გერმანელი მასწავლებელი ქალების, ტანტეების, საბავშვო ბაღები მაშინდელ საბჭოთა ბაღებს არაფრით ჰგავდა - იქ წასვლა ყველა ბავშვს უხაროდა. და ეს არ იყო ადგილი, სადაც მხოლოდ გერმანულ ენას სწავლობდნენ. მოსიარულე ბაღები ერთი ბინიდან მეორეში ინაცვლებდა. საბჭოთა ხელისუფლება ასეთი ბაღის ლეგალურად არსებობას არ დაუშვებდა - ამიტომ იცვლებოდა შეკრების ადგილი, იცვლებოდნენ თაობები, ტანტეების ტრადიცია კი რჩებოდა. ტანტეების ბაღელების ან, როგორც შინაურულად ერთმანეთს უწოდებენ ხოლმე, „გერმანელების“ უმრავლესობა დღემდე ამბობს, რომ ეს იყო მათი ბავშვობის დაუვიწყარი თავგადასავალი - ევროპა რკინის ფარდის აქეთ. 2017 წელს, საქართველო-გერმანიის ურთიერთობის საიუბილეო წელს, ამ ქალებს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.
Your browser doesn’t support HTML5
ერთხელ, 2000-იანი წლების დასაწყისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ამჟამინდელი დირექტორი, ნინო ლეჟავა, და მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში ყოფნისას ქუჩაში ერთ პარფიუმერულ მაღაზიასთან შეჩერდნენ - აი, ისეთთან, რომლიდანაც სუნამოს სურნელი ქუჩამდე აღწევს ხოლმე. უცებ ანამ მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტა - აინტერესებდა, იყიდებოდა თუ არა იქ საბჭოთა პერიოდში პოპულარული სუნამო - „კრასნაია მოსკვა“. ნინოს გაუკვირდა, რაში უნდა დასჭირვებოდა ანას ეს ძველი სუნამო. ანამ კი ამ კითხვაზე ისეთი პასუხი გასცა, რომელიც ერთი იდეის განხორციელების დასაბამად იქცა, იდეისა, რომელიც გერმანელი ტანტეების - საქართველოში მცხოვრები გერმანელი მასწავლებელი ქალების - და მათი ბაღების ამბების გაცოცხლებას ისახავდა მიზნად და რომელიც წელს, 2017-ში, საქართველო-გერმანიის ურთიერთობის 200 წლისთავზე, რეალობად იქცევა. ანამ მაშინ თქვა, რომ ჰყავდა გერმანულის მასწავლებელი, რომელიც შუბლზე გადაწეულ თმას და მარგალიტის მძივს ატარებდა და ესხა „კრასნაია მოსკვა“ - ეს იყო ტანტე ნინა. როგორც აღმოჩნდა, ნინოსაც ჰყავდა თავისი ტანტე ლანდა, ტანტე ნინას და. სწორედ ეს დამთხვევა გახდა პირველი ბიძგი, ნინო ლეჟავას ბლოკნოტში კი გაჩნდა პირველი ჩანაწერი, რომ ერთ დღეს გერმანელი ტანტეების ბაღების შესახებ ამბებს შეაგროვებდა:
„სხვადასხვა მიზეზთან ერთად იყო კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გადავწყვიტე ამ ამბების დოკუმენტირება: აღმოვაჩინე, რომ არც ერთ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში თუ არასაბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებში, სადაც გერმანელი კოლონისტების თემი ცხოვროდა, არ გაჩენილა გერმანული ბაღების ურბანული ტრადიცია. ეს იყო მხოლოდ თბილისში“.
ტანტეების ბაღის იდეა, როგორც ნინო ლეჟავა მოგვითხრობს, ტანტე ლილიმ წამოიწყო. ტრადიცია მისმა შვილებმა - ტანტე ლანდამ და ტანტე ნინამ - გააგრძელეს. იყვნენ სხვა გერმანელი ქალებიც: ტანტე ლიდა, ტანტე ბეატა... მათი საბავშვო ბაღები, რომლებიც ბინებში ეწყობოდა და ხშირად იცვლიდა ადგილს, მკვეთრად განსხვავდებოდა მაშინდელი საბჭოთა ბაღებისგან. სამწლიანი კურსის შემდეგ ბავშვები უკვე გერმანულად ლაპარაკობდნენ, „ბაღელობა“ კი 4 წლის ასაკიდან იწყებოდა. მაგრამ უცხო ენა არ იყო მთავარი, რასაც იქ სწავლობდნენ, იხსენებს ნინო ლეჟავა:
„ეს იყო ამ ბაღების პედაგოგიკა - დასავლური სისტემა (მონტესორის სასწავლო სისტემა), რომლითაც ეს ქალები რკინის ფარდის მიღმა გვასწავლიდნენ და ის გულისხმობდა იმას, რომ ზრუნავდნენ არა მხოლოდ ბავშვის უნარების განვითარებაზე, არამედ მის გონებრივ და ჰარმონიულ განვითარებაზე“.
ნინოს კიდევ სხვა ბევრი დეტალიც ახსოვს - როგორ ხატავდნენ, მაგალითად, ნაძვის ხეებს ერთი შაბლონით და მერე აფერადებდნენ, ახალი წლის მოსვლა კი ცნობილ გერმანულ საახალწლო სიმღერასთან ასოცირდებოდა, რომელიც ახსოვს უკლებლივ ყველას, ვისაც ტანტეების ბაღში უვლია:
კიდევ, ამ ბაღში ყველას თავისი პატარა სკამი ჰქონდა, უკან კი ბავშვის სახელი ეწერა:
„ბავშვი უნდა ყოფილიყო კომფორტულად. ყაყანი და ზუზუნი ამ ბაღში არასოდეს ყოფილა. ამ სკამებსაც ჩვენ ვალაგებდით ყოველ დილით, მისვლისას. ერთ ფოტოზე მოჩანს საბავშვო ნახატებიანი მუშამბაც, რომელიც ძალიან მომწონდა. ჩვენ თვითონ ვალაგებდით იმ ბოხჩებსაც, რომელშიც ჩვენი სათამაშოები თუ წიგნები და რვეულები იდო. სლოტოს ვთამაშობდით ხოლმე...“
და ამ საქმეს თავში ქალები ედგნენ. ეს მომენტი კი ნინო ლეჟავასთვის, როგორც ფემინისტისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო - მას სურდა გადაერჩინა ისტორიული მეხსიერება ამ ქალების წვლილის შესახებ, რომელსაც ისტორია, კაცების გაკეთებული საქმეებისგან განსხვავებით, როგორც წესი, არ ინახავს ხოლმე.
უკვე შეგროვილია საკმარისი მასალა, რაც ტანტეების შესახებ წიგნში უნდა შევიდეს: ფოტოები, რომლებიც საბჭოთა პერიოდის ყოველდღიურობას ასახავს, მოგონებები, ნახატები, ძველი რვეულები, იმ სიმღერების ნოტები და ტექსტები, რომლებსაც ბაღში სწავლობდნენ და ბაღების ტოპოგრაფიული რუკაც. წიგნი 2017 წელს უნდა გამოვიდეს, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ტანტეების ბაღელია ბიძინა რამიშვილიც - რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი. ის ტანტე ლიდას ბაღში ხუთი წლისა მიიყვანეს - ეს შეხვედრა და შემდგომ ურთიერთობა როგორც გერმანულის მასწავლებელთან, ისე ბაღის ბავშვებთან, მისთვის დაუვიწყარ და ბავშვობის ერთ-ერთ მთავარ მოგონებად დარჩა. ეს იყო გარესამყარო, ოჯახური სამყაროს ალტერნატივა, ამბობს ბიძინა. თუმცა ეს არ ყოფილა შემთხვევითი არჩევანი: ბიძინას ბაბუას გერმანული უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, რასაც მოგვიანებით, 30-იანი წლების რეპრესიების დროს, ემსხვერპლა კიდეც - დახვრიტეს. ნათესაობაშიც იყვნენ ისეთები, ვინც პირველი რესპუბლიკის დროს, იმ სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, დასავლური განათლების მიღება მოასწრო. მათი უმრავლესობა რეჟიმმა 1937 წლების ტერორის დროს გააქრო, თუმცა დატოვა ცოდნა გერმანიის, როგორც რაღაც აღთქმული მიწის შესახებ. ტანტე ლიდას ბაღში არც განსაკუთრებული სიმკაცრე იყო, ბავშვებს არ ეშინოდათ, მაგრამ ბიძინა რამიშვილს დღემდე ახსოვს ტანტე ლიდასადმი არსებული მოწიწების გრძნობა:
„თანაც, ეს არ იყო სწავლების ის ჩვეული მეთოდები, რასაც ჩვენ ვიცნობდით სხვა სფეროებიდან - ისეთი თამაშით ვსწავლობდით. მაგალითად, ჩენი ტანტე გვეტყოდა ხოლმე სიტყვას, ჩვენ კი არტიკლი უნდა გვეთქვა. მერე ქულებს გვიწერდა და ასე გვახალისებდა. გვიკითხავდა წიგნებს, გერმანულ ლექსებს ზეპირად გვასწავლიდა, ახალი წელი და შობა „თანენბაუმის“ გარეშე არ ჩაივლიდა. პირველად მაშინ გავიგე, რომ გერმანულ კულტურაში აღდგომის დღესასწაულთან კურდღელს ჰქონდა კავშირი - კურდღელს, რომელსაც მოაქვს კვერცხები, მალავს და მერე ბავშვებმა უნდა იპოვონ“.
მე მგონი, ცდებიან ხოლმე, როცა ამბობენ, რომ ბავშვები რაღაცებს ვერ ამჩნევენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უკვე მაშინ, რომ ვიცოდი, რაღაც არსებობდა, გარდა იმისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. თითქოს რაღაცნაირი შიდა ემიგრაციის საშუალება მქონდა...ბიძინა რამიშვილი
კიდევ იყო დისციპლინა - ტანტე ლიდა ბავშვებს პატარ-პატარა დეტალებით აჩვევდა წესრიგს, თავისუფლებას, ქცევას, აზროვნებას:
„ყველაზე დიდი, რაც ამ წლებმა მომცა, ის იყო, რომ ეს ადგილი იყო ალტერნატიულ ფანჯარასავით იმ ასაკიდანვე საბჭოთა ქართულ გარემოში, რომელიც ხუთი წლის ბავშვს შეიძლება არ უნდა შეემჩნია და არ აწუხებდა. მაგრამ მე მგონი, ცდებიან ხოლმე, როცა ამბობენ, რომ ბავშვები რაღაცებს ვერ ამჩნევენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უკვე მაშინ, რომ ვიცოდი, რაღაც არსებობდა, გარდა იმისა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. თითქოს რაღაცნაირი შიდა ემიგრაციის საშუალება მქონდა“.
ალბათ, არავის მოუხდენია იმხელა გავლენა ჩემს ცხოვრებაზე, რამხელაც თავის დროზე ტანტე ნინამ მოახდინაო, - ასე იხსენებს თავის გერმანულის მასწავლებელს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი.
„თავიდან მახსოვს როგორც ჩრდილი, რაღაც ამბავი. და მერე, 4 წლის ასაკიდან, მახსოვს ყველაფერი. მახსოვს, რას მეუბნებოდა ჩვენი ტანტე, რას მეუბნებოდა, როგორი სამკაული ეკეთა, მახსოვს მისი სახლი ისე, რომ თვალები რომ დავხუჭო, შემიძლია აღვწერო. მისი დამოკიდებულება რაღაცების მიმართ, მისი გაკეთებული საჭმელი და მე მასზე ვაფრენდი! მიმაჩნდა, რომ ყველაზე მაგარი ქალი დედამიწაზე არის ტანტე ნინა. ის მასწავლიდა, როგორი უნდა იყოს კარგად აღზრდილი ქალი, როგორი სამკაული უნდა ატარო, როგორ უნდა მოვიქცე სუფრასთან, ჰიგიენის ნორმებიდან დაწყებული ყველაფერს, რასაც განა სახლში არ მასწავლიდნენ, მაგრამ იქ სხვანაირად ვსწავლობდით ამას - ეს იყო ევროპა, ევროპული კულტურა“.
როცა ანა ტანტე ნინას შეხვდა, სამი წლის იყო. სიტყვა არ იცოდა გერმანულად, ბაღში კი სხვა ენაზე ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ - ლაპარაკი კი ძალიან უნდოდა. ფაქტი ის იყო,რომ ძალიან მალე ყველა ბავშვი გერმანულად ალაპარაკდა. ჯადოქრობას ჰგავდაო, ანა იხსენებს. კიდევ, ბევრს ცეკვავდნენ, ხატავდნენ, ვარჯიშობდნენ, წარმოდგენებსაც მართავდნენ და იყო კიდევ გაკვეთილის ერთი განსაკუთრებული ნაწილი - მოყოლა.
ტანტე ნინა არასოდეს ყოფდა ბავშვებს სიმაღლის, ნიჭის, გარეგნობის მიხედვით. არასოდეს გამოურჩევია ვინმე და უთქვამს, რომ ის განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო. სამაგიეროდ, იყო ერთი თამაში, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილს ძალიან ნათლად ახსოვს:
„ჩვენ გვქონდა ერთი ოქროს ბურთი. ვისხედით წრეზე ყოველთვის და თამაში იყო ასეთი: ვესროდით ბურთს ერთმანეთს და ვეტყოდით -„მიყვარხარ“. ის მეკითხებოდა - „რატომ?“ და მე უნდა მეპოვა რამე შესანიშნავი თვისება მასში - იმიტომ, რომ ასეთი ლამაზი თვალები გაქვს, ან ასეთი გადასარევი ხმა გაქვს და ა.შ. თუ ვერ მოიფიქრებდი ეპითეტს, თამაშიდან გადიოდი და ასე ვსწავლობდით“.
ქეთი კუჭავას გერმანულის რვეული, რომელშიც ამ ცნობილი გერმანული სიმღერის ტექსტი წერია, უკვე რამდენიმე ათეული წლისაა. შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე დაუხატავს. ეს ნაძვის ხე ტანტეების ბაღელებიდან ყველას მკაფიოდ ახსოვს. ახსოვს ქეთის ჯგუფელ დავით დუმბაძესაც, რომლის თქმით, იმ ადამიანებს შორის, ვინც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, ერთ-ერთი პირველი ტანტე ლილიც იყო:
„მე ასე მახსოვს, რომ თავიდან მხოლოდ ლექსებით, სიმღერით და თამაშით გვასწავლიდა. გრამატიკა მოგვიანებით დავიწყეთ. გვასწავლა ენაც და გვაზიარა გერმანულ კულტურასაც, რომელიც შემდგომში მეც და ქეთისაც ძალიან გამოგვადგა. მე ათი წელი ვცხოვრობდი გერმანიაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტანტე ლილის მოცემული განათლების წყალობით ყველა კარი იღებოდა. მახსოვს, ეტიკეტს და ზრდილობასაც გვასწავლიდა. ბიჭებს გვეუბნებოდა, რომ ქალი წინ უნდა გაგვეტარებინა და კარი გაგვეღო და მახსოვს, თავპირისმტვრევით გავრბოდით ხოლმე ბაღის დამთავრების შემდეგ, რომ კარის გაღება მოგვესწრო“...
ტანტეების ბაღები მაშინ, როგორც წესი, ბინებში იყო ხოლმე. ადგილს დროდადრო იცვლიდნენ, რადგან ეს არ ყოფილა ლეგალური საბავშვო ბაღი. იქ სწავლა 50 მანეთი ღირდა. ხან რომელი ოჯახი მასპინძლობდა 10-10 ბავშვს, ხან რომელი. ქეთი კუჭავაც იხსენებს, რომ როცა ერთ დღეს მასთან სახლში 9 ბავშვი მივიდა, ისინი თავის სტუმრებად აღიქვა. აღარ ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ სადმე წასვლას აიძულებდნენ. სულ გერმანულად საუბრობდნენ:
„მაშინაც კი, როცა მეგობრებს ტელეფონზე ვურეკავდით, გერმანულად ვლაპარაკობდით. სულ მეგონა, რომ ამ დროს ტანტე ლილი მისმენდა“.
ქეთის და დათოს ისიც ახსოვთ, თუ რას ყიდულობდა ხოლმე ტანტე ლილი გასტრონომში, როცა ბაღის შემდეგ სახლებში ერთად ბრუნდებოდნენ მაშინდელი პლეხანოვის გამზირისკენ. ეს ბავშვობისდროინდელი კადრი მათ არასოდეს დაავიწყდებათ:
„ყიდულობდა ხოლმე ზეთისხილს, რომელსაც პატარა პარკში ჩაუყრიდნენ ხოლმე, და სულ ცოტა ძეხვს. ისე მიკვირდა, ეს ამ ქალს როგორ უნდა ეყოს-მეთქი. კიდევ ერთი კატა ჰყავდა - ძიგსი, მისთვისაც იყიდდა ხოლმე რამეს. ყველაფერი ჰქონდა ხოლმე ასე გამოზომილად. სულ მოწესრიგებული იყო, ლაქი ესვა, თავზე - შლაპა, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს ბებიებს. ისიც ჩვენი ბებია იყო, ოღონდ მკაცრი ბებია“.
და კიდევ, ახსოვთ ტანტე ლილის სახლიც - მისი სუნი, ინტერიერი, გობელენი კედელზე, შუშაბანდი. როცა პატარა ხარ, ასეთი დეტალები არასოდეს გავიწყდება. არც ის გავიწყდება ოდესმე, რასაც დიდი სიყვარულით გასწავლიან. ტანტეების ბაღების შესახებ წიგნიც იმისთვის მზადდება, რომ არც ჩვენ დავივიწყოთ ასეთი მასწავლებლები.