ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 27 სექტემბერი

სოხუმის დაცემის დღიდან 20 წლისთავს დღევანდელ პრესაში არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება.

„ჩვენ არ ვართ აფხაზეთში დაბრუნების ღირსი, რადგან აფხაზეთისთვის არ ვიბრძვით!“, - ადა მარშანია, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ეუბნება „ვერსიას“. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: „საუბედუროდ, აფხაზეთში ამ დღეს გამარჯვებად აღიქვამენ, საკუთარ სამშობლოზე გამარჯვებას ზეიმობენ! მოვა დრო, როცა ხალხი გაიაზრებს, რომ როგორც ქართველებმა, ისე აფხაზებმა აფხაზეთი დავკარგეთ და აფხაზები იმ მიწაზე, უბრალოდ, ფორმალურად ცხოვრობენ - ეს ამ ორი ხალხის დიდი მარცხია!“.

„ახალ თაობაში“ აფხაზეთის ომის ვეტერანს, ამჟამად კი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელ ზურაბ მებონიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. მებონია ამბობს: „ჯერ ერთი, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, იმაზე მეტი ბოლო უკვე აღარ არსებობს! მეორეც, ეს საყვედური კი არა, ძალიან დიდი უვიცობაა! აფხაზეთის მოსახლეობას რომ არ დაეტოვებინა თავისი კუთხე, დღეს გვექნებოდა მეორე ტაო-კლარჯეთი... სანამ არსებობენ აფხაზეთიდან დევნილები და ლეგიტიმური დევნილი ხელისუფლება, მანამდე აფხაზეთის პრობლემა გადაუჭრელია და აქტუალური...“.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების განცხადება ქვეყნდება: „ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება, აფხაზი და ქართველი ხალხები კვლავ ერთად იცხოვრებენ მშვიდობისა და ურთიერთგაგების გარემოცვაში. დადგება ჟამი შეცდომების აღიარებისა, ურთიერთმიტევებისა და მონანიებისა, ჩვენი საერთო მტრის მხილებისა და დაგმობისა“.

„რეზონანსის“ კორესპონდენტი იუწყება ახალგორიდან, რომ ახალგორის რაიონში ოსური პასპორტების გაცემის პროცესის შეჩერების მთავარი მიზეზი ის არის, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საპასპორტო განყოფილება ოსური პასპორტების მსურველებისგან საბუთს ითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან იმის შესახებ, რომ პირი მართლაც უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე“.

„რეზონანსში“ აგრეთვე წაიკითხავთ სტატიას, სათაურით „ენაზე კონტროლი წესდება“. გაზეთის ინფორმაციით, „მალე, შესაძლოა, ენის ინსპექცია შეიქმნას, რომელიც არასწორი ქართულისთვის მედიას 1000-დან 5 ათას ლარამდე ჯარიმას, თანამდებობის პირებს კი სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადებების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმისთვის 200-დან 500 ლარამდე ჯარიმას დააკისრებს“.

დღევანდელ გაზეთებშიც ინარჩუნებს აქტუალურობას პრემიერ-მინისტრის 25 სექტემბრის შეხვედრა ექსპერტებთან. „ალია“ დაინტერესდა შეხვედრის მონაწილე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრებით. ვაჟა ბერიძე ამბობს: „მე ვერ ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, მაგრამ, როგორც თავად აღიარებს, ის, როგორც პოლიტიკოსი, ვერ შედგა. როგორც მთავრობის მეთაურმა, ვფიქრობ, ვერ აჩვენა ის, რის გაკეთებაც ამ პოსტზე შეეძლო. სულ რაღაც ერთი წელიც არ არის გასული და ის თანამდებობიდან მიდის. ის ამას არ დაჰპირებია ქართულ საზოგადოებას“. „ალიაში“ 25 სექტემბრის შეხვედრაზე რამაზ საყვარელიძის მოსაზრებებსაც გაეცნობით „მიუხედავად იმისა, რომ პოლემიკა საკმაოდ მწვავე იყო, შეატყო ბიძინა ივანიშვილმა, რომ არც ერთი ადამიანი, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, არ აპირებდა პოზიციის დათმობას და ამიტომაც, ის უფრო ლოიალური გახდა შეხვედრის მეორე ნაწილში“. მამუკა არეშიძე კი „ალიას“ ეუბნება, საგაზეთო ციტატები კონტექსტიდან იყო ამოლგეჯილი, ისინი პრემიერს არ შეუდგენია და, „როგორც ჩანს, ვინც პრემიერს ეს ციტატები მიაწოდა, კარგი დამოკიდებულება არ აქვს ჩვენს მიმართო“. ამავე თემაზე მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს „ახალ თაობაშიც“ წაიკითხავთ. „ის, რასაც ჩვენ ივანიშვილი გვეუბნებოდა ამ შეხვედრაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობის მიღწევების გამხმოვანებლები, შეიძლება ითქვას, ასე, ვინ ოხერი, კი ბატონო, ჩვენ მაგას ისედაც ვაკეთებდით ყოველი მითითების გარეშე. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება სიმართლე არ ვუთხრათ საზოგადოებას“, - ეუბნება მამუკა არეშიძე „ახალ თაობას“.