საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 4 პროცენტამდე შეამცირა. მანამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტით დასწია ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტომ ”ფიტჩმა” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელების შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა თუ ეკონომისტების მიერ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები ახლა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერაც დადასტურდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებასთან ერთად სხვა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესების პროგნოზიც გამოაქვეყნა. კერძოდ, ამ საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, მოიმატებს საბიუჯეტო დეფიციტის დონეც და ის თავისუფლების აქტით განსაზღვრულ ნიშნულს - 3%-ს - გადააჭარბებს. ფონდის პროგნოზით, დეფიციტი არსებული 2.8%-იდან მშპ-ის 3.3%-მდე გაიზრდება.

ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პესიმისტური პროგნოზების გამოქვეყნებამდე ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების შესახებ მთავრობას აფრთხილებდა საქართველოს ეროვნული ბანკიც. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი:

აპრილი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინა თვე. 4,1 პროცენტიანი ზრდა იყო. ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და გვეუბნებიან, რომ მაისი უფრო კარგია და ჩვენც იმედი გვაქვს რომ ასე იქნება...
ნოდარ ხადური
”როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობდა პროგნოზის შემცირებაზე, ის და ჩვენ ყველანი ვეყრდნობოდით პირველი კვარტლის შედეგებს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, მართლაც არ იყო სახარბიელო. მაგრამ აპრილი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინა თვე. 4,1 პროცენტიანი ზრდა იყო. ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და გვეუბნებიან, რომ მაისი უფრო კარგია და ჩვენც იმედი გვაქვს რომ ასე იქნება.”

ნოდარ ხადური ოპტიმისტურადაა განწყობილი ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებითაც. მას ამის საფუძველს ე.წ. სალაროს ჩეკების რაოდენობა აძლევს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურების მაჩვენებლად მიაჩნია:

”ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით იყო 2 მილიარდ 574 მილიონი ლარი. ახლა შემოსულია 2 მილიარდ 656 მილიონი, ანუ 100 მილიონით მეტი. გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი, რასაც ადასტურებს ე.წ. სალაროს ჩეკების მონაცემები. მოგახსენებთ, რომ 330 მილიონი იყო შარშან იანვარ-მაისში, დღეისათვის არის 352 მილიონი.”

მიუხედავად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ასეთი განცხადებისა, ნაკლებ ოპტიმისტურად გამოიყურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. ფონდი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური ზრდის შენელებისა და დეფიციტის ზრდის რამდენიმე მიზეზზე. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარია გაურკვევლობა, რომელიც ინვესტორებს აქვთ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდის მოხსენებაში ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით აღნიშნულია, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ ძირეული რეფორმების ანონსირება ისე ხდება, რომ დაზუსტებული არ არის არც რეფორმის შინაარსი და არც მათი იმპლემენტაციის კონკრეტული ვადებიო. ასეთ ცვლილებებად მითითებულია ჯანდაცვისა და შრომის კოდექსის რეფორმები, ასევე ფონდების დაფუძნების გადაწყვეტილებები.

ჩემი აზრით, ბევრჯერ არის დასაბუთებული, რომ კარგია დაბალი გადასახადები - მეტი ფული რჩება ბიზნესს, მეტი ბრუნვების შესაძლებლობა უჩნდება ბიზნესს და ეს კარგია მისთვის, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი და მეტი მოგება მიიღოს. ეს კარგია იმათთვის, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული და ამ წესით მეტი სამუშაო ადგილი იქმნება...
გია ჯანდიერი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია ენერგოტარიფების დაწევამაც, რადგან ამან შეამცირა ენერგეტიკული კომპანიების მოგება, ეს კი საქართველოს მზარდ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ეკონომისტთა ერთი ნაწილის შეფასებით, კომპანიებს მოგების შემცირების გამო აღარ აქვთ თანხები ინვესტიციების განსახორციელებლად, ან კიდევ ახალი ინვესტიციების განხორციელებას ერიდებიან, რადგან მოგების მიღების პერსპექტივა შემცირდა.

სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ბუნდოვანია, თუ რატომ შემცირდა ენერგოტარიფი. ამიტომ ის საქართველოს მთავრობას ურჩევს გაასაჯაროოს კომპანიებთან განახლებული ხელშეკრულების პირობები, რათა მოიხსნას ზედმეტი კითხვები.

ტარიფების გარდა, ინვესტიციების ზრდისა და ეკონომიკური გამოცოცხლების მთავარ სტიმულად ბევრი ეკონომისტი გადასახადების შემცირებას ასახელებს, მათ შორისაა ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

"ჩემი აზრით, ბევრჯერ არის დასაბუთებული, რომ კარგია დაბალი გადასახადები - მეტი ფული რჩება ბიზნესს, მეტი ბრუნვების შესაძლებლობა უჩნდება ბიზნესს და ეს კარგია მისთვის, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი და მეტი მოგება მიიღოს. ეს კარგია იმათთვის, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული და ამ წესით მეტი სამუშაო ადგილი იქმნება, იზრდება სამუშაო ადგილებიც და ეს კარგია თვითონ მთავრობისთვისაც, იმიტომ რომ ეს ერთადერთი რეალისტური გზა არის, გაზარდო თავად სამთავრობო შემოსავლებიც".

გია ჯანდიერის მიერ ნახსენებ ფაქტორებს სხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემებიც ემატება, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მისი აზრით, ინვესტორებში გაურკვევლობის განცდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიზეზად სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ცვლილებებთან ერთად დასახელებულია პოლიტიკური დაძაბულობაც.