ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 21 ივნისი

„პოლიტიკური რეკლამის ოქროს შუალედი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად მედიასაშუალებებისთვის, შესაძლოა, გარკვეული რეგულაცია დაწესდეს. გაზეთის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს კანონმდებლობაში ფარული პოლიტიკური რეკლამის ცნების შემოღების ინიციატივით მიმართეს. „რეზონანსი“ იუწყება, რომ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტის საარჩევნო საკითხზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი რამდენიმე დღეში გეგმავს.

„მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ მერაბიშვილს შსს-ში შტატიანი გამაუპატიურებელი ჰყავდა“ - ამ სათაურით კი გაზეთი „ალია“ სამეგრელოში, სამალავში ნაპოვნი კადრების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის ჩვენების თემას ეხება. შეიძლება თუ არა ამ კადრების ტელევიზიით ჩვენება? გაზეთის ამ კითხვას „ნიუსპრესის“ რედაქტორი ალეკო ჩუბინიძე პასუხობს, რომ კადრები ხალხმა არ უნდა ნახოს, მაგრამ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამას გარდა, აღნიშნავს ჟურნალისტი, დასავლეთი ვანო მერაბიშვილის დაჭერას აპროტესტებს, ამიტომ სწორედ დასავლეთმა უნდა გაიგოს, რა საშინელებები ხდებოდა შსს-ში მისი მინისტრობის დროს.

გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებიდან კი ხელისუფლებას კომპრომატების ომის დაწყებაში ადანაშაულებს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. იგი პატიმრების წამებასა და ადამიანის უფლებების შელახვას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოქმედ ორმაგ აგენტებს მიაწერს, გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი კი უჭირს. - თუ აღმოჩნდა, რომ ჩემი თანამებრძოლი, პარტიის რიგითი წევრი ან ყოფილი მაღალჩინოსანი უკანონო ქმედებებს სჩადიოდა, პირადად მე სერიოზულ მორალურ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ, - აღნიშავს დავით დარჩიაშვილი, - თუმცა მანამდე ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა დაამტკიცოსო, - ამბობს იგი. დავით დარჩიაშვილი არ გამორიცხავს, რომ, მაგალითად, 2010 წელს მართლაც ხდებოდა მსგავსი რამ, მაგრამ იგი ასევე ვარაუდობს, რომ კუდის და სოდის მაღალჩინოსნებსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის გარკვეული კავშირები არსებობდა. „ჩანს, ამ ადამიანებს სურდათ, „ნაცმოძრაობის“ ამ ფორმით დისკრედიტაცია მომავალში პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით გამოეყენებინათ“, - უთხრა დავით დარჩიაშვილმა „ვერსიას“.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი გაზეთ „ალიას“ იმ გეგმის შესახებ ესაუბრება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უახლოესი მომავლისთვის აქვს. კერძოდ, საქმე ეხება წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აფიშირებას დასავლეთში. „ორშაბათიდან სტრასბურგში გვეწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ აპირებს ძალების მობილიზებას თავისი მხარდამჭერებით და თავისი ლობისტებით. ჩვენ ვემზადებით და ვაპირებთ, ვაჩვენოთ 26 მაისის კადრები, გადაღებული ფილმი, რომელიც ასახავს ამ ხელისუფლების სისასტიკეს. ჩვენ ყველა ფაქტობრივ მასალას ჩავიტანთ და ვაჩვენებთ“, - ამბობს გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ეკა ბესელია. შეკითხვაზე კი, აპირებენ თუ არა ბოლო სკანდალური ვიდეოფირების წაღებას, ეკა ბესელია ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით ციხის კადრებთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა არსებობდეს.

„ბაგრატი - ორთაბრძოლის ახალი რაუნდი“ - გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ ამ პუბლიკაციაში კი, ბაგრატის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების თაობაზე გაკეთებული ურთერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, ნათქვამია, რომ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის კარგი თუ ცუდი მდგომარეობა რეალურად არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ელიტის სატკივარი. „ბაგრატიც და ყველა სხვა დანარჩენიც არის მხოლოდ ინსტრუმენტი საზოგადოების თვალში ავტორიტეტის ამაღლების, ანდა ინსტრუმენტი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“, - წაიკითხავთ გაზეთ „24 საათში“.