ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-აშშ-ის სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“ მასში მონაწილეობს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქართული ქვეითი ასეულის თავსებადობის გაზრდას ნატოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან. სამინისტროს ცნობით, სწავლებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად გამოიყენებენ M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს, „აბრამსს.“ ერთობლივ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის არმიის „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი და საქართველოს არმიის შეიარაღებაში არსებული ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლება გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააძლიერებს რეგიონის უსაფრთხოებას. სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ 24 მაისს დაიხურება საჩვენებელი წვრთნით.