ქართველი ძიუდოისტის ოლიმპიური "ოქრო"

ლაშა შავდათუაშვილისა (თეთრ კიმონოში) და მასაში ებინუმას ნახევარფინალური ორთაბრძოლა

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის გორელმა სპორტსმენმა ლაშა შავთადუაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ასპარეზობაში.

ლაშამ ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი ტურნირი და ფინალისკენ გზა ოთხი წმინდა გამარჯვებით გაიკაფა: ჯერ დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა, შემდეგ სძლია ფრანგ დავიდ ლაროსს, მეოთხედფინალში აჯობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს კოლინ ოუტსს, ხოლო ნახევარფინალში - იაპონელ მასაში ებინუმას.

ფინალურ ჭიდილში ლაშას მეტოქე იყო ევროპის სამგზის ჩემპიონი, 31 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი. დაძაბულ უშეღავათო ბრძოლაში ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა "იუკოდ" შეფასებული ილეთის შესრულება შეძლო და
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს 34-ე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მგონია, სიზმარში ვარო - უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა რადიო თავისუფლებას, შემდეგ კი დასძინა: ბიჭებს, მე მგონი, დიდი სტიმული მივეცი, რომ ხვალიდან ორმაგი ენერგიით იჭიდაონო.