ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი, ახალი იმედებით

სტამბოლში ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზოგადოებრივი დიალოგის სერიას „თვალსაზრისი“ ჰქვია და ის, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2008 წლის დეკემბრიდან იმართება. ამ ფორმატის თავისებურება ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი მასში მონაწილეობს როგორც კერძო პირი და თავისი ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს. ამიტომ მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც პროცესს განიხილავენ როგორც სახალხო დიპლომატიის მიმართულებას.

შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოში და დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ოსური დელეგაციის წევრებს ძალიან აინტერესებთ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. დისკუსია გაიმართა იმ თემებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაჟღერდა, კერძოდ, პირდაპირი დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე აფხაზებთან და ოსებთან. პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით - მისი აზრით, შეიქმნება ახალი პირობები ქართულ-ოსური დიალოგის განახლებისთვის.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი გაფართოვდება და ახლო მომავალში, უკვე გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების დახმარებით, შესაძლებელია გადაიზარდოს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობაში ...
გიორგი ხუციშვილი

„მე მიმაჩნია, რომ ყველა კეთილი ნების ადამიანმა, სამოქალაქო საზოგადოებიდან თუ სახელმწიფო აპარატიდან, იმედით მიიღო საქართველოში ხელისუფლების ცვლილების პროცესი. მეც, მათ შორის, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ პროცესს და იმედი მაქვს, რომ დამყარდება ახალი, პრინციპულად ახალი პირობები ქართულ-ოსური დიალოგის განახლებისთვის“, –აცხადებს კოსტა ძუგაევი.

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია სამოქალაქო დიალოგი მალე ისე განვითარდეს, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც გავლენა იქონიოს. მისი აზრით, სტამბოლში ჩასული ექსპერტები კარგად მომზადებულები არიან და ჩამოყალიბებული პოზიციები აქვთ პრობლემური საკითხების ირგვლივ.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი გაფართოვდება და ახლო მომავალში, უკვე გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებების დახმარებით, შესაძლებელია გადაიზარდოს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობაში“, – ამბობს გიორგი ხუციშვილი.
ჩემი უფლება რომ იყოს, ამ ფორმატს უფრო გავზრდიდი და გავაძლიერებდი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი მოედანია, სადაც შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოების წევრები შევიკრიბოთ ...
ლირა კოზაევა

შეხვედრის მონაწილეები საუბრობდნენ კონფლიქტის ზონაში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის გზებზე, სარწყავი წყლის, ბუნებრივი აირის და ჩაკეტილი გზების გახსნის თაობაზე. „ქალთა სამშვიდობო მოძრაობის“ ლიდერი ლირა კოზაევა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ შეხვედრამდე ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ ნაკლები იცოდა, სამოქალაქო დიალოგი კი, პირველ რიგში, მხარეთა წარმომადგენლების ინფორმირებულობას ზრდის.

„ჩემი უფლება რომ იყოს, ამ ფორმატს უფრო გავზრდიდი და გავაძლიერებდი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი მოედანია, სადაც შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოების წევრები შევიკრიბოთ და გახსნილად ვისაუბროთ ერთმანეთთან, ეს კი ხელს უწყობს ჩვენთვის საქართველოში და თქვენთვის სამხრეთ ოსეთში ვითარების გაგებას“, – აცხადებს ლირა კოზაევა.

სტამბოლში სამოქალაქო დიალოგი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მომდევნო დღეებში მხარეების წარმომადგენლები ერთობლივი პროექტების იდეებს განიხილავენ. სამოქალაქო დიალოგის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.