა, შენ ახლა „ზვიადაურს“ წერ. ეს შესანიშნავი პარტიტურა ძალიან დაგეხმარება მუშაობაში, მერე დამიბრუნეო. დაბრუნება აღარ მოხერხდა. ...ეს კი ევგენი მიქელაძის სადირიჟორო ჯოხია, რომელიც მას იმ საბედისწერო დღეს ეჭირა უკანასკნელად „ლატავრას“ რეპეტიციაზე და დარჩა სადირიჟორო პულტზე“.
მარინა სხირტლაძე გვიჩვენებს ასევე გალაკტიონის ნივთებს: უბის წიგნაკებს, წითელ ფანქარს, კალმებს. აქ, არქივში, ინახება პაპიროსის კოლოფი და ნამწვები, რომელიც პოეტს თვითმკვლელობის დროს ჯიბეში ედო:
„პაპიროსის კოლოფია, „რეკორდის“, ექვსი ნამწვით შიგნით. ბოდიში ბარბარიზმისთვის, მაგრამ დაბიჩოკებულებია. მოწია, ჩააქრო. მერე კიდევ მოუკიდა, კიდევ ჩააქრო. ხვდებით, თუ რა ემოცია და განცდა ჰქონდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს. რაღაცნაირად ხდები თანაზიარი მისი ამ ბოლო დღის, მისი ნერვიულობის, დაძაბულობის, აღელვების, რამ მიიყვანა იმ საბედისწერო ნაბიჯამდე... ყველაფერი და თუნდაც ეს სიგარეტის ნამწვებიც არის ძალიან ღირებული ჩვენთვის“.
სხვა ყველა ნივთი და დოკუმენტი, რომელიც ცენტრალურ არქივში ინახება, ასევე ღირებული და მნიშვნელოვანია, თუმცა ყველას სანახავად და აღსაწერად ერთი, თუნდაც კარგად დაგეგმილი, და რაგინდარა ხანგრძლივი ტური არ კმარა. საქართველოს ეროვნულ არქივში საიმედოდ დაცული და მოვლილი საგანძური ყოველდღე ელის წარსულით დაინტერესებულ ადამიანებს.