ქართული პრესის მიმოხილვა. 16 ნოემბერი, 2011

დღევანდელი პრესის თითქმის ნახევარი პირველ გვერდზე პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ლაპარაკობს, სათაურად კი უმეტეს შემთხვევებში გამოტანილია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიტყვები - "ყველაფერი კარგად იქნება!" ”ახალი თაობა” წერს: ”პატრიარქი საკმაოდ დიდხანს დუმდა. ერთი პერიოდი იმის ეჭვიც გაჩნდა, რომ ივანიშვილს პატრიარქი "არ სწყალობდა" - ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელი ჩვენმა ოხუნჯმა ნაციონალებმა შეუწყვეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის მორწმუნე არ არის - გულისხმობდა, რომ ეკლესიურად ცხოვრებას ვერ ახერხებს. ნაციონალებმა ეს ისე გაიგეს, როგორც უნდა გაეგოთ და დაიწყეს ენების ტრიალი...” ”ვერსია” კი ამატებს: ”პატრიარქს თავად წმინდა სინოდის წევრები არ ურჩევდნენ არც მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას და არც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად მიღებას საპატრიარქოს რეზიდენციაში. ვარაუდობდნენ, რომ ამით საპატრიარქოზე ისედაც "გამწყრალ" ხელისუფლებას საბოლოოდ გადაიკიდებდნენ და გაანაწყენებდნენ, თუმცა შეხვედრა გაიმართა და გაიმართა ერთადერთი მიზეზის გამო - უწმინდესი გრძნობს შექმნილი მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეს და ასევე იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილს ემუქრებოდეს არამხოლოდ სახელისუფლებო ძალების მხრიდან...”

”რეზონანსში” წაიკითხავთ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან, რომლის სათაურიცაა: "არჩევნები ოპოზიციამ არჩევნებამდე უნდა მოიგოს". ქვესათაურია: „ბურჯანაძე ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა არც ქუჩის აქციებზე ამბობს უარს“. ქუჩის აქციებთან დაკავშირებით ბურჯანაძე განმარტავს: „თუ არ იქნა თავისუფალი მედია და პოლიციამ ისევე დაატერორა ადამიანები, როგორც აქამდე ატერორებს, და ხელისუფლებამ შეძლო და ივანიშვილის მომხრეები ისევე უსამართლოდ დაიჭირა, რაც არაერთგზის გაუკეთებია ჩვენი მომხრეების მიმართ, თავისუფალი არჩევნების გამართვა შეუძლებელი იქნება."

დღეს ასევე ბევრი გაზეთი წერს მანამდე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს ბიძინა ივანიშვილის დახმარებას. ”რეზონანსი” სტატიას ამის შესახებ ასე ასათაურებს: ”ივანიშვილის დახმარებაზე უარი მარტო ნანა ალექსანდრიამ თქვა, კიდევ რამდენიმე აპირებს”.

მიმოხილვას მწერალ თამაზ ჭილაძის მიერ ”ყველა სიახლისათვის” მიცემული ინტერვიუთი დავამთავრებთ. გაზეთთან საუბრისას ის ასევე შეეხო ამ დახმარებებს და ზოგადად ქართული ხელოვნების ბედს: "ხელოვანს, თუკი ის მნიშვნელოვან ნაწარმოებს ქმნის, არ უნდა უჭირდეს, გაცილებით უკეთესად უნდა ცხოვრობდეს, ვიდრე ამჟამად ჩვენში ცხოვრობენ შემოქმედები. გვინდა თუ არა, ჯერ კიდევ საგრძნობია კომუნისტური ეპოქის ინერცია, ყველაფრის გათანაბრებას, "სრულ გამჭვირვალობას" რომ გულისხმობს - მახსოვრობის დაკარგვა საშინელებაა, რომელმაც, შეიძლება, დღევანდელ დღეს "სიღარიბის მოწმობების" შემოღება და საზოგადოების რომელიმე ფენის "განკულაკება" მოითხოვოს.“ თამაზ ჭილაძესთან ინტერვიუს „ყველა სიახლეში“ ნახავთ.