ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 11 ოქტომბერი

„რეზონანსში“ დღეს საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ინტერვიუ ქვეყნდება. ერმუხამეტ ერტისბაევი აცხადებს: „საქართველოს გადაწყვეტილება - მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია“. ყაზახეთის ელჩთან ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას ეძღვნება: „გეტყვით გულახდილად, როგორც სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, მე პირველ რიგში პასუხს ვაგებ ყაზახეთ-საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე. შემეძლო გავჩუმებულიყავი და თავი ამერიდებინა თქვენი პირდაპირი კითხვისათვის. მით უმეტეს, დიპლომატს, უპირველეს ყოვლისა, დიპლომატიურ ენაზე საუბარი მოეთხოვება, მაგრამ რუსეთი ყაზახეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მე ძალიან მინდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზება მოხდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მე არ მესმის და ჩემთვის მიუღებელია ის ნეგატიური მოვლენები, რაც კონფლიქტურ ზონაში ვითარდება“. „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყაზახეთის ელჩი საქართველოში ევრაზიული კავშირის პლუსებზე ლაპარაკობს და იმასაც შენიშნავს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის იდეა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის.

„ვერსია“ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს. ინტერვიუს უდიდესი ნაწილი ხუდონჰესის პროექტს ეძღვნება. კახა კალაძე აცხადებს: „არსებობს სპეციალისტების დასკვნა, სადაც დადასტურებულია, რომ ეკოლოგიური მიმართულებით ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედება საკმაოდ მცირეა. ხუდონჰესის ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობა და მათი სოციალური ვითარებაა“. ენერგეტიკის მინისტრი პროექტის სარგებლიანობის დასამტკიცებლად ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკასთან“ დადებული ხელშეკრულებიდან პუქნტებს იშველიებს. ერთ-ერთის მიხედვით, ხუდონჰესზე გამომუშავებულ ელექტროენერგიაში საქართველო ათი წლის განმავლობაში გადაიხდის 5,84 ცენტს ერთ კილოვატ/საათში. „დღეს, იმპორტირებულ დენში რუსეთს ერთ კილოვატ/საათში 6,03 ცენტს ვუხდით. 5,84 ცენტი კი, საკმაოდ ნაკლებიაო“, ეუბნება „ვერსიას“ კახა კალაძე. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს: „სხვათა შორის, ბევრი მანიპულირებს, თუ ხუდონჰესი აშენდება, ეკლესიები და სასაფლაოები ჩაიძირებაო, რაც ტყუილია. პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ახალ ადგილზე, სადაც სოფელი გაშენდება, ყველა საფლავს გადავასვენებთ, მათ შორის იმ საფლავებსაც, რომლებსაც ჭირისუფლები არ ჰყავთ“.

„ალია“ წერს, რომ მის მიერ „კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით“ მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება პირველად სწორედ ამ გაზეთიდან გაიგოს „ქართულმა ოცნებამაც“. გაზეთის თანახმად, „სააკაშვილის გუნდი 13 ოქტომბერს, როგორც ამბობენ, სიურპრიზს უმზადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გიორგი მარგველაშვილს. წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალები“ სირცხვილის დერეფნის მსგავსად, „შეუსრულებელი დაპირებების კორიდორის“ და ილუსტრირებული მსვლელობის მოწყობას აპირებენ სლოგანით: „ოცნება არ მუშაობს!““.

„ალიაშივე“ კახა კუკავასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: „ადენაუერსაც რომ ეთქვა, რომ ფაშისტური პარტია ჩვენი მთავარი ოპონენტია და ამიტომაც ჩვენი ამოცანაა მათი გადარჩენაო და მათთან კოჰაბიტაციაში შესულიყვნენ, გერმანია ასეთი გზით ვერ განვითარდებოდა და იქაც ექნებოდა ადგილი იმ ანაქრონიზმს, რაც დღეს საქართველოშია“, - ეუბნება „ალიას“ კახა კუკავა.
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ამბობს: „ეს გუნდი ასე თუ გააგრძელებს, ვერაფერში წარმატებას ვერ მიაღწევს. როგორ არის, იცით, მეოთხედი უკვე მათი ვადის გავიდა. საქმის ერთი მეოთხედი თუ არა, ერთი მეექვსედი მაინც ხომ უნდა იყოს გაკეთებული? ეს ეკონომიკური დაპირებები - რომ პირველი წელიწადი ცოტა რთული, მეორე და მესამე უკეთესი და ოთხი წლის მერე ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება ეკონომიკაში რაღაცა გეგმა არსებობს, რომელიც მეოთხე წელიწადს მოიტანს შედეგს, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის დღეს? ქვეყნის მთლიანობა და ამ კუთხით საგრძნობი არაფერი არ არის. თვითონ ივანიშვილის ფორმულა რომ ავიღოთ, პირველ წელს ცოტა უკეთესობას ვიგრძნობთო, რა ვიგრძენით ამ კუთხით უარესობის გარდა?“, - კითხულობს ნანა დევდარიანი „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.