ქართული პრესის მიმოხილვა. 24 იანვარი, 2012

დღევანდელ პრესაში მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ალბათობაზეა ლაპარაკი. ავტორები წერენ, რომ ამისთვის მას ვადაზე ადრე პრეზიდენტობაზე უარის თქმა მოუწევს. ”ახალ თაობაში” ვკითხულობთ: ”ექსპერტები და პოლიტიკოსები ეჭვობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალების სიას სათავეში ჩაუდგება. ადრე პრეზიდენტს ამაზე შეიძლება არც კი ეფიქრა, მაგრამ ახლა სხვა დროა. ამიტომაც ნაცმოძრაობას ლოკომოტივად სერიოზული კაცი სჭირდება. მიხეილ სააკაშვილის გარეშე ნაციონალური მოძრაობა არაფერია. ხალხის გარკვეულ ნაწილს ჩვენი ცელქი პრეზიდენტი ძალიან უყვარს და მისი ხათრით მმართველ გუნდს სიამოვნებით დაუჭერენ მხარს.”

”რეზონანსის” ავტორი წერს: ”მართალია, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ცოტა ხნის წინ თავად სააკაშვილმა გამორიცხა, მაგრამ, თუკი პრეზიდენტობაზე უარს იტყვის, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები მაინც ვადამდე უნდა გაიმართოს და ამიტომაც სრულიად ლოგიკური იქნება, თუკი ორივე არჩევნები ერთად გაიმართება.”

”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ამბობს: ”ვინ არის დარწმუნებული იმაში, რომ, თუ სააკაშვილი გადადგა და არჩევნები ჩატარდა მაქსიმუმ 60 დღის ვადაში და ამ არჩევნების დამნიშნავი უკვე იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დროებით პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს, გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა? ვინ იძლევა ამის გარანტიას? არავინ. უფრო სწორად, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ უკვე არავინ. ამიტომ მე არა მგონია, რომ სააკაშვილმა გარისკოს ამის გაკეთება.”

ისევ ”ახალ თაობას” მივუბრუნდები. გაზეთი დღეს წერს, ”მოსახლეობის გულის მოსაგებად მთავრობის მეთაურად” რამაზ ნიკოლაიშვილი დაინიშნება, გიორგი კარბელაშვილისთვის კი ახალი სამინისტრო შეიქმნებაო.“

”ალიაში” ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, სოსო მანჯავიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ჩვენი სტრატეგია არის ასეთი: ყველამ, ვინც რეალურად ვებრძვით რეჟიმს, უნდა მოვახერხოთ ძალების გაერთიანება და ეს პოლიტიკური კლეპტოკრატები დავიჭიროთ დანაშაულის ფაქტზე, ვამხილოთ და გავიყვანოთ პოლიტიკურ ველსგაღმა.” ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს ”სახალხო კრების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ბურჯანაძეც. ის აგრეთვე ამბობს: ”ე.წ. რადიკალურად ხელისუფლებამ სამართლიანობისთვის მებრძოლი ოპოზიცია მონათლა და თუ ამასვე უწოდებს ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური გუნდი სამართლიანობისთვის მებრძოლ ოპოზიციას, ესე იგი ისინი ხელისუფლების სიტყვებს იმეორებენ. თუ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პარტიები პროამერიკელები არიან, გადასახლდნენ და იქ იცხოვრონ, საქართველოში რა უნდათ. საქართველოში ქართული პოლიტიკა უნდა იყოს, არა პრორუსული, პროამერიკული და ასე შემდეგ...”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება სტატია აფხაზეთში ისტორიული ძეგლების მდგომარეობის შესახებ. სათაურია: ”...და რუსი ყველა ნაკვალევს შლის”. ავტორი წერს: ”დე ფაქტო ტერიტორიაზე გაურკვეველი ”რესტავრატორებისა” და ე.წ. შავი არქეოლოგების ბუმია. ქართველ მეცნიერთა ნაწილი ეჭვობს, რომ ძირძველი აფხაზების ინტერესში მეფე ბაგრატის ფრესკის განადგურება იყოს და რომ ამ ყველაფრის მიღმა რუსეთი დგას. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ნამდვილ აფხაზს აფხაზეთში არავინ არაფერს ეკითხება, ბედიის ტაძარში სარემონტო სამუშაოებს კი ვლადიმირის რუსული კერძო კომპანია ატარებს.”

აფხაზეთზე წერს დღეს ”24 საათის” ავტორი სტატიაში, სათაურით - ” ’სხვისი ჭირით’ მოსარგებლე მარიონეტები. აფხაზები სირიელი მუჰაჯირების ჩამოსახლებას ცდილობენ”. გაზეთში წაიკითხავთ: ”ექსპერტთა კლუბის წევრის ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზებმა დრო იხელთეს სირიაში შექმნილი ვითარებით და ცდილობენ რუსეთი დაითანხმონ, რომ სირიიდან აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლების ჩამოსახლება უზრუნველყოს: ‘რამდენად რეალურია მათი ჩამოსახლება, ვერ გეტყვით. მაქსიმუმ, შეიძლება 100 კაცი ჩამოიყვანონ. ისინიც, არა მგონია, დიდხანს გაჩერდნენ, ისევე როგორც კოსოვოდან ჩამოყვანილი აფხაზები, რომლებმაც აფხაზეთი მალე დატოვეს. დანგრეულ აფხაზეთში ცხოვრება არავის სურს. ამ ადამიანების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უარყოფითია, რადგან სამშობლოს დატოვება რუსების გამო მოუწიათ’.”