რაზე მეტყველებენ „სახეები თბილისიდან“

გერმან ავაკიანის ფოტოგამოფენა

3 თებერვალს გალერეა „black and white“-ში გაიხსნა სომეხი ფოტოგრაფის, გერმან ავაკიანის, ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „სახეები თბილისიდან“. ფოტოგრაფმა 40 ადამიანის 40 შავ-თეთრ ფოტოში გააერთიანა პროექტის იდეა - მრავალეროვანი თბილისი.

აი, მაგალითად, კრისტინა მოლდოვანოვა, დაბადებული თბილისში 1978 წელს, დგას კედელთან, ხელები ერთმანეთზე აქვს გადაჭდობილი, მხრებზე, მოკლე ქვედატანსა და თავზე შარფი აქვს მოხვეული და ობიექტივში იყურება. მისი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ, ის ან ეკლესიაში შედის, ან გამოდის. კედელი, რომელთანაც ის დგას, ეკლესიისას ჰგავს, თუმცა ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის იმ ფოტოგრაფის გარდა, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო. მაია ბედარიშვილს, რომელიც 1927 წელსაა დაბადებული და ისიც თბილისში, თბილი ქურთუკი აცვია.

Your browser doesn’t support HTML5

რაზე მეტყველებენ „სახეები თბილისიდან“

ფოტოგრაფს არ დაუცდია მისთვის სტატიკური პოზა მიეღო, ხელები აქვს გაშლილი და თითქოს რაღაცის თქმას აპირებს. თათარ მურად იმდათ-ოღლუ სტამბოლში დაბადებულა 1977 წელს, მაგრამ ფოტო თბილისშია გადაღებული. ისიც კედელთან დგას. აგურის ძველ კედელთან დგას დავით ამბეროვი, სპორტული შარვალი და ყელთან მოღეღილი მაისური აცვია. კამერას უცინის. ამ შავ-თეთრ ფოტოებზე, სულ 40 ფოტოზე, 40 ადამიანია აღბეჭდილი. მხოლოდ ადამიანები და სხვა არაფერი. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. მხოლოდ ადამიანები და არაფერი სხვა. არც გარემო, არც არქიტექტურა, არც ბუნება, უბრალოდ - ადამიანები, ერთ ჩვეულებრივ დღეს ქუჩაში საქმეზე თუ სასეირნოდ გამოსული ადამიანები, რომლებიც ფოტოგრაფმა რამდენიმე წამით შეაყოვნა, ფოტო გადაუღო და მათ გააგრძელეს გზა. 40 ადამიანის 40 შავ-თეთრი ფოტო სომეხ ფოტოგრაფ გერმან ავაკიანს ეკუთვნის. ფოტოები 6 წლის წინ თბილისში გადაიღო. გერმანი საქართველოში 1962 წელს დაიბადა. მამა სამხედრო ჰყავდა. 12 წლამდე თელავში იცხოვრა. 12 წლის იყო, ოჯახი სომხეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად. წლების განმავლობაში არაერთ უცხო ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება, თუმცა ამბობს, რომ საქართველო მის წარმოდგენებში განსაკუთრებულ „ვარდისფერ ოცნებად“ დარჩა. 32 წლის თავზე, 2006 წელს, პირველად დაბრუნდა საქართველოში და ოჯახთან ერთად 4 წელი გაატარა თბილისში. ფოტოები, რომლებიც გალერეა „black and white“-შია გამოფენილი, საქართველოდან გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე გადაიღო:

გერმან ავაკიანი

„როდესაც უკვე ვიცოდი, რომ 2010 წელს თბილისიდან უნდა წავსულიყავი, გადავწყვიტე გამეკეთებინა ისეთი რამ, რასაც თან წავიღებდი. დილის ექვს საათზე ვდგებოდი და ჩემს მეგობარ მირიან კილაძესთან ერთად ვუვლიდი მთელ თბილისს და უამრავ ფოტოს ვიღებდით. მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. მერე გავაცნობიერე, რომ ამ ქალაქის მთავარი სიმდიდრე ეს ადამიანებია. გადავდე გვერდით ჩემი ციფრული კამერა, ავიღე ფირის კამერა, ძველი „პენტაქსი“, და დავიწყე სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანების გადაღება. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია პორტრეტები ქართველების, სომხების, ებრაელების, რუსების, ოსების და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებისაც. ეს ძალიან საინტერესო იყო. ჩემთვის ამ პროექტის მთავარი მარილიც ესაა, რომ წლების განმავლობაში მე არ მქონდა ურთიერთობა აზერბაიჯანელებთან და აქ, თბილისში, შევძელი, რომ მათთან ერთად სუფრასთანაც ვმჯდარიყავი, გადამეღო ისინი, კითხვები დამესვა მათთვის და ისინიც მისვამდნენ კითხვებს“.

აღწერს რა გერმანი ფოტოპროექტის მნიშვნელობას, ამბობს, რომ ამ პროექტის ღირებულება იმ ადამიანებთან ურთიერთობა იყო, რომლებთან ურთიერთობის საშუალებაც კავკასიაში ეთნოკონფლიქტების გამო არ ეძლეოდა. შიში, აი, ეს გრძნობა მქონდა, როცა გადავწყვიტე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანების გადაღებაო, ამბობს გერმანი, რადგან არ იცოდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ მათ სომეხი ფოტოგრაფის ობიექტივის წინ პოზირებისას. გერმანს ერთ ფოტოსთან მივყავარ, რომელზეც ახალგაზრდა აზერბაიჯანელი კაცი, ზაურ ისმაილოვი, მეჩეთის კედელთანაა გადაღებული:

ადამიანებში არის ის სითბო, რომელიც თბილისის სახელშიც არის ასახული და ისიც, როგორც ფოტოგრაფი, ამ ადამიანების თვალებში იყურება. და გამოვიდა ასეთი საინტერესო პროექტი. ეს არის ჩვენი თვისება, თბილისელების, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს...
გერმან ავაკიანი

„ის თავისით მოვიდა ჩემთან და ისეთი რამ მითხრა, რასაც არასდროს დავივიწყებ. მან თქვა, ჩვენ თბილისელები ვართო. იცით, სანამ ეს ახალგაზრდა მოვიდოდა, რაღაც პატარა შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, ცუდად ხუმრობდა ერთი ადამიანი. ზაური მოვიდა, ეს ადამიანი თავისი იუმორით გააგდო და მითხრა, ნუ მიაქცევ ყურადღებას, მათ ბევრი რამ არ ესმით, ახალგაზრდები არიან, ჩვენ, პირველ რიგში, თბილისელები ვართო. ზაური აზერბაიჯანში ცხოვრობდა, თუმცა დაბრუნდა თბილისში. მან ასე მითხრა, მე ამ ქალაქში პირველი ხარისხის ადამიანად ვგრძნობ თავს, სხვა ადგილებში კი მესამე ხარისხის ვარო. თბილისი ეს ჩემი ქალაქიაო“.

გერმანმა ერევანში საქართველოდან წაიღო არა ქალაქების ლამაზი ხედები, არამედ ადამიანთა ფოტოები, რომლებთან ურთიერთობაც მისთვის ძვირფასი აღმოჩნდა და, რაც მთავარია, წარსულში, ბავშვობაში დააბრუნა, როცა საქართველოში, თელავში, ცხოვრობდა - ქალაქში, რომელიც სულ ენატრება. „ხშირად დამიხუჭავს თვალები და აღმიდგენია იმ ქუჩის ყოველი კუთხე-კუნჭული, რომლითაც სკოლაში მივდიოდიო“, - ამბობს გერმანი. მრავალწლიანი განშორების შემდეგ თელავში რომ დაბრუნდა, მოძებნა ის სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა:

„იცით, რა ვქენი? ახლა სიმაღლით, დაახლოებით, მეტრი და 70 ვარ. ბავშვობაში კი, რა თქმა უნდა, გაცილებით პატარა ვიყავი. დავდექი მუხლებზე და იმ სიმაღლიდან დავიწყე ხედის ყურება, რა სიმაღლისაც ბავშვობისას ვიყავი, მაგრამ არა, ყველაფერი შეცვლილი იყო. მხოლოდ მთები იდგა ისევ ისე. ხედი ფანჯრიდან მთებზე იყო იგივე“.

გერმან ავაკიანის ფოტოგამოფენა

მგრძნობიარე ფოტოგრაფის გადაღებული ფოტოები - ასე ახასიათებს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი გერმან ავაკიანის გამოფენას. მისი თქმით, ამ ფოტოების ერთობლიობა დამთვალიერებელს დაანახვებს იმას, თუ რა ქმნის თბილისს ისეთს, როგორიც ის არის, რომ აქ ადამიანები, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, გვერდიგვერდ მშვიდად ცხოვრობენ, უკვე მრავალი წელია:

„ადამიანებში არის ის სითბო, რომელიც თბილისის სახელშიც არის ასახული და ისიც, როგორც ფოტოგრაფი, ამ ადამიანების თვალებში იყურება. და გამოვიდა ასეთი საინტერესო პროექტი. ეს არის ჩვენი თვისება, თბილისელების, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ასეთი თვისება აქვთ, ალბათ, ქუთაისელებსაც. როგორც ჩანს, ეს სტუმარმასპინძლობა, ეს ღიაობა, სურვილი, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ უკეთესად, მთლიანად საქართველოს დამახასიათებელი თვისებაა. რომ შენც გაიხარო და სხვაც გაახარო. მიუხედავად იმისა, რომ გერმანი აქ არის დაბადებული, მაგრამ უცხოვრია ბევრგან და ბევრი ქვეყანა უნახავს, მასში ეს ფენომენი იწვევს აღფრთოვანებას. ჩვენ, ალბათ, მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს. ხომ არის, რომ ადამიანი ეჩვევა ყველაფერს და რაკი ჰაერი სულ არის, მას აღარც კი აფასებს. ეს ჰაერი აქ ნამდვილად არის. და ეს თავისუფლების ჰაერია“.