”ქართული ოცნების” კამპანია მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ერთ საათს გრძელდებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი, რომლის დროსაც კოალიციამ ოფიციალურად დაწყებულად გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანია.

აქციის დაწყება სამი საათისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე უკვე შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი. აქციის მონაწილეები მოედნისკენ ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი ორგანიზებულად, თბილისის რამდენიმე უბნიდან დაიძრა. ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე ორგანიზატორები იმედიანად იყვნენ - მსვლელობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც რადიო თავისუფლება რესპუბლიკური პარტიის ლიდერსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს დაუკავშირდა. მან ჩვენს რადიოს აქციის მსვლელობის დეტალები გააცნო - თქვა, რომ თავისუფლების მოედნისკენ მომიტინგეთა სამი ორგანიზებული ჯგუფი მიემართებოდა - დიდუბიდან, ვაკის პარკიდან და ავლაბრიდან.

მსვლელობა კარგად ორგანიზებული ჩანდა - კოლონას წინ მიუძღვებოდნენ ”ქართული ოცნების” მაისურებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ხელჩაკიდებულნი ათავისუფლებდნენ გზას და აკონტროლებდნენ, რომ კოლონა ერთ რიგად წამოსულიყო. ფილარმონიასთან სამი კოლონა შეერთდა და ერთიანად დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ, რომელიც ამ დროს უკვე გაჭედილი იყო მანამდე მისულებით. სულ იქ, სხვადასხვა შეფასებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

მომიტინგეებს გამომსვლელთა თვალის დევნება შეეძლოთ როგორც თბილისის საკრებულოს წინ აღმართულ სცენაზე, ისე მონიტორებზე, რომელიც დამონტაჟებული იყო თავისუფლების მოედანზე და რუსთაველზე, თუმცა გამომსვლელიც ბევრი არ ყოფილა - რამდენიმე სიტყვის შემდეგ თავისუფლების მოედანზე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მივიდა, რომლის გამოჩენასაც იქ შეკრებილნი ოვაციებით შეხვდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქცია


ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ. შემდეგ კი მან ახსნა, თუ რას ნიშნავს მისთვის „ქართული ოცნება“.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დღევანდელი შეკრება იყო დასაწყისი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისა. მან გამოთქვა რწმენა, რომ კოალიცია გაიმარჯვებს, თუმცა დაამატა, რომ ამისათვის მხოლოდ თავგანწირვა არ არის საკმარისი და მიზნის მისაღწევად საჭიროა გეგმა, რომელიც, მისი თქმით, კოალიციას უკვე შემუშავებული აქვს. მან ასევე თქვა, რომ ამ პროცესის უკუქცევას ხელისუფლება ვეღარ შეძლებს.

ბიძინა ივანიშვილმა უცხოეთის როლზეც ილაპარაკა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან თქვა, რომ დემოკრატიული ქვეყნები დღეს სწორედ მათ გვერდით არიან. ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ ერთი კაციაო, - თქვა მან.

ბიძინა ივანიშვილს გამოსვლისას ხშირად უწევდა პაუზების გაკეთება, მის ნათქვამს ხალხი ოვაციებით ხვდებოდა და დროდადრო ქართული ოცნების ლიდერის სახელს სკანდირებდა.

აქცია ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ მალევე დასრულდა, ოღონდ მანამდე ბერა ივანიშვილი ავიდა სცენაზე და სიმღერა შეასრულა. აქციის ბოლოს კი კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეს იყო დასაწყისი და რომ აქციები გაგრძელდება. შემდეგი მიტინგი 7 ივნისს ჩატარდება ქუთაისში.