ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 28 აგვისტო

“თორთლაძე საარჩევნო სიებში "კაგებეს" აგენტების ძებნას იწყებს” – ასეთი სათაურის პუბლიკაციას აქვეყნებს დღეს ”რეზონანსი”. ”არჩევნების წინ ხელისუფლებას თორთლაძემ "თავისუფალი ქარტიის" კანონის არსებობა შეახსენა და ხელისუფლებაც მზად არის, იანვარში შესაქმნელი კომისია ახლა შექმნას, რომელიც უკვე ყოველგვარი მუშაობის გარეშე გამოაქვეყნებს ინფორმაციას იმ პირებზე, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ და საბჭოთა პერიოდის მმართველობასთან რამე შეხება ჰქონიათ”, - წერს გაზეთი და შემდეგ მოჰყავს "ქართული ოცნების" წარმომადგენლის თინა ხიდაშელის სიტყვები, რომ პარტიულ სიებთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ "თავისუფლების ქარტიის" ამოქმედება "კუდიანებზე ნადირობა" იქნება და ეს გადაწყვეტილება აბსურდიაო.

„ახალ თაობას” ამ თემაზე წერისას მოჰყავს ”თავისუფლების ქარტიის” ავტორის, გია თორთლაძის სიტყვები: ”დღეს პოლიტიკაში კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები რომ არიან, ადვილი გამოსაცნობია, მაგრამ რაც შეეხება აგენტებსა და "კაგებეს" მაღალჩინოსნებსა და თანამშრომლებს, იმ ხალხის შესახებ ინფორმაცია ღია არ არის. ამიტომ არის საჭირო კომისიის მუშაობაო”. შეკითხვას, გაართულებს თუ არა ეს გადაწყვეტილება საქართველოში ისედაც რთულ წინასაარჩევნო ვითარებას, თორთლაძე ასე უპასუხებს: ”იმათთვის გართულდება მდგომარეობა, ვინც იყვნენ დამსმენები, ვინც იყვნენ "ჩეკისტები", ჯაშუშები და ვინც საბჭოთა "კაგებეზე" მუშაობდნენ და მათი იდეოლოგები იყვნენ. მათთვის გართულდება, ისე რანაირად გაართულებს”.

რაც შეეხება დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოს, ამაზე ასევე ”ახალ თაობას” ესაუბრა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. ”ჩვენ დღეს ვდგავართ სერიოზული კატასტროფის წინაშე. ან საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გამოაცხადონ და თქვან ის, რაც ხდება, ან ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოუცხადონ ასეთ არჩევნებს ბოიკოტი. გამოსავლის სხვა მექანიზმი არ ჩანს, რომ არ დაიღვაროს სისხლი”, - ამბობს ნანა კაკაბაძე და განაგრძობს: ”მე ვერ ვიხსენებ, ამაზე კრიტიკული პერიოდი საქართველოს თუ ჰქონია. იმდენად ზედაპირზე დევს ხელისუფლების ეს ძალადობა, ისე თვალსაჩინოა პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებსო”.

ქართული გაზეთები ასევე ბევრს წერდნენ დღეს კოალიცია ”ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ აქციაზე რაჭაში. შეფასებები სათაურებიდანაც ჩანს: ”რეზონანსის” სტატიას ჰქვია ” ‘ოცნება’ არჩევნების შემდეგ რეფერენდუმის გამართვას ფიქრობს”, ”24 საათი” კი პუბლიკაციას ასე ასათაურებს: ”ივანიშვილი მხარდაჭერას ითხოვს”.