ქართული პრესის მიმოხილვა. 14 სექტემბერი, 2011

დღევანდელი ქართული გაზეთების პირველ გვერდებზე ბევრგან შეხვდებით ”ეროვნული ფორუმის” ხსენებას. ”ყველა სიახლე” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს გუბაზ სანიკიძესთან, რომელიც დღეს არსებულ ვითარებასა და გეგმებზე ლაპარაკობს - კერძოდ, 27 სექტემბერს ფორუმის მიერ დაგეგმილ ქართველთა მარშზე. ”ჩვენ ეს იდეა უპირველესად შევთავაზეთ ქართველ საზოგადოებას და მათ შორის ოპოზიციასაც“, - ამბობს გუბაზ სანიკიძე და განაგრძობს: ”ეს, გარკვეულწილად, ტესტირებაც იქნება ბევრისთვის. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო დავარწმუნოთ ხალხი ამ აქციის მნიშვნელობაში. ქვეყანაში მასშტაბური უკმაყოფილებაა, მაგრამ ამ უკმაყოფილების პროტესტად ქცევას მაორგანიზებელი ძალა სჭირდებაო.”

”ვერსიაში” კი სხვა ოპოზიციური გაერთიანების, ”სახალხო კრების” ამბებს ჰყვებიან. „სახალხო კრება“ გამოჩნდაო, - წერს გაზეთი და განაგრძობს: რადიკალური აქციების ავტორმა ძალამ გრძელი ტაიმ-აუტის შემდეგ საგანგებო ბრიფინგი საკუთარი დალუქული ოფისის წინ, ქუჩაში გამართა და რამდენიმენაწილიანი განცხადებაც გააკეთა. პირველ რიგში, ნონა გაფრინდაშვილმა სრულიად მედია და ქართული საზოგადოება დაარწმუნა, ჩვენს პრინციპს, ბრძოლას გამარჯვებამდე არ ვღალატობთ და ეს შეკრებაც ამის დასტურიაო. ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა გაზეთს, რაც შეეხება ბრძოლის „ეროვნულ ფორუმთან“ გაგრძელებას, ამაზე სერიოზული მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, მაგრამ სადაც ხალხი იქნება, ყველგან დავდგებით, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ წარმმართველი ძალა. აქ მთავარია ხალხის გამოღვიძება და თუ ამას ვინმე მოახერხებს, გვერდით დავუდგებითო."

”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს რეჟისორ ქეთი დოლიძესთან, რომელიც ბანკის ვალის გამო მისი ბინის გაყიდვის დეტალებზე ლაპარაკობს - ამბობს, არ მქონია მე ვალი და ხელმოწერაც დოკუმენტაციაზე გაყალბებულიაო. ის თეატრალურ ფესტივალზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ არასათანადოდ დააფასეს მისი ღვაწლი, მანამდე ჩატარებულ ფესტივალებთან დაკავშირებული.

”ახალი თაობა” კი პირველ გვერდზე სხვადასხვა რამის გაძვირებას პროგნოზირებს. თავისუფალმა დემოკრატმა ზურაბ აშიძემ უთხრა გაზეთს, წყალი შეიძლება გაძვირდეს ისევო. ლაპარაკია ასევე სამარშრუტო ტაქსების კიდევ ერთხელ გაძვირებაზე და პარტია ”მომავალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ლაღიძის ცნობით, ავტობუსებიც გაძვირდება. ამის შესახებ ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.