ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 22 აგვისტო

მიმოხილვას დავიწყებთ” ყველა სიახლით”, რომელიც დღეს აქვეყნებს ინტერვიუს მწერალ ირაკლი კაკაბაძესთან. ის საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ლაპარაკობს და ამბობს: ”სააკაშვილის გუნდში არაერთი ყოფილი კომკავშირელი ლიდერია, რომლებიც ახლა თავისუფალი ბაზრის პიონერებად იქცნენ და კვლავ ნეოკოლონიალიზმს ემსახურებიან, მხოლოდ ბატონი შეიცვალესო”. ”ბატონის შეცვლას” კი ირაკლი კაკაბაძე ასე განმარტავს: ”ადრე მოსკოვისკენ ვიყურებოდით, ახლა ვაშინგტონისკენ დავიწყეთ ყურებაო”.

აქვე, „ყველა სიახლეში“ წაიკითხავთ მცირე ზომის პუბლიკაციას, სათაურით ”დუშელებმა გოდერძი ჩოხელის მეუღლე შეურაცხყვეს”. გაზეთი ჰყვება, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი დუშეთის ერთ-ერთი უბნის მოსახლეობას ხვდებოდა. ამ შეხვედრას გოდერძი ჩოხელის მეუღლე ნინო მელაშვილი-ჩოხელიც ესწრებოდა. იქ მისულ რამდენიმე ქალს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები ეცვათ, კანდიდატთან კამათი დაუწყიათ. დანარჩენს თავად ნინო მელაშვილი ასე აღწერს: ”ვიფიქრე, გოდერძის სახელს თუ ვუხსენებდი, დადებითად განვაწყობდი. გოდერძი ჩოხელის მეუღლე ვარ და დუშეთში ამოსვლის უფლება არ მაქვს-მეთქი? ვინ არის გოდერძი ჩოხელი, რა გაუკეთებიაო. გამლანძღეს, - გოდერძის სულით ვაჭრობო. დარტყმა ვერ გამიბედეს, მაგრამ იმ ჯანჯღარს ცემამდე არაფერი აკლდა. ერთ-ერთმა ქალბატონმა, გამგებლის დედამ, ასევე გამგეობის თანამშრომელმა, ვინმე მერი ფოლადაშვილმა, კინაღამ თვალები დამთხარა“.

”რეზონანსის” მოწინავე სტატიის სათაურია ”გარერეკლამა მხოლოდ ‘ნაციონალებისათვის’ ”. გაზეთი წერს, თბილისის ყველა ბილბორდზე, სამარშრუტო ტაქსზე და ავტობუსზე „ნაციონალების“ რეკლამაა განთავსებული. სხვა პარტიებს რეკლამის განთავსებისთვის ფული არა აქვთ, თუმცა, რომც ჰქონდეთ, მაინც ვერ განათავსებდნენ, რადგან ყველა სარეკლამო ადგილი ხელისუფლებას აქვს ნაყიდიო”.

”ვერსია” დღეს მიმდინარე პოლიტიკური ამბების მოზრდილ ანალიზს გვთავაზობს პუბლიკაციაში, რომლის სათაურიცაა: ” ‘ნაციონალების’ რა სქემა იშიფრება ბაქრაძე-მერაბიშვილის დუეტის დასახელებით და რატომ ვერ ასცდება სააკაშვილი დებატებში ივანიშვილთან დაჯდომას“. სტატიაში ამ კითხვებზე პირდაპირი პასუხი გაცემული არ არის, მაგრამ წერენ, საეჭვოა, ბაქრაძე-მერაბიშვილის დუეტი 2013 წლის მერეც უცვლელი დარჩეს, ივანიშვილის თანასწორი ფიგურა კი დებატებში სწორედ სააკაშვილია და არამც და არამც მერაბიშვილი ან ბაქრაძეო.