ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 20 აგვისტო

მიმოხილვას ”კვირის პალიტრით” დავიწყებთ. გაზეთი დღეს აქვეყნებს პუბლიკაციას 70 წლის ცინარა აბულაძის შესახებ, რომელიც დაკარგული შვილის საძიებლად საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ცდილობდა. ის ჰყვება, თუ რა მოჰყვა ამ მცდელობას: ”პირველად 15 აპრილს ვცადე მასთან მისვლა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ლევან ქირიამ ბოროტმოქმედივით გამაკავა, პირზე ხელი ამაფარა და იმდენ ხანს მიჭერდა და თან ისე ძლიერ, რომ ჩადგმული კბილები მომტეხა, თან მემუქრებოდა - დღეის იქით ცხოვრება არ გინდაო? - და დაუნდობლად გამათრიაო.” - შემდგომი მცდელობა ცინარა აბულაძეს 16 ივნისს ჰქონდა, როდესაც სააკაშვილი კიდევ ერთხელ იყო ანაკლიაში ჩასული: ”მის ესკორტს ჩემი სახლის ჭიშკართან უნდა ჩამოევლო. ამიტომ სახლთან დავაყენე ტრაფარეტი, სადაც ეწერა, რომ დაკარგულ შვილს ვეძებდი, რომ სამეგრელოს პოლიცია არ მუშაობს, სამეგრელოს მთავრობა კი დაყრუვდა, დაბრმავდა და დამუნჯდა“, - ჰყვება 70 წლის ქალბატონი და განაგრძობს: ”ესკორტის ჩამოვლამდე ნახევარი საათით ადრე ოცი გადაცმული პოლიციელი მოგვიცვივდა, რომელთაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლექსო თოდუა ხელმძღვანელობდა. ლექსო თოდუა ჯოხით მირტყამდა, ვიდრე ხელებზე კანი არ გადამისკდა და წერილი ხელიდან არ გამივარდა. მერე ეზოში შემათრია. პრეზიდენტმა დაინახა ჩემს ეზოსთან შეკრებილი ხალხი. მეზობლები ხელს უქნევდნენ, პრეზიდენტმა არ გააჩერა".

გაზეთი ”ქრონიკა” კი სამტრედიის რაიონის სოფელ კულაში ”ქართული ოცნების” აქტივისტის, სერგო კიღურაძის დაკავების შესახებ წერს. კახი კალაძის პრესმდივანმა ოთარ ჩრდილელმა თქვა, პოლიცია სერგო კიღურაძის ბიძის სახლში შევარდა, დაარბიეს სახლი, ნაცემია ოჯახის დიასახლისი, რომელსაც კბილები აქვს ჩამტვრეულიო”. ის განაგრძობს: ბევრი კონკრეტული ფაქტი არსებობს, როცა ჩვენს მომხრეებს სცემენ, აშინებენ და აშანტაჟებენ. ისინი უფრო სოფლებზე მუშაობენ, რადგან იქ ხალხის დაშინება გაცილებით ადვილიაო".

”რეზონანსი” წერს დაპირისპირებაზე ბახმაროში, სადაც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით დოღი და სახალხო ღონისძიებები გაიმართა. გაზეთის ცნობით, ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სპეცრაზმმა არ შეუშვა. "ქართული ოცნების" ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ჰყვება: ბახმაროს შესასვლელთან დაგვხვდნენ შავებში ჩაცმული სპეცრაზმელები და ჩოხატაურის პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ხელში ეჭირათ დიდი დავთარი. იქ ჩამოთვლილია მანქანის ნომრები, ვინ გაატარონ და ვინ - არა. სამწუხაროდ, ჩვენ შავ სიაში მოვხვდით. გარდა იმ ახალგაზრდებისა, რომლეთაც აცვიათ "ქართული ოცნების" მაისურები, არ გაატარეს ბავშვები და ადგილობრივები; ასევე მშობელი, რომლის შვილიც ისვენებს ბახმაროში, ავადაა და ითხოვს დედის ჩასვლას". ამას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.